პაი-ხოი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პაი-ხოი
კოორდინატები: 69° ჩ. გ. 63° ა. გ. / 69° ჩ. გ. 63° ა. გ. / 69; 63
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
უმაღლესი წერტილი მორე-იზი
სიმაღლე 423 
სიგრძე 200 კმ
პაი-ხოი — რუსეთი
პაი-ხოი

პაი-ხოი (რუს. Пай-Хой) — დაბალმთიანი ჭიუხი რუსეთში, იუგორსკის ნახევარკუნძულსა და ნაწილობრივ კუნძულ ვაიგაჩზე. გადაჭიმულია 200 კმ-ზე პოლარული ურალის ჩრდილოეთ ნაწილიდან იუგორსკი-შარის სრუტემდე.[1] აქვს ტალღოვანი ზედაპირის მქონე ლურჯი მონოლითური სერის სახე, რომელიც აღიმართება ჰორიზონტის ზემოთ. მასთან მიახლოებისას ასეთი შთაბეჭდილება გაქრება. პაი-ხოი არ წარმოადგენს მონოლითურ მაღლობს; ფართო ტალღოვანი სივრცეები, რომლებიც დაკავებულია ისლიანი ჭაობებით, ყოფენ მოგლუვებულ მწვერვალებიან სერებს. სერების საშუალო სიმაღლე 300 მ-ია. ყველაზე დიდ სიმაღლეს აღწევს მთა მორე-იზი (423 მ). მწვერვალის ცენტრალურ ნაწილზე თხემი უფრო მახვილია და უსწორმასწორო, სერის ზედაპირიდან აღმართულია 10-იდან 150 მ სიმაღლემდე.[2]

პაი-ხოი ქმნის იუგორსკის ნახევარკუნძულის ცენტრალურ აზევებულ ნაწილს, რაც შეესატყვისება ურალთაუს ანტიკლინორიუმს, ხოლო მაღლობის მიმდებარე ბორცვიან-მორენული რელიეფის მქონე დაბლობები წარმოქმნილია კიდური როფის და ბაიდარის ღრმულის ადგილზე. პოლარული ურალის ჩრდილოეთი დაბოლოებიდან პაი-ხოი გამოყოფილია განიერი დაჭაობებული დაბლობი ტუნდრით, რომელზეც მიედინება მდინარე კარა.[2]

პაი-ხოის მაღლობი წარმოადგენს პენეპლენს. პაი-ხოის თანამედროვე რელიეფის ხასიათს მეტწილად განსაზღვრავს მისი ამგებელი ქანების თვისებები. დაშლის მიმართ ყველაზე მტკიცე ქანები — პორფირიტები, დიაბაზები და ქვიშაქვები, ქმნიან თხემებს. ხშირად გვხვდება რელიეფის მყინვარული ფორმები: ტროგული ხეობები, ცირკები, ხუჭუჭა კლდეები, მორენული წარმონაქმნები. პაი-ხოის სერებისა და ბორცვების კალთები დაფარულია უხეში ნამსხვრევი მასალის ნაყარებით, რაც ხელს უწყობს სოლიფლუქციის ფართოდ განვითარებას. პაი-ხოი მდებარეობს ტუნდრის ზონაში. ვაკე ტუნდრა სერის კალთებზე, ვრცელდება დაახლოებით 200 მ სიმაღლემდე, ხოლო უფრო მაღლა გაბატონებულია მთის ტუნდრა.[2]

პაი-ხოის რაიონში კლიმატი სუბარქტიკულია. ზამთარი აქ 230 დღე გრძელდება. იანვრის საშუალო ტემპერატურაა −9 °C, ხოლო ივლისის 6 °C. ატმოსფერული ნალექების რაოდენობა წელიწადში 700 მმ. მოქცეულია მრავალწლოვანი მზრალობის ზონაში.[3] მის ფარგლებშია მანგანუმის მადნის, სპილენძისა და ნიკელის საბადო. მეცნიერთაგან პირველმა ქედს მიაღწია რუსმა ბიოლოგმა და მინერალოგმა ალექსანდრ შრენკმა 1837 წლის აგვისტოს.[4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Пай-Хой | Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-09-25. ციტირების თარიღი: 2021-09-30.
  2. 2.0 2.1 2.2 სსრკ ფიზიკური გეოგრაფია, განათლება, 1988. გვ. 517–518.
  3. Ненецкий автономный округ. Энциклопедический словарь. М.: 2001. 304 с.
  4. Изучение Европейского Севера и Уральских гор