შინაარსზე გადასვლა

არაგვის ხეობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არაგვის ხეობა
მდინარე არაგვი

არაგვის ხეობახეობა ქართლის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. არაგვის ხეობაში აღმოჩენილია ძველი ქვის ხანის (ბაზალეთის პლატო), ადრინდელი ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური ძეგლები (დიდველი-ხადას ხეობა, ჟინვალი, არაგვისპირი). ცნობილია ხადის, ჭიკაანის, ჩაბახურის, ფასანაურის, ჟინვალის, დუშეთის, ბულაჩაურის გვიანდელი ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური ძეგლები. არაგვისა და მტკვრის შესართავთან უკვე ბრინჯაოს ხანაში ყოფილა დიდი დასახლება, რომლის საფუძველზე ანტიკურ ეპოქაში ქართლის (იბერიის) სამეფოს ძველი დედაქალაქი მცხეთა წარმოიქმნა.

წინაელისტურ არაგვზე გადიოდა აღმოსავლეთი საზღვარი ზენა სოფლისა, რომელსაც შემდგომში შიდა ქართლი და სასპასპეტო ეწოდებოდა. იგივე არაგვი იყო, ერთი მხრით, ქართლისა და, მეორე მხრით, კახეთ-კუხეთის, ხოლო მოგვიანო ხანებში კახეთის საზღვარი (IX-XI სსუკუნეებში კახეთის სამთავროს გაძლიერებასთან დაკავშირებით, ქართლ-კახეთის საზღვარი ქსნის ხეობაზე გადიოდა. გვიან საუკუნეებში ქართლისა და კახეთის სამეფოთა საზღვარი არაგვსა და გუდამაყრის ქედს გასდევდა).

არაგვის ხეობაზე უძველესი დროიდან გადიოდა ჩრდილოეთ კავკასიის დამაკავშირებელი გზა ამიერკავკასიასა და მახლობელ აღმოსავლეთთან. ბერძენი გეოგრაფი სტრაბონი მის შესახებ აღნიშნავს: „ჩრდილოეთით მცხოვრები მომთაბარეებიდან დაახლოებით სამი დღის ძნელი ამოსასვლელია, ხოლო ამის შემდეგ არის საცალფეხო გზა მდინარე არაგოსის ვიწრო ხეობაში, დაახლოებით ოთხი დღის სავალი, ხოლო გზის ბოლო ძნელად ასაღები კედლით არის გამაგრებული“ (ყაუხჩიშვილი თ., სტრაბონის გეოგრაფია, 1957, გვ. 129). ქართული წყაროების მიხედვით არაგვის ხეობის მთიანი ნაწილი წმ. ნინოს (IV ს.) ადრეული სამისიონერო მოღვაწეობის სფერო იყო, ადრინდელი ფეოდალური ხანიდან არაგვის ხეობაში შედიოდა რამდენიმე თემი: ფხოვი (ფშავ-ხევსურეთი), გუდამაყარი (გუდამაყრის ხევი), წილკანი (თეთრი არაგვის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორია, შემდგომდროინდელი ხადა), ცხავატი - ტერიტორია სოფ. ქვეშეთის სამხრეთით, მთიულთკარამდე (ახლანდელი სოფ. ხამუშა). თავდაპირველად ცხავატი, ხოლო შემდეგ ხადა-ცხავატი შეადგენდა მთიულეთს. ხეობის ნაწილს მთიულთკარის სამხრეთით, დაახლოებით ანანურამდე, ეწოდებოდა ჭართალი, ხოლო მის სამხრეთით ვრცელ თემს - ბაზალეთი, რომელიც სამუხრანომდე აღწევდა, ხეობის სამხრეთ-აღმნოსავლეთ ნაწილი (არაგვის მარცხენა ნაპირი) შეადგენდა წობენისა და ხერკის ანუ საგურამოს თემებს.

არაგვის ხეობა წილკნის საეპისკოპოსოში შედიოდა, ადმინისტრაციულა — ქართლის საერისთავოში, რომელსაც მონღოლთა ბატონობის დროიდან გამოეყო არაგვის საერისთავო. არაგვის ხეობაში XI-XIII საუკუნეებში განსაკუთრებულ აღმავლობას მიაღწია ქ. ჟინვანმა (ჟინვალი), რომელიც ამ მუნიციპალიტეტში სამეფო ხელისუფლების დასაყრდენი იყო.

არაგვის ხეობა არაერთხელ ყოფილა როგორც ჩრდილოეთიდან, ისე სამხრეთიდან შემოსეულ დამპყრობლებთან ბრძოლის ასპარეზი. იგი ავბედობის დროს ქართლის ბარის მცხოვრებთა თავშესაფარიც იყო.

1881 წლიდან საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ, არაგვის ხეობაზე გამავალი გზის მნიშვნელობა გაიზარდა. მოსახლეობას დაეკისრა გზის შეკეთება-გაფართოების სამუშაოები, ჯარის სურსათითა და ტრანსპორტით უზრუნველყოფა, მძიმე ბეგარამ მთიულეთის მოსახლეობის აჯანყება გამოიწვია (მთიულეთის აჯანყება 1804). დასაწყისში არაგვის ხეობა ადმინისტრაციულად შედიოდა დუშეთის მაზრაში. ახლანდელი ადმინისტრაციული დაყოფით ამ ტერიტორიის ნაწილი დუშეთის მუნიციპალიტეტში შედის, ნაწილი მცხეთისაში.