გრიგოლ ყიფშიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გრიგოლ (გიგა) ყიფშიძე (ფსევდონიმი: გ. გოდორია; დ. 1858 — გ. 1921, 13 ნოემბერი) — ქართველი ჟურნალისტი, პროზაიკოსი, მთარგმნელი, პედაგოგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრიგოლ ყიფშიძე დაიბადა 1858 წელს გორის მაზრის სოფელ წვერში მღვდლის ოჯახში. სწავლობდა თბილისის სასულიერო სასწავლებელში, სასულიერო სემინარიასა და პეტერბურგის უნივერსიტეტში (1877 წ. თავისუფალ მსმენელად). სამშობლოში დაბრუნების შემდეგ (1878) მასწავლებლობდა წრომსა და ახალქალაქში. 1879 წლიდან ჩაირიცხა მუდმივი ქართული დასის წევრად. იყო მოკარნახე. 1882-85 წლებში მუშაობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში საქმის მწარმოებლად, 1907-21 წლებში — ქართულ სამეურნეო ბანკში მოლარედ, შემდეგ — დირექტორად. იყო ილია ჭავჭავაძის უახლოესი თანამშრომელი და მისი ბიოგრაფი. ლიტერატურულ-კრიტიკულ (განხილული აქვს ალექსანდრე ყაზბეგის, დავით კლდიაშვილის, ანასტასია ერისთავი-ხოშტარიას, რაფიელ ერისთავის შემოქმედება), თეატრალურ და პუბლიცისტურ წერილებს აქვეყნებდა „ივერიაში“, „დროებაში“, „იმედში“, „მოამბეში“. მისი თხზულებების უმთავრეს თემას წარმოადგენს ქართლის სოფელი, გლეხობის ყოფა, სოფლის მასწავლებლის მდგომარეობა, სახალხო განათლება (აღსანიშნავია „ენა და ეროვნება“, 1895). სოფლის სიდუხჭირე აისახა მის მხატვრულ ქმნილებებშიც: „ერთი მიცვალებულის ბედი“ (1878), „ერთი ღამე თოვლქვეშ“ (1883), „ქართლელის ფიქრი გაზაფხულის პირზედ“ (1878), „ძალიან დღეობა კი იყო, ი დალოცვილი“ (1885). გრიგოლ ყიფშიძემ კირიონთან ერთად შეადგინა სახელმძღვანელო წიგნი „ქართული სიტყვიერების თეორია“ (1908), რომელიც რამდენჯერმე დაიბეჭდა. მანვე შეადგინა და რუსულ ენაზე გამოსცა კავკასიის პერიოდული პრესის ბიბლიოგრაფია (1901).

გრიგოლ ყიფშიძეს ნათარგმნი აქვს ჰენრიკ სენკევიჩის „ცეცხლითა და მახვილით“, პოლ ბურჟეს „ანდრე კორნელი“, ედმონდ დე ამიჩის „კარმელა“, ფრანსუა კოპეს „იაკობელები“, მატილდა სერანოს „ამბავი სიყვარულისა“, დე-ვო-გუეს „მართლმსაჯულები“, ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი“.

გრიგოლ ყიფშიძე გარდაიცვალა 1921 წლის 13 ნოემბერს და მისივე ანდერძის თანახმად დაკრძალულია ქარელის რაიონის სოფელ საღოლაშენში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ს. მგალობლიშვილი, მოგონებანი, 1838;
  • ი. მანსვეტაშვილი, მოგონებანი, ნახული და გაგონილი, 1936.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]