შინაარსზე გადასვლა

მარიამ ბაირამალიბეკოვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარიამ ბაირამალიბეკოვა

მარიამ ბაირამალიბეკოვა ქალიშვილებთან ერთად
მშობლიური სახელი აზერ. Məryəm Bayraməlibəyova
დაბადების თარიღი 1898
ლენქორანი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1987
ბაქო, აზერბაიჯანის სსრ
ეროვნება აზერბაიჯანელი
საქმიანობა პედაგოგი
რელიგია ისლამი
მეუღლე(ები) ჯავად მალიქ-იეგანოვი
შვილ(ებ)ი სამი ქალიშვილი: აზერა, ტალია და ასიმანი
მშობლები მამა: თეიმურ ბაირამალიბეკოვი
დედა: შირინ ხანუმი

მარიამ ბაირამალიბეკოვა (აზერ. Məryəm Bayraməlibəyova; დ. 1898, ლენქორანი1987, ბაქო) — აზერბაიჯანელი საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, განმანათლებელი.

მარიამ ბაირამალიბეკოვა იყო აზერბაიჯანელი ისტორიკოსისა და ჟურნალისტის თეიმურ ბაირამალიბეკოვისა და მისი მეუღლის შირინის ქალიშვილი. მარიამი წარმოშობით თალიშ-აზერბაიჯანელი იყო. მას რუსული განათლება ჰქონდა მიღებული. ბაირამალიბეკოვამ თარგმნა კლასიკური რუსი მწერლების არაერთი ნაწარმოები აზერბაიჯანულ ენაზე და ცნობილი გახდა დასავლური კულტურის პოპულარიზაციით ლენქორანსა და მეზობელ რეგიონებში.

მარიამი საუბრობდა რუსულ, სპარსულ და არაბულ ენებზე. ის თავისუფლად კითხულობდა ყურანს. 8 წლის ასაკში წავიდა ბაქოს მუსლიმ გოგონათა სკოლაში, რომელიც გახსნა ჰაჯი ზეინალაბდინ თაღიევმა[1]. 1906 წელს მარიამ ბაირამალიბეკოვა ბაქოს ალექსანდრინსკის რუსულ-მაჰმადიან ქალთა სკოლაში, ხოლო 7 წლის შემდეგ - წმინდა ნინას საშუალო სკოლა-ინტერნატში შეიყვანეს. 1917 წელს მან წარჩინებით დაამთავრა საშუალო სკოლა და ჩაირიცხა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. თუმცა, ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, როგორც მწერლის ქალიშვილმა, ბაირამალიბეკოვამ ჩათვალა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა და დაბრუნდა ლენქორანში. მან უმაღლესი განათლების მიღება მაინც შეძლო და ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის საფეხური წარჩინებით 1931 წელს დაასრულა. 1917 წელს თეიმურ ბაირამალიბეკოვის დახმარებით მან მშობლიურ ქალაქში დააარსა პირველი საერო ქალთა სკოლა მთელს მაზრაში და გახდა მისი პირველი დირექტორი. სკოლას „უნასი“ ერქვა. ბაირამალიბეკოვებმა ბევრი ოჯახი მოინახულეს ლენქორანში და მოუწოდეს მათ თავიანთი ქალიშვილები გაეგზავნათ ამ სკოლაში. კურსები ტარდებოდა რუსულ ენაზე. ხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით, მარიამ ბაირამალიბეკოვამ სკოლაში მოაწყო დრამატული, საგუნდო და მუსიკალური წრეების ჩამოყალიბება, რაც, როგორც ჩანს, წარმატებული იყო, რადგან მისი ორი სტუდენტი მოგვიანებით ცნობილი აზერბაიჯანელი მსახიობი გახდა - აგიგატ რზაევა[1], მეორე კი ცნობილი მუღამის მომღერალი. 1919 წელს ბაირამალიბეკოვამ დააარსა ლენქორანის ქალთა საქველმოქმედო საზოგადოება[2][3].

ბაირამალიბეკოვა გათხოვილი იყო აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის ლენქორანის გენერალ-გუბერნატორ ჯავად მალიქ-იეგანოვზე. მიუხედავად 20 წლიანი ასაკობრივი სხვაობისა, 1920 წელს ისინი დაქორწინდნენ და შეეძინათ სამი ქალიშვილი: აზერა, ტალია და ასიმანი[3].

1925 წელს, ბაქოში გადასვლიდან ოთხი წლის შემდეგ, მარიამ ბაირამალიბეკოვა აირჩიეს აზერბაიჯანის წარმომადგენლად პირველ საკავშირო მასწავლებელთა კონგრესზე. იმ პერიოდში ის ბაქოს საშუალო სკოლის დირექტორი იყო. ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლისას რუსულად თარგმნიდა აზერბაიჯანელი პოეტების ნაწარმოებებს. 1933 წელს ბაირამალიბეკოვას ქმარი დააპატიმრეს პარტია „მუსავათთან“ არსებული კავშირშის გამო. მის მერე მალიქ-იეგანოვი ოჯახს აღარ უნახავს. ხუთი წლის შემდეგ, იმავე ბრალდებით დააკავეს თავად ბაირამალიბეკოვა, თუმცა ის ოფიციალურად არასოდეს ეკუთვნოდა „მუსავათს“. მარიამი იძულებული გახდა დაეტოვებინა შვილები, რომლებსაც ბებია უვლიდა. ის გადაასახლეს არხანგელსკის გამოსასწორებელ ბანაკში, სადაც მძიმე ფიზიკურ სამუშაოს ასრულებდა; თუმცა განათლებიდან გამომდინარე დააწინაურეს ბუღალტერის თანამდებობაზე. როდესაც მან დაიწყო მხედველობის დაკარგვა 1940-იანი წლების დასაწყისში, იგი გაგზავნეს მოსკოვის ბუტირკას ციხეში მისი მდგომარეობის გამო სამედიცინო დახმარების გაწევის საბაბით. დახმარება არასოდეს გაუწევიათ და ის მალევე გაგზავნეს არხანგელსკში, შემდეგ კი ყარაღანდაში, ყაზახეთში. 1948 წელს, ვადის მოხდის შემდეგ, უკვე თითქმის ბრმა მარიამ ბაირამალიბეკოვა დაბრუნდა აზერბაიჯანში, მაგრამ ვეღარ შეძლო მუშაობის გაგრძელება. 1956 წელს ოფიციალურად რეაბილიტირებულ იქნა და 1964 წელს მიიღო სახელმწიფო პენსია[2].

ბაირამალიბეკოვა დაშქესანში ცხოვრობდა 1956 წლამდე. მოგვიანებით ის ბაქოში გადავიდა და შვილებს შეუერთდა. მარიამის 3 ქალიშვილმა, მიუხედავად ბედისწერის სირთულისა, უმაღლესი განათლება მიიღო[2]. აზერა და ტალია ექიმები გახდნენ, ასიმანი კი ეკონომისტი[1].

მარიამ ბაირამალიბეოვა ბაქოში 1987 წელს 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. 2000 წელს ბაქოში, სადაც მალიქ-იეგანოვები ცხოვრობდნენ, სამახსოვრო დაფა არის მოთავსებული[4].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]