ყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
პოლიტიკური სატირა ეფუძნება პოლიკარპე კაკაბაძის მოთხრობას — „ყვარყვარე თუთაბერი“-ს[1], რომელიც მოგვითხრობს 1917 წლების პოლიტიკური მოვლენების დროს ერთი ავანტიურისტი კაცის თავგადასავალს, რომელიც შემთხვევითი გარემოებების შედეგად აღიარებულ იქნა სახალხო გმირად. დევნილი სოციალისტის ნაცვლად მეფის ჯარისკაცები წისქვილში უსაქმურ ნაცარქექიას, ყვარყვარეს შეიპყრობენ. ყვარყვარეს თავის მართლება ვერ უშველის, პროკლამაციების გავრცელებას და მეფის წინააღმდეგ აჯანყების ხელმძღვანელობას დასწამებენ. ცნობა მეფის გადადგომის შესახებ ყველაფერს თავდაყირა დააყენებს, ყვარყვარე რევოლუციის გმირად იქცევა. ნაცარქექია მდგომარეობას შეიფერებს. ქალაქის მესვეურებს ახალი დემოკრატიული სახელმწიფოს აშენებას დაპირდება, მოწინაღმდეგეებს და გაურკვევლობით დაბნეულ ადამიანებს კი ციხეში შეყრის. თვითმარქვია მედროვის თვალთმაქცობა მალე გაირკვევა, ქალის კაბაში გადაცმული ყვარყვარე თავს გაქცევით უშველის.