შინაარსზე გადასვლა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ზესტაფონის რაიონი)
ადმინისტრაციული ერთეული
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
დროშა გერბი

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
ადმ. ცენტრი ზესტაფონი
კოორდინატები 42°06′30″ ჩ. გ. 43°02′30″ ა. გ. / 42.10833° ჩ. გ. 43.04167° ა. გ. / 42.10833; 43.04167
მერი ვახტანგ ღამბაშიძე     
ფართობი 423 კმ²
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 57 628 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 136,0 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,54 %
რუსები 0,21 %
სომხები 0,07 %
უკრაინელები 0,07 %[1]
სარწმუნოებრივი შემადგენლობა მართლმადიდებლები 99,03 %[2]
სასაათო სარტყელი UTC+04:00
ოფიციალური საიტი https://zestafoni.gov.ge/

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი — თვითმმართველი ერთეული (თემი) დასავლეთ საქართველოში (იმერეთის მხარე).

მდებარეობს კოლხეთის დაბლობის აღმოსავლეთ ნაწილში (იმერეთის დაბლობი). აღმოსავლეთით ესაზღვრება ჭიათურის, სამხრეთ-აღმოსავლეთით — ხარაგაულის, ჩრდილოეთით — თერჯოლის, სამხრეთ-დასავლეთით — ბაღდათის მუნიციპალიტეტები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფართობი 423,7 კმ²-ია, მოსახლეობა (2014) — 57 628 კაცი. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ზესტაფონი.

არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით დღევანდელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორია უძველესი დროიდან იყო დასახლებული. ბრინჯაოსა და ადრერკინის ხანაში ის კოლხური კულტურის ზონაში ხვდება. განსაკუთრებით დაწინაურებული ჩანს იგი ელინისტურ და გვიანდელ ანტიკურ ხანაში. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე შორაპნის ციხე მოხსენიებული აქვს სტრაბონს თავის გეოგრაფიაში. სოფელ ზედა კლდეეთში აღმოჩენია II საუკუნის მდიდრული სამაროვანი.

საქართველოს სამეფოს ერთიანობის ხანაში, დღევანდელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლების დიდი ნაწილი ეკუთვნოდა ლომსიანის მხარეს, რომელსაც მოგვიანებით ლომსიათხევს უწოდებდნენ. 1846 წელს, ქუთაისის გუბერნიის შექმნის შემდეგ, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლები, ცალკეული საზოგადოებების სახით, შორაპნის მაზრის ყვირილის უბანში შედიოდა. 1918–1930 წლებში ისევ შორაპნის მაზრაშია, 1930 წელს კი გამოიყო ზესტაფონის რაიონად, 2006 წლიდან მუნიციპალიტეტია.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამოიყოფა 4 ოროგრაფიული ერთეული: მდ. ყვირილის ორივე მხარეს სადგურ აჯამეთიდან ზესტაფონამდე ვრცელდება იმერეთის დაბლობი, რომლის აბსოლუტური სიმაღლე 90–200 მ-ია; სამხრეთით და ნაწილობრივ აღმოსავლეთით 200–500 მ სიმაღლის გორაკ-ბორცვიანი ზონაა; აღმოსავლეთი ნაწილი უკავია იმერეთის მაღლობის სამხრეთ-დასავლეთ მონაკვეთს; სამხრეთით აღმართულია მდინარეების ყვირილისა და საკრაულის დაბალი წყალგამყოფი ქედი (მწვერვალები: საფიშლისთავი 1088 მ, კვიწნარი 1013 მ), რომლის ჩრდილოეთი კალთა ზესტაფონის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის.

დაბლობი აგებულია ახალგაზრდა ალუვიონით, რომელშიც გამომუშავებულია მდ. ყვირილის განიერი აკუმულაციური ტერასები. გორაკ-ბორცვიანი ზონა აგებულია ოლიგოცენური და მიოცენური ასაკის თიხებით, ქვიშაქვებითა და მერგელებით. ზედაპირი დანაწევრებულია ყვირილის შენაკადებით, ფერდობები დამეწყრილია. იმერეთის მაღლობი ძირითადად განვითარებულია ძირულის მასივზე, რომელიც მდ. ყვირილის მარჯვენა მხარეს მდ. ძუსამდე ვრცელდება. მუნიციპალიტეტის ფარგლებში მაღლობი აგებულია კამბრიულისწინა და პალეოზოური ასაკის კრისტალური ფიქლებით, გნაისებითა და გრანიტოიდებით. მაღლობის სამხრეთ ნაწილში გაშიშვლებულია ლიასური თიხაფიქლები და ქვიშაქვები, აგრეთვე ბაიოსური პორფირიტები, ტუფები და ტუფ-ბრექჩიები. ყვირილისა და საკრაულის წყალგამყოფი ქედი უმთავრესად აგებულია ძლიერ დანაოჭებული ეოცენური ტუფ-ბრექჩიებითა და მერგელებით.

მდ. ძირულა ქვედა წევასთან

წიაღისეული სიმდიდრიდან აღსანიშნავია კირქვა და ქალცედონი სოფ. აჯამეთთან, კვარცი — სოფ. დილიკაურთან, შროშის მარმარილოსა და ცეცხლგამძლე თიხის საბადოები.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაბლობ ზონაში ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და შედარებით მშრალი, ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 14°C აღწევს (საქარა 13,9°C, აჯამეთი 14,1°C), იანვრის საშუალო ტემპერატურა — 3,7–4,3°C, აგვისტოს — 23,6–23,9°C; აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურაა –20°C, აბსოლუტური მაქსიმალური — 42°C. ნალექები 1200 მმ წელიწადში, მაქსიმალური — ზამთარში, მინიმალური — ზაფხულში. გორაკ-ბორცვიან და დაბალმთიან ზონაში ჰაერის ტემპერატურა რამდენადმე დაბალია, ნალექები უფრო უხვია. მუნიციპალიტეტში გაბატონებულია აღმოსავლეთის (ფიონური) და დასავლეთის ქარები. ზესტაფონამდე ზოგჯერ ზღვის ბრიზიც აღწევს.

მდინარეთა შორის მთავარია ყვირილა, ძირულა, ჩოლაბური, ჩხერიმელა და მათი შენაკადები. მდინარეები საზრდოობენ წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ზაფხულ-შემოდგომაზე.

ნიადაგი დაბლობზე ალუვიურია, ტერასებზე — სუბტროპიკული ეწერი. გორაკ-ბორცვიანი ზონა უჭირავს კორდიან-კარბონატულ ნიადაგს; ძლიერ დახრილ კალთებზე მცირე სისქის ხირხატიანი სახესხვაობებია, ხოლო დამრეც კალთებზე — დიდი სისქის გამოტუტვილი და თიხიანი კორდიან-კარბონატული ნიადაგები. მუნიციპალიტეტის აღმოსავლეთ ნაწილში არის გაეწრებული ტყის ყომრალი ნიადაგი. მდინარეების ყვირილისა და საკრაულის წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთ კალთაზე გავრცელებულია ტყის ყომრალი ნიადაგი.

დაბლობ და გორაკ-ბორცვიან ზონაში გავრცელებულია კოლხური ტყე, რომლის მთავარი შემადგენელი ჯიშებია: რცხილა, მუხა, წიფელი, წაბლი, მურყანი, აგრეთვე ლაფანი და სხვ. ქვეტყეს ქმნის მარადმწვანე (ბაძგი, წყავი, თაგვისარა) და ფოთოლმცვივანი (თხილი, კვიდო, კუნელი, ძახველი, ხეჭრელი, იელი, ზღმარტლი და სხვ.) ბუჩქები. ლიანებიდან ხარობს ეკალღიჭი, მაყვალი, კატაბარდა, სურო და სხვ. ტყეში ზოგან შემორჩენილია რელიქტური ძელქვა. დაბლობ და გორაკ-ბორცვიან ზონაში ტყის ფართობი ამჟამად ძლიერ შემცირებულია. იგი კარგად არის შემონახული ყვირილისა და საკრაულის წყალგამყოფ ქედზე. აქ ძირითადი ჯიშია წიფელი, შერეულია რცხილა, ნეკერჩხალი, ცაცხვი, იმერული მუხა; ქვეტყეს ქმნის: შქერი, წყავი, ბაძგი, ძმერხლი, იელი, მოცვი და სხვ. ნატყევარ ადგილებზე მდელოებია.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველებიდან ბინადრობს მგელი, მელა, ტურა, მაჩვი, კურდღელი, დედოფალა, ზღარბი, თხუნელა. ფრინველებიდან გვხვდება ტოროლა, ყორანი, ყვავი, კოლხური წიწკანა, ოფოფი, მწყერი, ტყის ქათამი და სხვ.; ქვეწარმავლებიდან — გველი, ხვლიკი და სხვ.

ძირითადი ლანდშაფტები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ძირითადი ლანდშაფტებია:

  1. ნოტიო სუბტროპიკული ჭალა მდელო-ტყის მცენარეულობით (ლაფნარ-მურყნარი) და ალუვიური ნიადაგით; # დახრილი ტერასული ვაკე-დაბლობი კოლხური მცენარეულობით, ალუვიური და სუბტროპიკული ეწერი ნიადაგებით;
  2. გორაკ-ბორცვიანი მთისწინეთი კოლხური მცენარეებით, კორდიან-კარბონატული და სუბტროპიკული ეწერი ნიადაგებით;
  3. ნოტიო სუბტროპიკული ბორცვიანი პლატო, მუხნარ-რცხილნარით, ტყის ყომრალი და კორდიან-კარბონატული ნიადაგით;
  4. ნოტიოჰავიანი დაბალი მთები წიფლის ტყითა და ტყის ყომრალი ნიადაგით.

საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 57 628 მოსახლეა. მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ. კმ-ზე 136.0 კაცია. მოსახლეობის 63,9 % ცხოვრობს სოფლად, 36,1 % — საქალაქო დასახლებაში.[3]

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 17,8 %-ია, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წილი — 64,7 %, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი — 17,5 %.[3]

მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 99,5 % ეროვნებით ქართველია, 0,2 % — რუსი, 0,1 % — სომეხი, 0,2 % — სხვა დანარჩენი. აღმსარებლობით 99,0 % მართლმადიდებელი ქრისტიანია, 0,3 % — იეჰოვას მოწმე, 0,7 % — სხვა კატეგორიის.

მუნიციპალიტეტში მცხოვრები 10 წლის და უფროსი ასაკის 50 661 კაციდან უმაღლესი განათლება მიღებული აქვს 19,0 %-ს. საქალაქო დასახლებებში უმაღლესი განათლების მქონე მოსახლეობის წილი 26,4 %-ია, ხოლო სასოფლო დასახლებებში — 15,0 %.[3]

2014 წელს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში კერძო შინამეურნეობების რაოდენობა იყო 18 187, ხოლო ერთწევრიანი შინამეურნეობების რაოდენობა — 3 533 (ყველა შინამეურნეობის 19,4 %). კერძო შინამეურნეობის წევრთა საშუალო რაოდენობა 3,2 კაცია.[3]

ისტორიული დემოგრაფია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აღწერის წელი მოსახლეობა
1989 75 539
2002 75 077
2014 57 628
2021[4] 55 100

ადგილობრივი თვითმმართველობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადმინისტრაციული ერთეულები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 60 დასახლებაა: 1 ქალაქი (ზესტაფონი), 1 დაბა (შორაპანი) და 58 სოფელი, რომლებიც ქმნის 19 ადმინისტრაციულ ერთეულს. ესენია (ანბანის მიხედვით): ბოსლევი, დილიკაური, ზედა საქარა, ზესტაფონი, ზოვრეთი, ილემი, კვალითი, კლდეეთი, მეორე სვირი, პირველი სვირი, როდინაული, სანახშირე, ფუთი, ქვედა საზანო, ქვედა საქარა, შორაპანი, შროშა, ცხრაწყარო, ძირულა.

პარტია 2021[5] 2025[6] ამჟამინდელი საკრებულო
  ქართული ოცნება 27 34                                                                    
  ლელო 1  
  საქართველოსთვის 2 1  
  ნაციონალური მოძრაობა 10
სულ 39 36  
თიხის ნაკეთობები შროშაში

ეკონომიკის წამყვანი დარგია მევენახეობა, რომელზეც წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის 80 % მოდის. მის განვითარებას ხელს უწყობს კარგი ნიადაგ-კლიმატური პირობები. ვენახებს 5000 ჰა ფართობი უჭირავთ. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოწეული ვაზის შესაბამისი ჯიშებიდან (ცოლიკოური, ციცქა, კრახუნა) დგება კონტროლირებადი ღვინო სვირი. მუნიციპალიტეტში ღვინის ორი ქარხანა მოქმედებს. მთავარი მარცვლეული კულტურაა სიმინდი, მოჰყავთ აგრეთვე საკვები და ბოსტნეული კულტურები. მოსახლეობა მისდევს მეცხოველეობასაც, საძოვრებს უჭირავთ 8,8 ჰა, არის 10 000 სულზე მეტი ძროხა და 5000 სულზე მეტი ღორი.

მრეწველობის მთავარი დარგებია შავი მეტალურგია, ელექტროტექნიკური და კვების მრეწველობა. სამრეწველო საწარმოებიდან უმნიშვნელოვანესია ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა. მნიშვნელოვანი საწარმოები იყო: „საქკაბელი“ ზესტაფონში და „ელექტროელემენტი“ შორაპანში. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა საქართველოში ელექტროენერგიის ყველაზე მძლავრი გამანაწილებელი ცენტრი. სოფელ შროშაში განვითარებულია მეთუნეობა.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის საერთაშორისო მნიშვნელობის გზა საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს1, ასევე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზები: ძირულა-ხარაგაული, ზესტაფონი-ხარაგაული, ზესტაფონი-ჭიათურა და ზესტაფონი-ბაღდათი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის სარკინიგზო ხაზი ხაშური-სამტრედია, ასევე რკინიგზის მონაკვეთი საჩხერის მიმართულებით.

განათლება და კულტურა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტში 30 საჯარო სკოლაა, 2 პროფესიული სასწავლებელი, 42 ბიბლიოთეკა, 1 თეატრი და 1 ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვრცელდება გაზეთი „ზესტაფონის მოამბე“. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის 50-მდე მართლმადიდებლური ეკლესია. მუნიციპალიტეტის ტერიტორია მიეკუთვნება მარგვეთისა და უბისის ეპარქიას.

ღირსშესანიშნაობანი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
თვრინის ციხე-დარბაზი

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემორჩენილი ისტორიული ძეგლებიდან უპირველესად აღსანიშნავია ანტიკური ხანის შორაპნის ციხე.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იყო შუა საუკუნეების ნაქალაქარი. სოფლებში, რომლებიც ნაქალაქარის ტერიტორიაზე მდებარეობენ, შემორჩენილია უამრავი ისტორიული ძეგლი, მათ შორის:

ასევე მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლებია:

საერო ხასიათის -

ტაბაკინის მონასტერი

სასულიერო ხასიათის -

მუნიციპალიტეტში მრავლადაა განვითარებული შუა საუკუნეებსა და XIX საუკუნეში აგებული მცირე ტაძრები სოფლებში: ალავერდი, არგვეთა, აჯამეთი, დიდი განთიადი, დილიკაური, ზედა საქარა, თვრინი, მეორე სვირი, სანახშირე, საღვინე, ფუთი, ქვედა კვალითი, ქვედა საქარა, შროშა.

  • ზესტაფონის მუნიციპალიტეტი // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. ბერაძე თ., დევდარიანი გ., სვანიძე დ., ჯაოშვილი ვ..

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Ethnic composition of Georgia 2014
  2. georgia-religion2014
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 საქართველოს 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, თბ., 2018. — გვ. 82-84.
  4. მოსახლეობის რიცხოვნობა რეგიონების და თვითმმართველი ერთეულების მიხედვით (XLS). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (1 იანვარი, 2021). ციტირების თარიღი: 2021-11-11.
  5. პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2021. ცესკო. ციტირების თარიღი: 2022-12-20[მკვდარი ბმული]
  6. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის, შესაბამისი საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილი ოქმების მიხედვით, საკრებულოს წევრად, მერად არჩეული პირები. ცესკო. ციტირების თარიღი: 2025-11-01[მკვდარი ბმული]