ფრანჩესკო I სფორცა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფრანჩესკო I სფორცა
Francesco Sforza.jpg
მილანის ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 25 მარტი, 1450
მმართ. დასასრული: 8 მარტი, 1466
წინამორბედი: ფილიპო მარია ვისკონტი
მემკვიდრე: გალეაცო მარია სფორცა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 23 ივლისი, 1401
დაბ. ადგილი: პიზა, იტალია
გარდ. თარიღი: 8 მარტი, 1466, (64 წლის)
გარდ. ადგილი: მილანი, იტალია
მეუღლე: პოლიზენა რუფო
ბიანკა მარია ვისკონტი
შვილები: გალეაცო მარია, მილანის ჰერცოგი
იპოლიტა მარია, კალაბრიის ჰერცოგინია
ფილიპო მარია, კორსიკას გრაფი
სფორცა მარია, ბარის ჰერცოგი
ფრანჩესკო გალეაცო
ასკანიო, კარდინალი
ლუდოვიკო, მილანის ჰერცოგი
ელიზაბეტა მარია, მონფერატოს მარკიზა
ოტავიანო მარია, ლუგანოს გრაფი
დინასტია: სფორცები
მამა: მურციო ატენდოლო სფორცა
დედა: ლუჩია და ტორზანო
რელიგია: კათოლიციზმი

ფრანჩესკო I სფორცა (იტალ. Francesco I Sforza; დ. 23 ივლისი, 1401 — გ. 8 მარტი, 1466) — იტალიელი კონდიტიერი, სფორცას დინასტიის წარმომადგენელი და დამაარსებელი. მილანის ჰერცოგი 1450-66 წლებში როგორც ჰერცოგ ფილიპო მარია ვისკონტის ასულ ბიანკა მარიას მეუღლე. მილანის ორი ჰერცოგის: გალეაცო მარიასა და ლუდოვიკო სფორცების მამა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრანჩესკო დაიბადა 1401 წლის 23 ივლისს, პიზასთან ახლოს. იგი იყო მდიდარი იტალიელი კონდიტიერის, მურციო ატენდოლო სფორცასა და ლუჩია და ტორზანოს არალეგიტიმური ვაჟი. 1424 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ ქონება მან და მისმა ძმამ გადაინაწილეს. ახალგაზრდობაში იგი ცნობილი იყო, როგორც დიდი ჩხუბისთავი. მას შიშველი ხელებით შეეძლო ეცემა რკინის აბჯარ ასხმული კაცი, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად იგი მეტად ტაქტიან და დახვეწილ კაცად იქცა.

ფრანჩესკო სფორცა აქტიურად მონაწილეობდა მილანელი ვისკონტებისა და პაპის მხარეს, ვენეციის წინააღმდეგ. სწორედ ამ ბრძოლებში გაითქვა მან სახელი და გამოჩნდა მილანის სამეფო კარზე, სადაც 1418 წლის 19 ოქტომბერს დაქორწინდა მონალტოს გრაფის ასულ პოლიზენა რუფოზე. 1420 წელს მათ გოგონა შეეძინათ, რომელიც დაბადებისთანავე დაიღუპა, მის მშობიარობას კი გადაჰყვა თავად პოლიზენაც. ამ ყველაფერმა ფრანჩესკოზე დიდი გავლენა იქონია, თუმცა 1441 წელს იგი დაქორწინდა თვით მილანის ჰერცოგ ფილიპო მარიას ერთადერთ ასულ ბიანკა მარია ვისკონტზე (1424-1468). ამ ქორწინებით მან მიიღო არამხოლოდ ახალგაზრდა და ჯანმრთელი მეუღლე, რომელიც მემკვიდრეებს უჩენდა, არამედ პონრემოლისა და კრემონას საგრაფოებიც, ამასთან ერთად იგი გახდა მილანის საჰერცოგოს ტახტის მემკვიდრეც. მისი სიმამრის გარდაცვალების შემდეგ, 1447 წელს, მილანში ამბროსიელთა რესპუბლიკა დამყარდა. 1450 წლის 25 მარტს, ფრანჩესკო სფორცა ტრიუმფით შევიდა მილანში, დაამხო რესპუბლიკა და ჰერცოგად ეკურთხა, რის შემდეგაც დამყარდა სფორცას დინასტიის მმართველობა. 1454 წელს, მისი მმართველობა აღიარა ვენეციამაც. ფრანჩესკომ დიდი წარმატებით ჩაახშო პიაჩენცას აჯანყება და ევროპის ორი უდიდესი მონარქი — საფრანგეთის მეფე ლუი XI და ფლორენციის სენიორი კოზიმო მედიჩი თავის მოკავშირეებად აქცია. ამის შემდეგ, მილანი მთელს ჩრდილო იტალიაში დომინირებდა, გენუის რესპუბლიკა კი ფაქტიურად მთლიანად მის დაქვემდებარებაში მოექცა.

ფრანჩესკო I-მა პორტა ჯოვიოს ციხე-სიმაგრე ააშენა, სადაც სულ მალე უდიდესი ჰოსპიტალი განათავსა, ამასთან, მილანში გაიყვანა პირველი სარწყავი არხები. იგი გულთბილად იღებდა ოსმალების მიერ შევიწროვებულ გამოქცეულ ბერძნებს და მათ მიწებსაც აძლევდათ, რათა დაემუშავებინათ, თუმცა აქ მოყანილი პროდუქტის ნახევარი მილანელებს რჩებოდათ. მიუხედავად ამისა, სწორედ ამ დროს აღორძინდა მილანში სოფლის მეურნეობა, რამეთუ ბერძნები ამით კმაყოფილებიც კი იყვნენ. სულ მალე, იგი დინასტიურ ქორწინებებში ერთვება და თავისი ასულს, განათლებით სახელგანთქმულ ანა სფორცას მოდენასა და ფერარას ჰერცოგზე აქორწინებს, ელიზაბეტას კი მონფერატოს მარკიზზე. მისი გავლენები რომშიც არანაკლები იყო, რამეთუ მისი ვაჟი ასკანიო კარდინალი და კონსისტორიის წევრი იყო.

მაკიაველი არაერთხელ აღნიშნავდა ფრანჩესკოს თავის ნაწარმოებებში, სადაც საუბრობდა და აქებდა მის პოლიტიკურ ნიჭსა და სიფრთხილეს. მისი ვაჟი ლუდოვიკო, შემდგომში მსოფლიოს ყველაზე ცნობილი მხატვრის — ლეონარდო და ვინჩის მფარველი გახდა. ფრანჩესკო გარდაიცვალა 1466 წლის 8 მარტს, მილანში, მის შემდეგ ტახტზე მისი ვაჟი გალეაცო მარია ავიდა.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრანჩესკოს თავის მეორე ცოლთან, ბიანკა მარია ვისკონტთან შვიდი ვაჟი და ორი ასული შეეძინა:

  1. გალეაცო მარია (1444-1476), მილანის ჰერცოგი, პირველად იქორწინა დოროთეა გონძაგაზე, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ცოლად ბონა სავოიელი შეირთო, რომელთანაც ოთხი შვილი ეყოლა, მათ შორის საღვთო რომის იმპერატრიცა ბიანკა მარია სფორცა, ფერარასა და მოდენას ჰერცოგინია ანა სფორცა და მილანის ჰერცოგი ჯან გალეაცო სფორცა, ამას გარდა, ჰყავდა უკანონო შვილებიც, რომელთაგანაც აღსანიშნავია ფორლის გრაფინია კატერინა სფორცა;
  2. იპოლიტა მარია (1446-1484), ცოლად გაჰყვა კალაბრიის ჰერცოგს და შემდგომში ნეაპოლის მეფე ალფონსო II-ს, რომელთანაც შეეძინა ასული, სახელად იზაბელა არაგონელი, რომელიც შემდგომში იპოლიტა მარიას ძმის შვილზე, მილანის ჰერცოგ ჯან გალეაცო სფორცაზე დაქორწინდა;
  3. ფილიპო მარია (1449-1492), კორსიკას გრაფი;
  4. სფორცა მარია (1451-1479), ბარის ჰერცოგი;
  5. ფრანჩესკო გალეაცო მარია (1452), დაიღუპა ჩვილი;
  6. ლუდოვიკო მარია (1452-1508), მილანის ჰერცოგი, ცოლად შეირთო ბეატრიჩე დ’ესტე, რომელთანაც შეეძინა ორი ვაჟი, ორივე მათგანი შემდგომში მილანის ჰერცოგი გახდა, თუმცა შვილები არცერთს ჰყოლია, რის გამოც შეწყდა სფორცას დინასტია;
  7. ასკანიო მარია (1455-1505), პავიას, კრემონას, პესაროსა და ნოვარას ეპისკოპოსი, კიარავილეს აბატი და კარდინალი;
  8. ელიზაბეტა მარია (1456-1473), ცოლად გაჰყვა მონფერატოს მარკიზ გულიელმო VIII-ს, რომელთანაც შეეძინა ერთადერთი ასული, სახელად ბიანკა, რომელიც შემდგომში სავოიის ჰერცოგინია გახდა;
  9. ოტავიანო მარია (1458-1477), ლუგანოს გრაფი;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Alfredo Bosisio, Il Basso Medioevo, in Federico Curato (a cura di), Storia Universale, vol. 4, Novara, Istituto geografico De Agostini, 1968, SBN IT\ICCU\SBL\0106101.
  • Alfredo Bosisio, Storia di Milano, 3ª ed., Firenze-Milano, Giunti-Martello, 1978, SBN IT\ICCU\NAP\0249906.
  • Bernardino Corio, Storia di Milano, a cura di Egidio De Magri, Angelo Butti e Luigi Ferrario, vol. 2, Milano, Francesco Colombo, 1856, SBN IT\ICCU\LO1\0619498.
  • Carlo Maria Lomartire, Gli Sforza. Il racconto della dinastia che fece grande Milano, Verona, 2018. ISBN 978-88-04-68815-0.
  • Guido Lopez, I Signori di Milano - dai Visconti agli Sforza, Roma, Newton Compton Editori, 2003, ISBN 88-8289-951-9.
  • Caterina Santoro, Gli Sforza: La casata nobiliare che resse il Ducato di Milano dal 1450 al 1535, Milano, Lampi di stampa, 1999, ISBN 88-488-0056-4.