საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 1995
1992‹ 1999 › | ||||
საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები | ||||
5 ნოემბერი 1995 | ||||
პარტია | საქართველოს მოქალაქეთა კავშირი | ეროვნულ-დემოკრატიული პარტია | ||
მოსახლეობის ხმები | 504 586 | 169 218 | ||
პროცენტი | 23,71% | 7,95% | ||
მმართველი პარტია |
არჩეული პარტია | |||
საქართველოს მოქალაქეთა კავშირი |
საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები (1995) — პირველი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში კონსტიტუციის მიღების შემდგომ. არჩევნები ტარდებოდა საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად. არჩევნებში გაიმარჯვა საქართველოს მოქალაქეთა კავშირმა, პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის პარტიამ.
საფუძველი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც იმავე წლის შემოდგომაზე, 5 ნოემბერს ჩატარდა საქართველოს პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩევნები.
წინასაარჩევნო პერიოდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პარტიებმა საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება სხვადასხვა დროს დაიწყეს. 1994 წელს ქარტია-91-ის, სახალხო ფრონტისა და რესპუბლიკური პარტიის შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა „გაერთიანებული რესპუბლიკური პარტია“. 1995 წელს შეიქმნა საარჩევნო ბლოკი „პროგრესი“, სადაც გაერთიანდა: საქართველოს დემოკრატიული კავშირი, ახალგაზრდა დემოკრატთა კავშირი „ჩვენი არჩევანი”, „საქართველოს მესაკუთრეები” და „თბილისი” . 5 ნოემბრის არჩევნებისთვის ერთიანმა კომუნისტურმა პარტიამ და სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ შექმნეს საარჩევნო ბლოკი „ერთიანი კომუნისტური პარტია და სოციალ-დემოკრატები”. არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღეს მონაწილეობა შემდეგმა პარტიებმა: ილია ჭავჭავაძის საზოგადოება, ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი, მერაბ კოსტავას საზოგადოება, კონსერვატიული (მონარქისტული) პარტია, ლიბერალურ-დემოკრატიული ეროვნული პარტია, საქართველოს დემოკრატიული პარტია და ა.შ.
არჩევნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება ჰქონდა იმ პარტიასა და პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელიც წარმოადგენდა 50 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერას, ან რომელსაც ჰყავდა წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში კონსტიტუციის მიღების დღისთვის. არჩევნები ტარდებოდა პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით. პარლამენტის 235 მანდატიდან 150 მანდატი მიღებული ხმების პროპორციულად ნაწილდებოდა იმ პარტიებზე, რომლებმაც მიიღეს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5%-ზე მეტი. 85 დეპუტატი კი აირჩეოდა საქართველოს ადმინისტრაციული ერთეულებიდან. მათგან 12 მაჟორიტარ დეპუტატს ავტომატურად მიენიჭა უფლებამოსილება, რადგანაც ისინი წარმოადგენდნენ აფხაზეთის რაიონების მაჟორიტარ დეპუტატებს, ხოლო დანარჩენ 73 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნები ჩატარდა ჩვეულებისამებრ.
შედეგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არჩევნებში მონაწილეობდა 53 პარტია. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო -3 121 075. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო -2 127 946, ანუ ამომრჩეველთა 68,18 პროცენტმა. კენჭისყრის პროცესმა მშვიდად ჩაიარა, საერთაშორისო დამკვირვებლებს მნიშვნელოვანი დარღვევები არ დაუფიქსირებიათ. დადგენილი 5%-იანი ბარიერი მხოლოდ სამმა პარტიამ გადალახა. პირველ ტურში გამარჯვებულად მხოლოდ 32 მაჟორიტარი გამოვლინდა. 42 ოლქში კი, მათ შორის თბილისის ოლქებში, მეორე ტური გაიმართა.
პარტია | ხმების რაოდენობა | % | მიღებული მანდატების რაოდენობა | მაჟორიტარული მანდატების რაოდენობა |
საქართველოს მოქალაქეთა კავშირი | 504,586 | 23,71 | 90 | 18 |
ეროვნულ-დემოკრატიული პარტია | 169,218 | 7,95 | 31 | 3 |
დემოკრატიული აღორძინების კავშირი | 145,625 | 6,84 | 25 | 6 |
ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი | 89,752 | 4,22 | - | 2 |
საქართველოს სოციალისტური პარტია | 80,747 | 3,79 | - | 4 |
საქართველოს რეფორმატორთა კავშირი "ეროვნული თანხმობა" | 61,424 | 2,89 | - | 2 |
ბლოკი "თანადგომა" | 45,747 | 2,15 | - | 3 |
საქართველოს გაერთიანებული რესპუბლიკური პარტია | 35,051 | 1,65 | - | 1 |
სახელმწიფოებრივ-სამართლებრივი გაერთიანება | 22,190 | 1,65 | - | 1 |
ბლოკი "პროგრესი" | 29,189 | 1,37 | - | 4 |
"ლემი" | 8,772 | 0,41 | - | 1 |
დამოუკიდებელი კანდიდატები | - | - | - | 29 |
ახლადარჩეული პარლამენტის თავმჯდომარე გახდა ზურაბ ჟვანია.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|