ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პირველი ტომი (1950 წ.)

ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი (შემოკლ. ქ.ე.გ.ლ. ან ქეგლ) — ქართული სალიტერატურო ენის რვატომიანი აკადემიური ლექსიკონი (გამოიცა 1950-1964 წწ)[1]. მასზე მუშაობდა 150 მეცნიერი[2], მთავარი რედაქტორი იყო არნოლდ ჩიქობავა. ენათმეცნიერთა გარდა, მონაწილეობდნენ მწერლები და სხვადასხვა დარგის სპეციალისტები. ლექსიკონზე მუშაობა დაიწყო 1945 წელს. ქართული ლექსიკოგრაფიის ისტორიაში პირველად მასშია მოცემული სისტემატური დოკუმენტაცია. ლექსიკონისათვის შეიქმნა სადოკუმენტაციო ფონდი — XIX საუკუნის და თანამედროვე ქართველი მწერლების თხზულებებიდან ამოწერილი სიტყვების კარტოთეკა, რომელიც განუწყვეტლივ ივსება; (1982 წელს შეიცავდა 3 მილიონ ბარათს)[1]. ლექსიკონის გამოცემა 1971 წელს სახელმწიფო პრემიით აღინიშნა. პრემიის ლაურეატები გახდნენ მისი მთავარი რედაქტორი არნოლდ ჩიქობავა და ცალკეულ ტომთა რედაქტორები. ძირითადი ლექსიკოგრაფიული სიახლეა ის, რომ ლექსიკონში ზმნები მოცემულია აწმყოს ან მყოფადის მესამე პირის მხოლოობითი რიცხვის ფორმით (ფუძით). ლექსიკონი შეიცავს 112 949 სიტყვას, რომლებიც შემდეგნაირად ნაწილდება:

სრული სერია (1950—1964 წწ)
ტომი ასოები წელი ერთეულთა რაოდენობა
I , 1950
II 1951
III , 1953
IV , , , , , 1955
V , 1958 14541 სიტყვა, 1600 გამოთქმა
VI , , , , , , 1960
VII , , , , 1962
VIII , , , , , , , 1964

ლექსიკონში არსებითი სახელები მოცემულია მხოლოობითი რიცხვის სახელობით ბრუნვაში. ზმნა აწმყო დროის მესამე პირში. თუმცა, ორივე შემთხვევაში, ლექსიკურ ერთეულად მიჩნეულია მათი ფუძეები. მაგ.: ბავშვ–ი, თამაშობ–ს, ჰ–გავ–ს.

ერთტომეული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის ერთტომეული 1986 წელს გამოიცა 60 ათასიანი ტირაჟით. მასში შეირჩა 60 ათასამდე სიტყვა, შემცირდა სამეცნიერო ტერმინების, დიალექტური სიტყვებისა და უცხო სიტყვათა რაოდენობა. სამაგიეროდ, შევიდა 800–მდე ახალი სიტყვა, რომლებიც გამოვლინდა რვატომეულის გამოსვლის შემდეგ. ერთტოეულში ბევრი სიტყვის განმარტება დაიხვეწა რვატომეულტან შედარებით. თუმცა მისდამი მოთხოვნა იმდენად დიდი იყო, რომ ხელახლა გამოიცა 1990 წელს ორ ტომად, რომელიც ერთტომეულის პროტოტიპი იყო.[3]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ტ I
  • ჭაბაშვილი მ., ქსე, ტ. 10, გვ. 480, თბ., 1986

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 480, თბ., 1986 წელი.
  2. რატომ არის აქტუალური ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის ახალი რედაქციის გამოცემა?
  3. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის ერთტომეული, ნაკვეთი პირველი; 1990