ჩრდილოეთი ურალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ჩრდილოეთი ურალი
Г. Конжаковский камень (1569 м, Северный Урал) с г. Острая Косьва (1403 м) в июне.jpg
კოორდინატები: 62°00′ ჩ. გ. 59°27′ ა. გ. / 62.000° ჩ. გ. 59.450° ა. გ. / 62.000; 59.450
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული კომის რესპუბლიკა, ხანტი-მანსის ავტონომიური ოკრუგი, პერმის მხარე, სვერდლოვსკის ოლქი
უმაღლესი წერტილი ტელპოსიზი
სიმაღლე 1617 
სიგრძე 550 კმ
სიგანე 150–200 კმ
ჩრდილოეთი ურალი — რუსეთი
ჩრდილოეთი ურალი
ჩრდილოეთი ურალი — რუსეთი
ჩრდილოეთი ურალი

ჩრდილოეთი ურალი (რუს. Северный Урал) — ურალის მთათა სისტემის ნაწილი რუსეთში. ჩრდილოეთით ესაზღვრება პოლარეთისპირა ურალი, სამხრეთით შუა ურალი. გადაჭიმულია ჩრდილოეთით მდინარე შჩუგორიდან სამხრეთით მთა ოსლიანკამდე 550 კმ-მდე; სიგანე 150–200 კმ. სიმაღლე 1200–1500 მ. პოლარეთისპირა და პოლარული ურალისგან განსხვავებით ჭარბობს საშუალომთიანი ეროზიულ-დენუდაციური რელიეფი. მთავარი მწვერვალებია: ტელპოსიზი (1617 მ), კონჟაკოვსკი-კამენი (1569 მ), დენეჟკინ-კამენი (1492 მ), ოტორტენი (1234 მ) და სხვა. ქედის ღერძული, უმაღლესი ნაწილი განირჩევა დამრეცი კალთებით, მობრტყელებული მწვერვალებითა და კლდოვანი მოწმეებით.[1]

მკაფიოდ გამოიყოფა ძველი მოსწორების ზედაპირები, ფართოდაა გავრცელებული მთის ტერასები. დასავლეთიდან ჩრდილოეთი ურალი შემოზღუდულია დაბალმთიანი ჭიუხების ფართო ზოლით. ცენტრალური მთიანი ზოლი შედგება ორი, ზოგჯერ სამი ბრტყელმწვერვალებიანი ქედისაგან, რომელთაც ყოფს განიერი გასწვრივი დეპრესიები, რომლებიც უკავია შჩუგორის, ილიჩის, პეჩორისა და სხვა მდინარეთა ზემო ხეობებს. წყალგამყოფი ქედები, რომელთა სიმაღლე აღწევს 700–1300 მ-ს, გაერთიანებულია „პოიასნოი-კამენის“ საერთო სახელწოდებით. ჩრდილოეთი ურალის ღერძული ნაწილი აგებულია ურალთაუს ანტიკლინორიუმის ძველი მეტამორფული ქანებით, ხოლო უმაღლესი მწვერვალები კვარციტებითა და მეტამორფული ფიქლებით. აღმოსავლეთ კალთის ანტიკლინორიუმისა და ტაგილ-მაგნიტოგორსკის სინკლინორიუმის ულტრაფუძე და ფუძე ინტრუზიები წარმოქმნის დენეჟკინ-კამენის, კონჟაკოვსკი-კამენის და სხვა მასივებს.[2]

ცენტრალურ მთიან ზოლში მთებს აქვთ მასიური სკივრისებრი ფორმა. მათ ბრტყელ მწვერვალებზე გავრცელებულია მეოთხეულ გამყინვარებასთან დაკავშირებული დანგრეული მყინვარული ფორმები. ჩრდილოეთი ურალის მთების კალთები დაფარულია კურუმებით. აქაც, როგორც მთელ ურალში, რელიეფში შემონახულია საფეხურებრივი ფორმები.[2]

მან-პუპუნიორის მთის მასივზე არის მანპუპუნიორი, რომელიც რუსეთის შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთია.[3]

თანამედროვე გამყინვარება მოიცავს 0,20 კმ² ფართობს. უდიდესი მყინვარებია გოვორუხინი და იუჟნი, რომლებიც მდებარეობს ტელპოსიზის ქედის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთებზე, მდინარე შჩუგორის აუზში. თოვლნარები შემორჩენილია ჩრდილოეთ ექსპოზიციის კალთების ჩაღრმავებებში. დასავლეთი მთისწინეთის ტექტონიკა, რაც წარმოდგენილია სილურული და დევონური დანალექი ქანებით აგებული 400–500 მ სიმაღლის მაღლობებით და სერებით, შეესატყვისება დასავლეთ ციმბირის შუა და ზედაპალეოზოური ასაკის ნაოჭა სტრუქტურების ტექტონიკას.[2]

ჩრდილოეთი ურალის კონტინენტური კლიმატი ცივი და ნოტიოა, მაგრამ ნაკლებად მკაცრი, ვიდრე პოლარეთისპირა ურალის კლიმატი. იანვრის საშუალო ტემპერატურაა დაახლოებით –17°С, ივლისის დაახლოებით 14°С. ატმოსფერული ნალექების წლიური რაოდენობა 500–600 მმ, დასავლეთ მაკროკალთაზე დაახლოებით 800 მმ.[1]

ადგილ-ადგილ განვითარებულია მრავალწლოვანი მზრალობა. ჩრდილოეთით, ჩრდილოეთი ურალის დასავლეთი კალთების მდინარეები მიეკუთვნება პეჩორის, აღმოსავლეთი კალთის მდინარეები ობის, ხოლო სამხრეთით, დასავლეთი კალთის მდინარეები ვიშერისა და კოსვის აუზს. ჩრდილოეთ ურალში 200-ზე მეტი ტბაა, ბევრია ჭაობი.[1]

ჩრდილოეთ ურალის მცენარეულ საფარში გაბატონებულია ტაიგა, რომლითაც დაფარულია ორივე კალთა და მხოლოდ ცენტრალური ზოლი უკავია მთის ტუნდრას. ტყის ქვეშ განვითარებულია გაუეწრებელი მჟავე, მთის ეწერი და კორდიანი მთის ტყის ნიადაგები. კორდიანი მთის ტყის ნიადაგები წარმოადგენს გარდამავალ ტიპს სუბალპური მდელოს ნიადაგებსა და ტაიგის მჟავე გაუეწრებელ ნიადაგებს შორის და წარმოიქმნება მეჩხერი ნაძვნარ-სოჭნარი ტყეების ქვეშ. სიმაღლებრივი სარტყლები წარმოდგენილია მთის ტაიგით, რომელიც კალთებზე დაახლოებით 600–800 მ-მდე ვრცელდება. მას ზემოთ მოსდევს გოლცებისპირა სარტყელი. 900–1000 მ-დან საკუთრივ მწვერვალებამდე გაბატონებულია მთის ტუნდრა.[2]

ჩრდილოეთ ურალშია პეჩორა-ილიჩის ნაკრძალი, ვიშერის ნაკრძალი და დენეჟკინ კამენის ნაკრძალი.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Северный Урал | Большая российская энциклопедия
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 სსრკ ფიზიკური გეოგრაფია, განათლება, 1988. გვ. 522–523.
  3. Плато Маньпупунёр: где находится, как добраться