შინაარსზე გადასვლა

ლამპრობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლამპრობა (სვან. ლიმპჲარ, დეცეშ ლამპრობ, სუიმნიშ, სუიმნიშლამპრობ) — ადრესაგაზაფხულო დღესასწაული ძველ საქართველოში. უკავშირდება მირქმის ქრისტიანულ დღესასწაულს. უკანასკნელ ხანამდე ხალხურმა ყოფამ იგი სვანეთში შემოინახა, თუმცა ლამპრობის დღესასწაულის შესახებ ხსნოვნა აგრეთვე შემორჩენილია გურიასა და აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში.

ლამპრობის დღესასწაული ძირითადად 1 თებერვალს იმართებოდა. მისი მიზანი იყო მოსავლიანობის, საქონლის, ადამიანის გამრავლება და კარგი ამინდის გამოთხოვა. ქვემო სვანეთში წინასწარ დამზადებული არყის ან მუხის გამხმარი და დაჩეჩქვილი ტოტებისაგან გაკეთებულ „ლამპრებს“ ანთებდნენ. ანთებული ლამპრების რაოდენობა ოჯახის სულადობით განისაზღვრებოდა, ზემო სვანეთში ლამპრობას „სვომონობასაც“ ეძახდნენ, რომელიც კვირიას ციკლის ადრესაგაზაფხულო დღესასწაულებში შედიოდა და სვანური ვარიანტის - ბერიკაობა-ზეენობის მსგავსად იმართებოდა: ირჩევდნენ „კეისარს“, მის „ცოლებს“ და „ვეზირებს“. მესტიის რაიონის სოფ. ლახირის მთავარანგელოზის ეკლესიაში მიჰქონდათ რიტუალური კვერები, იმართებოდა ზედაშეს რიტუალური სმა. ეკლესიიდან ხალხი „მესვიმნიშის“ ოჯახში მოდიოდა, ე. ი. იმასთან, ვინც სვიმონობას იხდიდა და რიგით თემის მასპინძელიც იყო; იქ მღეროდნენ სადიდებელ ჰიმნებს, კერას უვლიდნენ ანთებული სანთლებით, რომლებსაც შემდეგ საქონლის სადგომის ტიხარზე აკრავდნენ. იმართებოდა ჭიდაობა, გუნდაობა, ფერხული „ლამპრული“. მეორე დღეს წმინდა გიორგისა და წმინდა მარიამის ლამპრობა, უფრო მოგვიანებით - ცის ლამპრობა იმართებოდა. ლამპრობა თავისი შინაარსით ძველი მიწათმოქმედ ხალხთა ტიპობრივი დღესასწაულია. ბუნების გაღვიძების, მზის ცხოველმყოფელობისა და გაზაფხულის დროზე დადგომის შესათხოვად ზამთარში კოცონს ანთებდნენ. სახელწოდება „სვომონობა“ ამ დღესასწაულმა სვიმონ უფლისმოქმედის სახელის მიხედვით მიიღო (როდესაც დღესასწაულის გაქრისტიანების მიზნით მოხდა ძველი და ახალი რიტუალების შერწყმა), რომლის დღეს, საეკლესიო კალენდრის თანახმად 1 თებერვალი ითვლება.

  • სურგულაძე ირ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 118.
  • გუჯეჯიანი, რ. „ლამპრობის ტრადიცია საქართველოში“ „კავკასიის ეთნოლოგიური კრებული“ XVI გვ. 57-78— „უნივერსალი“, თბილისი, 2015 ISSN 1987-7374</ref>
  • სვანური პროზაული ტექსტები, ტ. 1 - ბალსზემოური კილო. ტექსტები შეკრიბეს ა. შანიძემ და ვ. თოფურიამ, თბილისი, 1939;
  • წულაძე, ა. „ეთნოგრაფიული გურია“, გვ. 74-75, თბილისი, 2009

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]