თალიშები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თალიშები — კავკასიის ერთ-ერთი უძველესი ერი. ცვოვრობენ აზერბაიჯანის სამხრეთსა და ირანის ჩრდილოეთ ნაწილში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თალიშები სამხრეთ კავკასიის და აზერბაიჯანის უკიდურეს სამხრეთაღმოსავლეთში მცხოვრები ძირძველი ეთნოსია. თალიშები აზერბაიჯანის მოსაზღვრე ირანშიც ცხოვრობენ. ბოლო შეფასებითი მონაცემებით, ირანში თალიშების რაოდენობას 100 ათას კაცს ანგარიშობენ. რაც შეეხება აზერბაიჯანში თალიშების ეთნოდემოგრაფიულ მონაცემებს, აქ დიდი გაურკვევლობაა. საბჭოთა პერიოდში, 1959, 1970, 1979 წლების მოსახლეობის აღწერებში თალიშები, როგორც დამოუკიდებელი ეთნიკური ერთეული, საერთოდ არ აღრიცხეს. ისინი აზერბაიჯანელებს მიაკუთვნეს. 1989 წელს ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, თალიშების რაოდენობა 21,2 ათასი იყო, 1999 წელს კი 67,8 ათასი.

თურქული ტომების შემოჭრამდე (XI-XII სს.) თალიშები თავიანთი ეთნიკური ტერიტორიის სრული ბატონ-პატრონები იყვნენ. სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ თალიშების განსახლების არეალი ჯერ ძველი სახელმწიფოს — მიდიის შემადგენლობაში, შემდეგ კი სპარსეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში შედიოდა. XVI საუკუნის დასაწყისიდან თალიშეთი სეფევიდების სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილი იყო. თალიში ფეოდალები ყოველთვის შაჰების აქტიური მხარდამჭერები იყვნენ. თალიშის პროვინციას შაჰის მიერ დანიშნული ადგილობრივი მმართველები ხელმძღვანელობდნენ. მაგრამ იმის გამო, რომ ლენქორანი ცენტრისაგან საკმაოდ დაშორებული იყო, შემდგომში შაჰის ხელისუფლებამ ლენქორანი გილიანის ოლქს შეუერთა (გილიანელები ეთნიკურად და ენობრივად თალიშებთან ძალიან ახლოს არიან).

თვითსახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღსანიშნავია, რომ თალიშების თვითსახელწოდებაა თოლიშ. თალიშები ინდოევროპულ ენათა ოჯახის დასავლურ-ირანული ჯგუფის ჩრდილო-დასავლური ქვეჯგუფის თალიშურ ენაზე ლაპარაკობენ. დამწერლობა ლათინური გრაფიკით 1928 წელს შეიქმნა. რამდენიმე წლის განმავლობაში თალიშურ ენაზე გამოიცემოდა 19 ბეჭდვითი გამოცემა. ჯერ კიდევ 1930-იანი წლების ბოლოს თალიშურ ენაზე ყველა გამოცემა შეწყდა. უკანასკნელი წლების განმავლობაში თალიშურ ენაზე წიგნებისა და გაზეთების გამოცემა განახლდა. უნდა აღინიშნოს, რომ თალიშეთის სოფლებში შემოიღეს თალიშური ენის სწავლება. ყველა თალიში ორენოვანია. თალიშები თალიშურ ენასთან ერთად აზერბაიჯანულ ენასაც თანაბრად ფლობენ.

მეურნეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თალიშების მეურნეობის ერთ-ერთი ძირითადი დარგი მიწათმოქმედება იყო. ასევე მისდევდნენ მესაქონლეობას, მეფუტკრეობას და მეთევზეობასაც. თალიშებს ასევე დიდი ხნის განმავლობაში, ჰქონდათ გამოყვანილი ბრინჯის ორმოცდაათადე სახეობაც. სწორედ აქედან გამომდინარე, საკვებში პირველი ადგილი მთლიანად ბრინჯის კერძებს ეკავა. სახვნელ მიწათმოქმედებას (პურეული კულტურების მოყვანას) წამყვანი ადგილი მხოლოდ მთასა და მთისწინეთში ეკავა. ბახჩეული და ბოსტნეული კულტურები დაბლობში მოყავდათ. თალიშეთში 26 ჯიშის ნესვი და ათი ჯიშის საზამთრო იყო გავრცელებული. ბრინჯის მაღალი მოსავლის მისაღებად, თალიშები მიწას ექვსჯერ ამუშავებდნენ, თანაც ექვსივე შემთხვევაში სხვადასხვა, შესაბამისი იარაღით. მოსახლეობის სამეურნეო ყოფაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა მეაბრეშუმეობას, მევენახეობას. მეცნიერებს თალიშების სამეურნეო ყოფის შესწავლამ შემდეგი დასკვნის გამოტანის საშუალება მისცა XIX საუკუნესა და XX საუკუნის დასაწყისში თალიშები მაღალი სამიწათმოქმედო კულტურის მატარებელნი იყვნენ არა მხოლოდ თალიშეთში, არამედ მთელ აზერბაიჯანში. სამიწათმოქმედო მეურნეობაში თალიშები გამოიყენებდნენ თვითმყოფად და ტრადიციულ ხელის იარაღსა და სახვნელებს.

თალიშებს ჰქონდათ მდიდარი და თავისებური კვების კულტურა. თალიშების ძირითადი საჭმელი იყო მოხარშული ბრინჯი, რომელსაც ფლოს უწოდებდნენ. თალიშებს ფლავის 20-მდე სახეობა ჰქონდათ, რომლებიც შესაკაზმავი საშუალებებით განსხვავდებოდნენ. იცოდნენ ფლავი მოხარშული ხორცით, ქათმით, იხვით, ქიშმიშით, გოგრით, ოსპით, რძით და ა. შ. ძალიან უყვარდათ ფქვილისაგან გამომცხვარი ტკბილეულობა. ყოველდღე მიირთმევდნენ რძის პროდუქტებს, სხვადასხვაგვარ მწვანილეულს. არ სვამდნენ სპირტიან სასმელებს. რადგანაც თალიშებში ძალიან განვითარებული იყო მეფუტკრეობა, მათი კვების რაციონში დიდი ადგილი თაფლს ეკავა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]