პოლარეთისპირა ურალი
პოლარეთისპირა ურალი | |
---|---|
მთა ნაროდნაია | |
კოორდინატები: 64°50′ ჩ. გ. 59°40′ ა. გ. / 64.833° ჩ. გ. 59.667° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | ტიუმენის ოლქი კომის რესპუბლიკა |
უმაღლესი წერტილი | ნაროდნაია |
სიმაღლე | 1894 მ |
სიგრძე | 230 კმ |
სიგანე | 150 კმ |
პოლარეთისპირა ურალი (რუს. Приполярный Урал) — ურალის უმაღლესი ნაწილი რუსეთში. გადაჭიმულია მდინარეების ხულგას და შჩუგორის ხეობებს შორის 230 კმ-ზე, სიგანე 150 კმ. ჩრდილოეთით ესაზღვრება პოლარული ურალი, ხოლო სამხრეთით ჩრდილოეთი ურალი. შედგება რიგი ქედისაგან, რომელთა საშუალო სიმაღლეა 1300–1400 მ. ყველაზე მაღალ ქედებს ერთმანეთისადმი პარალელური მიმართულება აქვს. უმაღლესი წერტილია მთა ნაროდნაია (1894 მ), რომელიც მკვლევართა ქედზე მდებარეობს. მაღალია აგრეთვე კარპინსკის მთა (1878 მ) და მანარაგა (1820 მ).[1][2]
დასავლეთი მაკროკალთა ციცაბოა, ფლატოვანი, აღმოსავლეთი დამრეცი. რელიეფში მკაფიოდ გამოიყოფა აღმოსავლეთი სალედის, დასავლეთი სალედის, საბლიას, მკვლევართა და სხვა ქედები. პოლარეთისპირა ურალი აგებულია კრისტალური ფიქლებით, ამფიბოლიტებით, დიაბაზებით და გნაისებით. მაღალი მწვერვალები, როგორიცაა მაგალითად, მთა ნაროდნაია აგებულია, ურალთაუს ანტიკლინორიუმის ღერძული ნაწილის კვარციტებით და მეტამორფული ქანებით, ხოლო იზოლირებული მასივები შეესატყვისება ცალკეულ, შედარებით მცირე ანტიკლინებს.[3]
1929–32 წლებში გეოლოგმა ალექსანდრ ალიოშკოვმა და გეომორფოლოგმა სერგეი ბოჩმა აღმოაჩინეს პირველი მყინვარები მთების საბლიასა და ნაროდნაიას რაიონში.[4] პოლარეთისპირა ურალში ცნობილია 29 მყინვარი, რომელთა საერთო ფართობია 5 კმ². აღსანიშნავია მანსის, გოფმანისა და ვარსანოფიევას მყინვარები, რომლებიც დეგრადაციის სტადიაზე იმყოფებიან. მყინვართა ენები დასავლეთ კალთებზე ეშვება 600–650 მ-მდე, ცენტრალურ ნაწილში 1000–1200 მ-მდე. ყველაზე მეტად გავრცელებულია კარული მყინვარები, მაგრამ გვხვდება კარულ-დაკიდული და მიყრდნობილი ფირნული მყინვარებიც. გარდა მყინვარებისა, აქ ბევრია მრავალწლიანი ნამქერები და ნაზვავთა კონუსები, რომელთა ზედაპირი მოფენილია ქვის ნამსხვრევებით. ნამქერები, ზვავები და მრავალწლოვანი მზრალობა აქტიურ ზემოქმედებას ახდენს რელიეფის ფორმებზე და ნიადაგწარმოქმნაზე, მცენარეულობის განვითარებაზე და განსახლებაზე.[3]
რელიეფში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ძველი და თანამედროვე სკულპტურულ-აკუმულაციური მყინვარული ფორმები და მთის კალთის ტერასები. სოლიფლუქციური პროცესების განვითარება განპირობებულია მრავალწლოვანი მზრალობის ფართო განვითარებით. 700–800 მ ზემოთ ქედების კალთებზე და მწვერვალებზე გაბატონებულია გოლცური დენუდაცია. ყველაზე მაღალ ქედებზე განვითარებულია ალპური რელიეფი. ნივაცია და სოლიფლუქცია წარმოადგენს რელიეფის ფორმირების განმსაზღვრელ პროცესებს. ეროზიას მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან იგი მიმდინარეობს ძალიან მოკლე ზაფხულის განმავლობაში. მისი როლი იზრდება ცოკოლის კალთებზე.[3]
პოლარეთისპირა ურალში, დასავლეთ კალთის მთებში, წლიურად მოდის 1000 მმ-ზე მეტი ნალექი. აქედან ცივ პერიოდზე მოდის დაახლოებით 40–50 %. ზამთრის პერიოდში მოსული ნალექი უთანაბროდ არის განაწილებული დასავლეთ და აღმოსავლეთ კალთებზე. მდინარეები მიეკუთვნება პეჩორისა და ობის აუზს. მდინარეთა ხეობები ტროგულია, კანიონისებრი, მეტად თვალწარმტაცი. აქაური მდინარეები ძალზე წყალუხვია, განსაკუთრებით დასავლეთით. გაძგიფვა 7 თვემდე გრძელდება. მდინარეთა ქსელი დასავლეთ კალთაზე უკეთესად არის განვითარებული, ვინაიდან აქ, აღმოსავლეთ კალთასთან შედარებით, ჩამონადენის ფორმირებისათვის გაცილებით ხელსაყრელი პირობებია.[5]
ტერიტორიის დიდი ნაწილი უკავია მთიან, ქვიან, მღიერებიან და ხავსებიან პოლიგონალურ და ხალიან ტუნდრას, მთის ტუნდრის ნიადაგებით. მთის ტუნდრა პოლარეთისპირა ურალის სამხრეთ ნაწილში იწყება დაახლოებით 500–600 მ სიმაღლიდან. ქვემოთ მკაფიოდ არის გამოხატული გოლებისპირა ტყემდელოს სარტყელი, რომელსაც 400 მ ქვემოთ ცვლის მთის ტყე-ტუნდრისა და ჩრდილო ტაიგის მეჩხერი ტყეები. ეს ტყეები დასავლეთ კალთაზე იქმნება არყისა და ნაძვისგან, კედარის ნარევით, ხოლო აღმოსავლეთ კალთაზე, ნაძვისაგან და ლარიქსისაგან. მთის ტყეების ქვეშ განვითარებულია კორდიანი მთა-ტყის ნიადაგები, რომელიც თანდათანობით გადადის ვაკის ეწერ-ლებიან და ეწერ ნიადაგებში. მდინარეთა ხეობებში განვითარებულია მდელოს ალუვიური ნიადაგები, გალებებისა და გაეწრების ნიშნებით.[6]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Каталог ледников СССР. Т. 2. Ч. 3. Урал. Л.: Гидрометеоиздат, 1966.
- ↑ Приполярный Урал | Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-08-24. ციტირების თარიღი: 2021-08-24.
- ↑ 3.0 3.1 3.2 სსრკ ფიზიკური გეოგრაფია, განათლება, 1988. გვ. 520–522.
- ↑ Вода России | Урал (ледниковая система)
- ↑ Кеммерих А.О. Сток рек Северного Приполярья и Полярного Урала. изд. АН СССР, серия геогр. № 1, 1959
- ↑ О почвах Урала, Западной и Центральной Сибири. М., 1962. С. 170–189.