ფრანჩესკო ფარნეზე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფრანჩესკო ფარნეზე
Anonym Herzog Francesco Farnese.jpg
პარმისა და პიაჩენცის ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 11 დეკემბერი, 1694
მმართ. დასასრული: 26 თებერვალი, 1727
წინამორბედი: რანუჩო II
მემკვიდრე: ანტონიო
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 19 მაისი, 1678
დაბ. ადგილი: პარმა, იტალია
გარდ. თარიღი: 26 თებერვალი, 1727, (48 წლის)
გარდ. ადგილი: პიაჩენცა, იტალია
მეუღლე: დოროთეა სოფია ნოიბურგელი
დინასტია: ფარნეზეები
მამა: რანუჩო II, პარმის ჰერცოგი
დედა: მარია დ’ესტე
რელიგია: კათოლიციზმი

ფრანჩესკო ფარნეზე (იტალ. Francesco Farnese; დ. 19 მაისი, 1678, პარმა, იტალია — გ. 26 თებერვალი, 1727, პიაჩენცა, იტალია) — ფარნეზეების დინასტიის წარმომადგენელი. პარმისა და პიაჩენცის ჰერცოგი 1694-1727 წლებში. ჰერცოგ რანუჩო II-ისა და მარია დ’ესტეს უფროსი ვაჟი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრანჩესკო დაიბადა 1678 წლის 19 მაისს პარმაში. იგი იყო პარმისა და პიაჩენცის ჰერცოგ რანუჩო II-ისა და მისი მესამე ცოლის, მარია დ’ესტეს უფროსი ვაჟი. მიუხედავად ამისა, მამამისს მეორე ცოლისაგან ჰყავდა ვაჟი, პრინცი ოდოარდო, რის გამოც ფრანჩესკო ტახტის მემკვიდრედ არ მოიაზრებოდა, მით უმეტეს, რომ ოდოარდოს ცოლთან ქალიშვილიც ჰყავდა და ელოდნენ, რომ ვაჟიც ეყოლებოდა.

ამ მიზეზების გამო მამამისი ფრანჩესკოს დაოჯახებაზე დიდად არც ფიქრობდა, თუმცა 1693 წელს, ყველასათვის მოულოდნელად, 27 წლის ოდოარდო უვაჟოდ გარდაიცვალა და ფრანჩესკო მამის პირველი მემკვიდრე გახდა. ამ ამბიდან მალევე, 1694 წლის 11 დეკემბერს გარდაიცვალა რანუჩო II-ც, რის შემდეგაც ფრანჩესკო ფარნეზე პარმისა და პიაჩენცის ჰერცოგი გახდა. უკვე 1696 წელს მან ცოლად შეირთო თავისი ძმის ქვრივი, დოროთეა სოფია ნოიბურგელი, რომელიც პფალცის კურფიურსტ ფილიპ ვილჰელმის ასული და ნახევარი ევროპის მონარქების ცოლისდა იყო.

1700 წლის ნოემბერში უშვილოდ გარდაიცვალა ესპანეთის მეფე კარლოს II, რითაც შეწყდა ჰაბსბურგთა დინასტიის ესპანური შტო და საფრანგეთსა და ავსტრიას შორის დაიწყო ომი ესპანური მემკვიდრეობისათვის. მიუხედავად იმისა, რომ კარლოს II-ს ცოლად მისი ცოლისდა, მარია ანა ნოიბურგელი ჰყავდა, ფრანჩესკომ ნეიტრალიტეტის შენარჩუნება სცადა და არცერთ მხარეს არ მიემხრო. მიუხედავად მისი მცდელობისა, საღვთო რომის იმპერატორ ლეოპოლდ I-ის ბრძანებით პრინცმა ევგენი სავოიელმა პარმის ანექსირება მოახდინა. 1705 წელს ლეოპოლდი გარდაიცვალა და ფრანჩესკოს იმედი ჰქონდა ავსტრიელებს გააძევებდა, თუმცა ტახტი მისმა ვაჟმა იოზეფ I-მა დაიკავა, რომელმაც პირიქით, პარმის თავის მფლობელობაში შეყვანა სცადა.

ამის გამო ფრანჩესკო ფარნეზე განუდგა ჰაბსბურგებს და ფრანგ ბურბონებს მიემხრო. 1714 წელს ჯულიანო ალბერონის დახმარებით ფრანჩესკომ თავისი ძმისწული ისაბელ ფარნეზე ცოლად ესპანეთის მეფე ფილიპე V-ს შერთო (თავის მხრივ ფილიპე ლუი XIV-ის შვილიშვილი იყო). იმავე წელს ომი ფრანგების გამარჯვებით დასრულდა. ესპანელთა დახმარებით პარმიდან გააძევეს ავსტრიელები, რის სანაცვლოდაც უნაყოფო ფრანჩესკოს უნდოდა, რომ მის შემდეგ პარმის ტახტი ისაბელ ფარნეზეს უფროს ვაჟს, დონ კარლოს ესპანელს გადასცემოდა, თუმცა ეს ფაქტი მისმა ძმამ, ანტონიო ფარნეზემ დიდად გააპროტესტა, მიუხედავად იმისა, რომ თავადაც უშვილო იყო.

ფრანჩესკო ფარნეზე 1727 წლის 26 თებერვალს, 48 წლის ასაკში გარდაიცვალა, რის შემდეგაც ტახტი ანტონიო ფარნეზემ დაიკავა, რომელიც 1731 წელს ასევე უშვილოდ დაიღუპა, რითაც შეწყდა ფარნეზეთა გვარი და ფრანჩესკოს ანდერძის თანახმად პარმის ტახტი ისაბელის შვილებს გადაეცათ, რომლებიც XIX საუკუნის ბოლომდე მართავდნენ საჰერცოგოს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Armstrong, Edward (1892). Elisabeth Farnese: "The Termagent of Spain". Longmans, Green, & Co: New York.
  • Solari, Giovanna (1968). The House of Farnese: A Portrait of a Great Family of the Renaissance. Doubleday & Company: New York.
  • Acton, Harold (1956). The Bourbons of Naples (1734–1825). Methuen & Co: London.