შინაარსზე გადასვლა

პიერო ლუიჯი ფარნეზე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პიერო ლუიჯი ფარნეზე
პარმისა და პიაჩენცის ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 16 სექტემბერი, 1545
მმართ. დასასრული: 10 სექტემბერი, 1547
წინამორბედი: წოდება შეიქმნა
მემკვიდრე: ოტავიო ფარნეზე
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 19 ნოემბერი, 1503
გარდ. თარიღი: 10 სექტემბერი, 1547, (43 წლის)
მეუღლე: ჯიროლამა ორსინი
შვილები: ალესანდრო, კარდინალი
ვიტორია, ურბინოს ჰერცოგინია
ოტავიო, პარმის ჰერცოგი
ორაციო, კასტროს ჰერცოგი
რანუციო, კარდინალი
დინასტია: ფარნეზეები
მამა: პავლე III, რომის პაპი
დედა: სილვია რუფინი
რელიგია: კათოლიციზმი

პიერო ლუიჯი ფარნეზე (იტალ. Piero Luigi Farnese; დ. 19 ნოემბერი, 1503 — გ. 10 სექტემბერი, 1547) — ფარნეზეების დინასტიის წარმომადგენელი. პარმისა და პიაჩენცის პირველი ჰერცოგი 1545-1547 წლებში. რომის პაპ პავლე III-ის უკანონო ვაჟი.

პიერო ლუიჯი დაიბადა 1503 წლის 19 ნოემბერს რომში. იგი იყო კარდინალ ალესანდრო ფარნეზესა და მისი საყვარლის, სილვია რუფინის უფროსი, უკანონო ვაჟი. 1534 წელს მამამისი რომის პაპად აირჩიეს პავლე III-ის სახელით. მამა მას გულუხვად ასაჩუქრებდა, 1537 წელს კი კასტროს ჰერცოგობაც უბოძა. 1538 წელს იგი პაპის ელჩი იყო საღვთო რომის იმპერატორ კარლ V-ის კარზე, რა დროსაც იმპერატორისაგან მან ნოვარას მარკგრაფობა მიიღო. პაპმა თავისი ნეპოტიზმური დამოკიდებულება განსაკუთრებით მაშინ გამოამჟღავნა, როდესაც 1545 წელს პიერო ლუიჯის პარმისა და პიაჩენცის ჰერცოგობა უბოძა. სწორედ ამის შემდეგ იწყება ფარნეზეების ორასწლოვანი მმართველობა პარმაში.

პიერო ლუიჯის ჰერცოგად დანიშვნას მტრულად შეხვდნენ პარმელები, რასაც საბოლოოდ აჯანყება და მისი ქალაქიდან გაძევება მოჰყვა. პარალელურად პიაჩენცა იმპერატორის ჯარებმა დაიკავეს, თუმცა პიერო ლუიჯი ბრძოლას არ წყვეტდა და პარმაზე რამდენიმე იერიში მიიტანა. იგი ერთ-ერთი ასეთი იერიშისას, 1547 წლის 10 სექტემბერს მოკლეს, 43 წლის ასაკში. ამის შემდეგ ტახტი მისმა ვაჟმა, ოტავიომ დაიკავა, რომელსაც პარმელებმა ქალაქის კარიბჭე უბრძოლველად გაუხსნეს.

1519 წელს პიერო ლუიჯიმ ცოლად შეირთო რომაელი დიდებულის, ლუდოვიკო ორსინისა და მისი ცოლის, ჯულია კონტის ქალიშვილი ჯიროლამა ორსინი, რომელთანაც შეეძინა ხუთი შვილი:

  1. ალესანდრო (1520-1589), კარდინალი;
  2. ვიტორია (1521-1602), ცოლად გაჰყვა ურბინოს ჰერცოგ გუიდობალდო დელა როვერეს, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  3. ოტავიო (1524-1586), პარმის ჰერცოგი. ცოლად შეირთო კარლ V-ის ასული მარგარეტ ავსტრიელი, რომელთანაც შეეძინა მომავალი ჰერცოგი ალექსანდრე;
  4. რანუციო (1530-1565), კარდინალი;
  5. ორაციო (1532-1553), კასტროს ჰერცოგი. ცოლად შეირთო ანრი II-ის ასული დიანა ფრანგი, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  • Williams, George L. "Papal Genealogy: The Families and Descendants of the Popes". McFarland & Co Inc, 2004. 76. ISBN 0-7864-2071-5
  • Giovanni Drei, I Farnese, Parma, 1950
  • Knight, Charles. "Farnese", Biography: Or, Third Division of "The English Encyclopedia", Vol. 2, 1867
  • Dall'Orto, G., 'Un avo poco presentabile', Babilonia, 162, January 1998