არბოობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არბოობა — წმინდა გიორგის სახელთან დაკავშირებული რელიგიური დღესასწაული, იმართებოდა რამდენიმე სოფელში ერთდროულად. მთავარ დღეობას იხდიდნენ სოფ. არბოში (გორის რაიონი), აგრეთვე სოფ. გერში (ცხინვალის რაიონი).

არბოობა იწყებოდა აგვისტოს ბოლო კვირას და სამ კვირას (შაბათ-კვირაობით) გრძელდებოდა (თავი არბოობა ანუ თავგერისთობა, შუა გერისთობა და ბოლო გერისთობა). მლოცველები ხშირად ჯერ (პარასკეობით) გერის წმინდა გიორგის ეკლესიაში მიდიოდნენ, ღამეს ათევდნენ, შაბათს კი მთავარი სალოცავის - არბოს წმ. გიორგის ეკლესიის კარზე გადადიოდნენ. შესაწირავად მიჰყავდათ მოზვერი, ცხვარი ან ქათამი. არბოს წმ. გიორგის ეკლესიის მრევლს შეადგენდნენ შიდა და ზემო ქართლის მლოცველები. ვახუშტის ვარაუდით "არბოწმიდის" ეკლესია აშენებული უნდა იყოს აბო თბილელის სახელზე, რომლის წმინდა ნაწილი ამ ადგილზე დაუკრძალავთ. არბოობასთან დაკავშირებული იყო ტრადიციული ბაზრობა, რომელმაც XIX საუკუნის II ნახევრიდან ფართო ხასიათი მიიღო. არბოობა გადმონაშთის სახით დღემდე შემორჩა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯალაბაძე გ., ქსე, ტ. 1, გვ. 548, თბ., 1975