ურმული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ურმული — ქართული ხალხური სასიმღერო შემოქმედების ჟანრი, ინდივიდუალური ხასიათის შრომის ლექს-სიმღერის ერთ-ერთი უძველესი სახეობა. გავრცელებულია უპირატესად აღმოსავლეთ საქართველოში. წარმოშობით ურმული არქაული მოვლენაა, მოიცავს საკულტო, საფერხისო მოტივებს. მოგვიანებით მასში აისახა კლასობრივი დიფერენცია, გლეხკაცის მძიმე ცხოვრება. ურმული მეურმის სიმღერაა, ახასიათებს განვითარებული და გამომსახველი მელოდია, შესრულების თავისებური ხერხები და მტკიცე მუსიკალური ფორმა. იწყება მაღალ ფარდებში, ვითარდება დაღმავალი მოძრაობით, გაივლის სხვადასხვა საფეხურსდა მთავრდება ტონიკაზე. გვხვდება მოდულაციური გადახრები და კილოური ან ტონალური მოდულაციები. ინტონირების მხრივ ურმულს ახასიათებს რეჩიტატივის შენაცვლება მდიდრულად მოჩუქურთმებულ მელოდიასთან. რიტმი თავისუფალია, იყოფა უმეტესად არა ტაქტებად, არამედ პოეტური ტექსტის მიხედვით ცალკეულ ფრაზებად და წინადადებებად. ურმულის მრავალი ვარიანტი არსებობს. პოპულარული ურმულებია „აღზევანს წავალ“, „კამეჩი ღონიერია“, „ურემო, ფერსო მაღალო“, „კამეჩმა თქვა“ და სხვა. ურმული გავრცელებული უნდა ყოფილიყო დასავლეთ საქართველოშიც. ამაზე მეტყველებს მეხრეობასთან დაკავშირებული „ჩელას“ ციკლის ლექს-სიმღერები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზურაბიშვილი ი., ხალხის შემოქმედი გენია. ლეკური, კახური მრავალჟამიერი, ურმული, თბ., 1949;