სიმონ ჯუღელი
სიმონ პილატეს ძე ჯუღელი (დ. 8 ნოემბერი [ძვ. სტ. 27 ოქტომბერი], 1888, სოფ. სვირი, ქუთაისის მაზრა, ახლანდელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, — გ. 14 აპრილი, 1935, თბილისი) — ქართველი ფარმაცევტი და რევოლუციონერი, საბჭოთა პარტიული და სახელმწიფო მოხელე. რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა (ბოლშევიკური) პარტიის წევრი 1907 წლიდან.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დასრულების შემდეგ დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის ფარმაცევტული ფაკულტეტი და პროფესიული საქმიანობა სოხუმში დაიწყო. იქვე აქტიურად ჩაება პოლიტიკურ მოღვაწეობაში და 1910 წელს სოხუმში ფარმაცევტთა არალეგალური პროფკავშირი ჩამოაყალიბა, რის გამოც 1915 წელს დააპატიმრეს და სოხუმიდან გაასახლეს. ჯუღელმა ფარმაცევტული და რევოლუციური საქმიანობა თბილისში განაგრძო. 1917 წელს თებერვლის რევოლუციის შემდეგ მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა საქართველოს აფთიაქების მუშაკთა პროფკავშირი, რომლის თავმჯდომარედაც თვითონვე აირჩიეს.
საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში (1918-1921) ჯუღელი თბილისის ბოლშევიკური კომიტეტის და არალეგალური ბოლშევიკური პროფსაბჭოს ცენტრში მუშაობდა, რის გამოც 1919-1920 წლებში დაპატიმრებული იყო. გათავისუფლების შემდეგ პარტიული და პროფესიული მუშაობა ვლადიკავკაზში განაგრძო: შექმნა მედიცინის მუშაკთა პროფკავშირი, აირჩიეს „მედსანშრომის“ საოლქო პროფკავშირის თავმჯდომარედ და შეიყვანეს რუსეთის კომპარტიის ვლადიკავკაზის საოლქო კომიტეტში. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების იძულებითი დამყარების (1921) შემდეგ ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობდა. პარტიაში სხვადასხვა დროს იყო საკავშირო კომპარტიის ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის და თბილისის კომიტეტის, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური საკონტროლო კომისიის წევრი. ასევე იკავებდა მნიშვნელოვან სახელმწიფო პოსტებს, მ. შ., 1924-1928 წლებში იყო საქართველოს სსრ სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, შემდეგ — საქართველოს სსრ და ამიერკავკასიის სფსრ მიწათმოქმედების სახალხო კომისარი, საქართველოს სსრ საგეგმო კომისიის თავმჯდომარე, სასოფლო-სამეურნეო ბანკის გამგეობის თავმჯდომარე, ტრესტ „საქართველოს ჩაი“-ს მმართველი. 1935 წელს აირჩიეს თბილისის მუშათა, გლეხთა და წითელარმიელთა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარედ.
სიმონ ჯუღელი მოულოდნელად გარდაიცვალა 1935 წლის 14 აპრილს, სამსახურში ყოფნისას. მისი დაკრძალვა თბილისში, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში საბჭოთა ხელისუფლებამ გრანდიოზულ მანიფესტაციად აქცია. ჯუღელის სახელი მიანიჭეს ქალაქ ზესტაფონს და ზესტაფონის რაიონს. 1937 წელს, მასობრივი რეპრესიების დროს, ლავრენტი ბერიამ საქართველოს კომპარტიის ცეკას პლენუმზე წაკითხულ მოხსენებაში ჯუღელი სახალხო მეურნეობის სფეროში მავნებლურ საქმიანობაში და 1924 წლის აგვისტოს აჯანყებასთან კავშირში დაადანაშაულა. ჯუღელის ნეშტი მთაწმინდიდან მალევე გადაასვენეს. მისი 37 წლის ქვრივი ნინო ჯუღელი-საბახტარაშვილი დააპატიმრეს და მეუღლეზე — სიმონ ჯუღელზე ტერაქტის განხორციელების ბრალდებით დახვრიტეს 1938 წლის 4 მარტს. ჯუღელი რეაბილიტირებული იქნა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო პროკურატურის დადგენილებით 1956 წელს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გეგეშიძე ზ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 580.
- ხვადაგიანი, ირაკლი. ჭონქაძის 12-ის ისტორია. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის საზოგადოებრივი არქივი, 2012.