საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლობა გერმანიაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დე ფაქტო და დე იურე აღიარებამ ევროპის, ამერიკის და აზიის წამყვან სახელმწიფოთა მიერ, ერთი მხრით, თბილისში უცხო სახელმწიფოთა საელჩოების, საკონსულოების და დიპლომატიური წარმომადგენლობის, ხოლო მეორე მხრივ, უცხო ქვეყნების დედაქალაქებში საქართველოს ანალოგიურ უწყებათა გახსნა გამოიწვია. მართალია, მსოფლიო ომში განცდილი დამარცხების შემდეგ გერმანიასა და საქართველოს შორის ინტენსიური სამხედრო და ეკონომიკური თანამშრომლობა ვეღარ განვითარდა, მაგრამ ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობა არ შეწყვეტილა.

გერმანიის ხელისუფლებამ საქართველოს დამოუკიდებლობა 1918 წლის 10 ივნისს დე ფაქტო, ხოლო 1920 წლის 24 სექტემბერს დე იურე აღიარა. დამოუკიდებელი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიაში იყო ვლადიმერ ახმეტელაშვილი. ბერლინში საქართველოს საელჩო ბრუკენ ალეეზე მდებარეობდა. იგი მაშინ იყო ქართული საზოგადოებრივი მოძრაობისა და ქართველ მოღვაწეთა, ასევე ახალგაზრდობის ცენტრი გერმანიაში. საქართველოს გასაცნობად იქ უცხოელები ხშირად მიდიოდნენ, კითხულობდნენ მოხსენებებს, იმართებოდა ქართული საღამოები და სხდომები. ყოველივე ამის ინიციატორი გერმანიაში საქართველოს ელჩი იყო. 1918 წელს ბერლინში კულტურის ატაშედ კონსტანტინე გამსახურდია მუშაობდა. ქართული საელჩოს ინიციატივით ხელი ეწყობოდა ლიტერატურულ საქმიანობასაც. საელჩოს თავზე ფრიალებდა საქართველოს დროშა. საელჩოში თავს იყრიდნენ ცნობილი მოღვაწეები. ამიტომ ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, როდესაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რატენაუმ, ვლადიმერ ახმეტელი მიიწვია და მას საბჭოთა რუსეთთან ხელშეკრულების გაფორმება აუწყა, რასაც შედეგად გერმანიაში საქართველოს საელჩოს გაუქმება მოჰყვა. მიუხედავად ამისა, საელჩოს ამის გამო საქმიანობა არ შეუჩერებია და მის ხელთ არსებული საშუალებით საქართველოს უფლებებისთვის ბრძოლას მაინც აგრძელებდა. რაც შეეხება ვლადიმერ ახმეტელის ჰუმანურობას, მის ქართველობას და ყოველი ქართველი ემიგრანტის ბედზე დაუღალავ ზრუნვას, ქართული ემიგრაციის მემატიანის, თამარ პაპავას გადმოცემით:

ვიკიციტატა
„ეს კაცი მთელი თავისი ბუნებით არ იყო ემიგრანტი. ის ბოლომდე ორივ ფეხით მტკიცედ იდგა ქართულ მიწაზე და გადმოხვეწილობამ მას ფესვები მოუჭრა. მისი დაკვირვებანი, საგანთა თუ გარემო თვისება, ზნე, განსჯა და გეზი, ყოველივე ეს იქედან მოტანილი ხალასი ქართული დარჩა ქართულის მიდგომით, თქმულებებით და ანდაზებით... თითქოს მას საყვარელი სამშობლოსა და ყველაზე საყვარელი კახეთის გარეთ არაფერი ენახა, თუმცა მეტი წილი თავისი ცხოვრებისა მას ევროპაში გაეტარებინა... ყოველი სიტყვა, ცნობა, წიგნი საქართველოზე მას უზომოდ იზიდავდა და ატყვევებდა. ჭეშმარიტად იშვიათად შემხვედრია უცხოეთში წიგნისა და ცოდნის მოყვარული ქართველი, თუმცა ამის გამოჩენისა და გამოყენების წადილი მას ნაკლებად ჰქონდა. დილით, სულ ადრე, ჩუმად წამოდგებოდა თავისი ოთახიდან, შეუმჩნევლად გამოვიდოდა სასადილოში, მიუჯდებოდა გრამაფონს და დააყენებდა დაბალ ხმაზე და უკრავდა და უკრავდა კახურ „მრავალჟამიერს“, „ურმულს“... შორიდან მორიდებით ვხედავდით მისი განიერი ბეჭების თრთოლას და ვგრძნობდით, რომ ჩუმად ჰყრიდა ცრემლებს... და ასე სისხამ დილას შეუდგებოდა დიდ გლოვას საქართველოს ბედნიერების დაკარგვის გამო...“

ვლადიმერ ახმეტელი ასევე იბრძოდა გასაბჭოებულ საქართველოში დარჩენილ თანამოაზრეთა გადასარჩენად. საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებაში მოსულმა ბოლშევიკებმა დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი არაერთი პატრიოტი დააპატიმრეს და ციხეებში გამოამწყვდიეს. მათ შორის, განსაკუთრებით გამოირჩეოდა ექვს ათეულზე მეტი პოლიტპატიმარი, რომლებიც მეტეხის ციხეში იყვნენ დატუსაღებული და მათ ჯერ რუსეთში გადასახლება, ხოლო შემდეგ იქ დახვრეტა ემუქრებოდათ. როგორც კი ეს ვლადიმერ ახმეტელმა შეიტყო, ბერლინში მყოფი დიპლომატიური კორპუსის დახმარებით, მთელი მსოფლიო ფეხზე დააყენა და საბჭოთა ხელისუფლება აიძულა, ქართველი პოლიტპატიმრებისთვის, რომლებიც უკვე რუსეთში იყვნენ გადაგზავნილი და ფაქტობრივად, დასაღუპად განწირული, გერმანიაში წასვლის უფლება მიეცათ, სადაც მათ პოლიტიკურ თავშესაფარს ჰპირდებოდნენ. ასე გადაარჩინა ვლადიმერ ახმეტელმა სამოცზე მეტი ქართველი პატრიოტი დახვრეტას, მათ შორის მომავალი დიდი ქართველი ემიგრანტი პოლიტიკოსები და მეცნიერები, კალისტრატე სალია და გიორგი ნაკაშიძე, აგრეთვე ცნობილი ფრანგი მსახიობის მარია-მერიკოს მამა ვანო ალიხანაშვილი. ვლადიმერ ახმეტელი სრულიად მოულოდნელად, უეცრად ბერლინის ერთი პატარა ბაღის სკამზე მჯდარი გარდაიცვალა 1942 წლის 12 აგვისტოს, როცა გერმანია-სსრკ-ის ომი ახალი დაწყებული იყო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სარალიძე ლ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 377-378.
  • გ. შარაძე, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა და საგარეო პოლიტიკა, თბ., 2003.
  • სცსა, 1861, აღწ. 3, საქ. 230.