თამარ პაპავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თამარ სიმონის ასული პაპავა (ქალიშვილობის გვარი — გოგოლაშვილი, ფსევდონიმები — ისახარი, ქოჩრიანი ტოროლა) (დ. 24 მარტი, 1888, ქუთაისი, — გ. 21 მარტი, 1976, ბუენოს-აირესი, დაკრძალული პარიზის მახლობლად, ლევილის სასაფლაოზე) — ქართველი მწერალი, პუბლიცისტი.

დაიბადა მსახიონ სიმონ გოგოლაშვილის ოჯახში. ძალზე ახალგაზრდა გამოვიდა ლიტერატურულ ასპარეზზე წერდა მოთხრობებს „ქოჩრიანი ტოროლას“ ფსევდონიმით, ამავე დროს თანამშრომლობდა ჟურნალ „თეატრი და ცხოვრებაში“, თარგმნა და ცალკე წიგნად გამოსცა ვოლდემარ ბონზელსის ცნობილი ნაშრომი „ფუტკარი და მაია“. 1923 წელს შვილებთან ერთად შეურთდა გერმანიაში ემიგრაციაში წასულ მეუღლეს — მწერალ და ჟურნალისტ აკაკი პაპავას. უცხოეთშიც განაგრძობდა ლიტერატურულ მოღვაწეობას, მისი ისტორიული ნარკვევები „ისახარის“ ფსევდონიმით იბეჭდებოდა პარიზში, ჟურნალ „კავკასიონში“. 1937 წელს გამოვიდა თამარ პაპვას წიგნი საქართველოს ქალი ისტორიული მოღვაწეების შესახებ — „დიდი სახეები პატარა ჩარჩოში“ ექვთიმე თაყაიშვილის წინასიტყვაობით (ხელმეორედ გამოიცა 1953 წელს). II მსოფლიო ომის შემდეგ, 1949 წელს პაპავები არგენტინაში გადასახლდნენ. მათი ერთობლივი ნაშრომი „მარიამ უკანასკნელი დედოფალი საქართველოსი“ ბუენოს-აირესში 1956 წელს გამოვიდა. 1950-იან წლებში თამარ და აკაკი პაპავების წერილები იბეჭდებოდა ნიუ-იორკში გამომავალ ქართულ გაზეთ „ქართულ აზრში“. 1970 წელს თამარ პაპავამ გამოსცა ბოლო წიგნი „გაბნეული საფლავები“. პაპავებმა გარკვეული წილი შეიტანეს უცხოეთში მოხვედრილ ძველი ქართული კულტურის შეძენისა და დაცვის საქმეში. მათ მიერ შენახული სიონის ტაძარის ტრაპეზის ძველი ნაქარგი გადასაფარებლი რეზო თაბუკაშვილის ხელით გადმოსცეს საქართველოს ხელოვნების მუზეუმს. თამარ პაპავა 87 წლის ასაკში გარდაიცვალა ბუენოს-აირესში. დაკრძალულია ლევილის ქართულ სასაფლაოზე, მეუღლის გვერდით.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დიდი სახეები პატარა ჩარჩოებში (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1990. - 398გვ.
  • გაბნეული საფლავები : დოკუმ. მასალა ქართვ. ემიგრანტ მწერლებზე (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1990. - 126გვ.
  • მარიამ უკანასკნელი დედოფალი საქართველოსი (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1989. - 273გვ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პაპავა-გოგოლაშვილი თამარ // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.160-161;
  • საითიძე, გოჩა. ახალი მასალები აკაკი და თამარ პაპავების ცხოვრება-მოღვაწეობის ისტორიიდან : (XX საუკუნის 10-50-იანი წლები) / გოჩა საითიძე, გელა საითიძე // ისტორიულ-პუბლიცისტური ნარკვევები / გიორგი (გელა) საითიძე. - თბილისი, 2013. - გვ.384-400.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]