მთვარის ზღვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ძირითადი დეტალები მთვარის ბადროზე, რომელიც ჩანს შეუიარაღებელი თვალით: Z — „მთვარის კურდღელი“, A — კრატერი ტიხო, B — კრატერი კოპერნიკი, C — კრატერი კეპლერი, 1 — ქარიშხლების ოკეანე, 2 — წვიმების ზღვა, 3 — სიმშვიდის ზღვა, 4 — მოწმენდილობის ზღვა, 5 — ღრუბლების ზღვა, 6 — ნაყოფიერების ზღვა, 7 — კრიზისების ზღვა, 8 — სინოტივის ზღვა

მთვარის ზღვა — ვიზუალურად, შედარებით მუქი რელიეფი მთვარის ზედაპირზე.

მთვარის ზღვები პირველად 1652 წელს იტალიელი ასტრონომის ჯოვანი რიჩოლისა და იტალიელი ფიზიკოსის ფრანჩესკო გრიმალდის მიერ შედგენილ მთვარის რუკებზე გამოჩნდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მათში წყალი არ არის, მაგრამ ამ ობიექტებთან მიმართებაში ტერმინი „ზღვის“ გამოყენება და რუკაზე წარმოდგენილი ზღვების სახელები დღემდეა შემორჩენილი.

მთვარის ზღვები მთვარის ყველაზე დიდი რელიეფური მახასიათებელია. ისინი დაბლობებია (მაგალითად, წვიმის ზღვა მდებარეობს მიმდებარე ტერიტორიიდან 3 კმ-ის ქვემოთ) ბრტყელი ფსკერით, სავსე გამაგრებული ლავით. გამყარებული ლავა ხასიათდება მუქი შეფერილობით, ვიდრე მთვარის დანარჩენი ზედაპირი, რაც ხსნის მთვარის ზღვებისთვის დამახასიათებელ მონაცრისფრო-მოყავისფრო ელფერს. ზღვები დაფარულია ვულკანური ქანებით — ბაზალტებით, რომელთა ასაკი 3-4.5 მილიარდი წლისაა. მთვარის ზღვების საზღვრების მონახაზი უმეტეს შემთხვევაში მრგვალია. ზომა მერყეობს 200-დან 1100 კილომეტრამდე. მთვარის ზღვის დაბლობების ზედაპირზე არის ნაკეცები და ღია ფერის პატარა მთის მწვერვალები, რომლებიც გამოდიან ბაზალტის ფენის ქვეშ. მთვარის ზღვების ზედაპირზე საგრძნობლად ნაკლები კრატერებია, ვიდრე მსუბუქ, ამაღლებულ ადგილებში — მთვარის კონტინენტებზე.

ყველაზე დიდ დაბლობს ქარიშხლების ოკეანე ჰქვია. მისი სიგრძე 2000 კმ-ია. ზღვების მარგინალურ ზონებს, რომლებიც წააგავს ყურეებს, ისევე როგორც ბნელ დეპრესიებს ტბების სახით, დაარქვეს მათი ტიპის შესაბამისი სახელები. ზღვების ირგვლივ რგოლისებური მთის ქედებია. წვიმების ზღვას აკრავს ალპები, კავკასიონი, აპენინები, კარპატები და იურა. ნექტარის ზღვას — ალთაის და პირენეის მთები. აღმოსავლეთის ზღვას აკრავს კორდილიერები და რუკის მთები. ზღვებში ხანდახან არის ბორცვები — ხარვეზები; ყველაზე ცნობილია რაფა, სწორი კედელი — მდებარეობს ღრუბლების ზღვაში.

მთვარის უკანა მხარეს გაცილებით ნაკლები ზღვაა, ვიდრე ხილულ მხარეს, და ისინი მცირე ზომისანი არიან. არსებობს ვარაუდი, რომ მთვარეზე ზღვების წარმონაქმნები მხოლოდ რამდენიმე შეჯახების შედეგად წარმოიქმნა. დარტყმის შედეგად წარმოქმნილი კრატერები ლავით აივსო და მასკონები დაბადეს. ლავის ქანები უფრო მძიმეა ვიდრე კონტინენტური ქანები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ასიმეტრია მთვარის მასის განაწილებაში, რის შედეგადაც დედამიწის გრავიტაციამ სამუდამოდ დააფიქსირა მთვარის „საზღვაო“ ნახევარსფერო ჩვენი პლანეტის მიმართულებით. მთვარის შორეულ მხარეს ახასიათებს „აუზები“ — ძალიან დიდი რგოლის სტრუქტურები, რომელთა დიამეტრი 300 კმ-ზე მეტია. აღმოსავლეთის ზღვას, მოსკოვის ზღვას და სხვებს აქვთ ორი რგოლის ზვინული — გარე და შიდა, დიამეტრის თანაფარდობით 2/1. ზოგჯერ შიდა რგოლები ძლიერ ზიანდება.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: