რობერტო I (პარმის ჰერცოგი)
რობერტო I პარმელი | |
---|---|
პარმის, პიაჩენცისა და გუასტალის ჰერცოგი | |
მმართ. დასაწყისი: | 27 მარტი, 1854 |
მმართ. დასასრული: | 9 ივნისი, 1859 |
წინამორბედი: | კარლო III |
მემკვიდრე: | იტალიის გაერთიანება |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 9 ივლისი, 1848 |
დაბ. ადგილი: | ფლორენცია, იტალია |
გარდ. თარიღი: | 16 ნოემბერი, 1907, (59 წლის) |
გარდ. ადგილი: | ლუკა, იტალია |
მეუღლე: |
მარია პია დე ბურბონ-სიცილიელი (ქ. 1869 - გარდ. 1882) მარია ანტონია პორტუგალიელი (ქ. 1884) |
შვილები: |
მარია ლუიზა, ბულგარეთის დედოფალი ენრიკე, პარმის ჰერცოგი ჯუზეპე, პარმის ჰერცოგი ელია, პარმის ჰერცოგი სიქსტუსი სავერიო, პარმის ჰერცოგი ზიტა, ავსტრია-უნგრეთის იმპერატრიცა ფელიჩე, ლუქსემბურგის პრინცი რენე |
დინასტია: | ბურბონები |
მამა: | კარლო III, პარმის ჰერცოგი |
დედა: | ლუიზ მარი ტერეზ არტუელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
რობერტო I პარმელი (იტალ. Roberto I di Parma; დ. 9 ივლისი, 1848, ფლორენცია, იტალია — გ. 16 ნოემბერი, 1907, ლუკა, იტალია) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. პარმის, პიაჩენცისა და გუასტალის უკანასკნელი ჰერცოგი 1854-1859 წლებში. ბურბონ-პარმელთა დინასტიის მეთაური 1859 წლიდან გარდაცვალებამდე. ბულგარეთის დედოფალ მარია ლუიზას, ავსტრია-უნგრეთის იმპერატრიცა ზიტასა და ლუქსემბურგის პრინც-კონსორტ ფელიჩეს მამა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რობერტო დაიბადა 1848 წლის 9 ივლისს ფლორენციაში. იგი იყო პარმის, პიაჩენცისა და გუასტალის ჰერცოგ კარლო III-ისა და მისი ცოლის, საფრანგეთის მეფე შარლ X-ის შვილიშვილ ლუიზ მარი ტერეზ არტუელის ვაჟი. როდესაც იგი სულ ექვსი წლის იყო, 1854 წელს მამა გარდაეცვალა და პარმის ჰერცოგი გახდა რობერტო I-ის სახელით. ცხადია, რომ მას მცირეწლოვნების გამო რეგენტად დედამისი დაენიშნა, მაგრამ მისი მმართველობა დიდ ხანს არ გაგრძელებულა და 1859 წელს, რისორჯიმენტოს პირობებში პარმის საჰერცოგომ არსებობა შეწყვიტა და იტალიის სამეფოს დაქვემდებარებაში შევიდა.
დამხობილი რობერტო დედასა და დებთან ერთად პარმიდან რომში გადასახლდა და თავი პაპს შეაფარა. ვინაიდან რომის პაპის ოლქი უკანასკნელი იტალიური სახელმწიფო იყო, რომელიც ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას, ჩამოგდებულმა იტალიელმა მონარქებმა სწორედ მას მიაშურეს. მიუხედავად ამისა, მას მაინც დიდი მემკვიდრეობა დარჩა, იმდენად დიდი, რომ სიცოცხლის ბოლომდე შეეძლო ფუფუნებაში ეცხოვრა. ამის გამო იგი პერიოდულად ავსტრიასა და საფრანგეთში მდებარე თავის შატოებში დადიოდა დასასვენებლად. მისი ფავორიტი შატო დე შამბორი იყო.
ამრიგად, მას არ ჰქონია რაიმე პოლიტიკური გავლენა და მთელი თავისი ცხოვრება ცოლ-შვილთან ერთად გაატარა საფრანგეთში, იტალიასა და ავსტრიაში, თავის მდიდრულ სასახლეებში.
რობერტო I გარდაიცვალა 1907 წლის 16 ნოემბერს ლუკაში, 59 წლის ასაკში. მის შემდეგ ნომინალური ჰერცოგის ტახტზე ერთმანეთი მისმა ოთხმა ვაჟმა შეცვალა, მისი ორი ქალიშვილი ევროპის ორი მონარქის მეუღლე გახდა, ხოლო მისი ვაჟი ფელიჩეს შთამომავლები დღემდე მართავენ ლუქსემბურგს.
ქორწინებები და შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1869 წლის 5 აპრილს რომში რობერტომ ცოლად შეირთო პრინცესა მარია პია დე ბურბონ-სიცილიელი (1849-1882), ორი სიცილიის მეფე ფერდინანდ II-ისა და დედოფალ მარია ტერეზია ავსტრიელის ქალიშვილი. აღსანიშნავია, რომ რობერტოს ბებია, მარია კაროლინა სიცილიელი და მარია პიას მამა, ფერდინანდ II და-ძმანი იყვნენ, რაც მათ მეორე თაობის ბიძაშვილებად აქცევდათ, რამეთუ მარია კაროლინაცა და ფერდინანდიც მეფე ფრანჩესკო I-ის შვილები იყვნენ.
მარია პიასა და რობერტოს სულ თორმეტი შვილი შეეძინათ, თავად მარია პია კი მშობიარობას გადაჰყვა. მათი შვილები იყვნენ:
- მარია ლუიზა (1870-1899), ცოლად გაჰყვა ბულგარეთის მეფე ფერდინანდ I-ს, რომელთანაც შეეძინა ოთხი შვილი, მათ შორის მომავალი მეფე ბორის III;
- ფერდინანდო (1871), გარდაიცვალა ჩვილი;
- ლუიზა მარია (1872-1943), გარდაიცვალა გაუთხოვარი;
- ენრიკე (1873-1939), პარმის ნომინალური ჰერცოგი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
- მარია იმაკულატა (1874-1914), გარდაიცვალა გაუთხოვარი;
- ჯუზეპე (1875-1950), პარმის ნომინალური ჰერცოგი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
- მარია ტერეზა (1876-1959), გარდაიცვალა გაუთხოვარი;
- მარია პია (1877-1915), გარდაიცვალა გაუთხოვარი;
- ბეატრიჩე (1879-1946), გარდაიცვალა გაუთხოვარი;
- ელია (1880-1959), პარმის ნომინალური ჰერცოგი. ცოლად შეირთო ერცჰერცოგინია მარია ანა ავსტრიელი, რომელთანაც შეეძინა შვილები;
- მარია ანასტასია (1881), გარდაიცვალა ჩვილი;
- ავგუსტა (1882), გარდაიცვალა ჩვილი;
დაქვრივების შემდეგ, 1884 წლის 15 ოქტომბერს რობერტო დაქორწინდა ინფანტა მარია ანტონია პორტუგალიელზე (1862-1959), პორტუგალიის მეფე მიგელ I-ისა და დედოფალ ადელაიდა ფონ ლოივენშტაინ-ვერთაიმ-როზენბერგის ქალიშვილზე. აღსანიშნავია, რომ რობერტო და მარია ანტონია ბიძაშვილები იყვნენ, რამეთუ ანტონიას ბებია, კარლოტა ხოაკინა ესპანელი და რობერტოს ბებია, მარია ლუისა ესპანელი ღვიძლი დები და მეფე კარლოს IV-ის ქალიშვილები იყვნენ. რობერტოს მასთან კიდევ თორმეტი შვილი შეეძინა:
- მარია ადელაიდა (1885-1959), მონაზონი;
- სიქსტუსი (1886-1934), ცოლად შეირთო ჰედვიგ დე ლა როშფოკოლდი, რომელთანაც შეეძინა ერთი გოგონა;
- სავერიო (1889-1977), პარმის ნომინალური ჰერცოგი. ცოლად შეირთო მადლენ დე ბურბონ-ბასეტი, რომელთანაც შეეძინა შვილები;
- ფრანჩესკა (1890-1978), მონაზონი;
- ზიტა (1892-1989), ცოლად გაჰყვა ავსტრია-უნგრეთის იმპერატორ კარლ I-ს, რომელთანაც შეეძინა შვილები;
- ფელიჩე (1893-1970), ცოლად შეირთო ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგინია შარლოტა, რომელთანაც შეეძინა შვილები, მათ შორის მომავალი დიდი ჰერცოგი ჟანი;
- რენე (1894-1962), ცოლად შეირთო პრინცესა მარგრეტე დანიელი, რომელთანაც შეეძინა შვილები, მათ შორის რუმინეთის დედოფალი ანა დე ბურბონ-პარმელი;
- მარია ანტონია (1895-1977), მონაზონი;
- იზაბელა (1898-1984), გარდაიცვალა გაუთხოვარი;
- ლუიჯი (1899-1967), ცოლად შეირთო პრინცესა მარია ფრანჩესკა სავოიელი, რომელთანაც შეეძინა შვილები;
- ენრიკეტა (1903-1987), დაბადებიდან იყო სმენადაქვეითებული, გარდაიცვალა გაუთხოვარი;
- გაეტანო (1905-1958), ცოლად შეირთო პრინცესა მარგარეტ ფონ თურნ უნდ ტაქსისი, რომელთანაც შეეძინა ერთი გოგონა;
წინაპრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- "Beatrice de Bourbon-Parme". Mariees du Gotha. Archived from the original on 2015-05-09.
- Willis, Daniel, The Descendants of Louis XIII, Clearfield Co., Inc., Baltimore, Maryland, 1999, ISBN 0-8063-4942-5, p. 342.
- Beate Hammond: "Maria Theresia, Elisabeth, Zita; Jugendjahre großer Kaiserinnen", Ueberreuter 2002
- "Maria de Savoie". Mariees du Gotha. Archived from the original on 2015-05-09.
- Almanacco di corte: per l'anno ... 1852. Tipografia Reale. 1852. p. 28.
- "Caballeros de la insigne orden del toisón de oro". Guía Oficial de España (in Spanish). 1887. p. 146. Retrieved 21 March 2019.
|