იოანე III (ტრაპიზონი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იოანე III დიდი კომნენოსი
Ιωάννης Γ΄ Μέγας Κομνηνός
ტრაპიზონის იმპერიის იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 1342
მმართ. დასასრული: 1344
წინამორბედი: ანა კომნენოსი
მემკვიდრე: მიხეილ კომნენოსი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1321
დაბ. ადგილი: კონსტანტინოპოლი
გარდ. თარიღი: 1362
გარდ. ადგილი: სინოპი
მამა: მიხეილ კომნენოსი

იოანე III დიდი კომნენოსი (ბერძ. Μιχαήλ Μέγας Κομνηνός; დ. 1321, კონსტანტინოპოლი, ბიზანტიის იმპერია — გ. 1362, სინოპი) — ტრაპიზონის იმპერიის იმპერატორი 1342-1344 წლებში. მიხეილ კომნენოსის ვაჟი.

იოანემ სიცოცხლის უმეტესი ნაწილი კონსტანტინოპოლში გაატარა, სადაც მამამისი 1297 წლიდან ცხოვრობდა. როდესაც მიხეილი ტრაპიზონის იმპერატორი გახდა, სადაც მალევე დაამხეს და დააპატიმრეს, იგი კვლავ კონსტანტინოპოლში რჩებოდა. 1342 წელს ნიკეტას სქოლარესმა და გრიგორი მეიტზომატესმა იოანე მათთან ერთად ტრაპიზონში წასვლასა და ტახტის დაკავებაზე დაითანხმეს. ბიზანტიის მთავრობის მხარდაჭერითა და გენუელთა სამი გალერის დახმარებით, იოანემ ხანმოკლე, თუმცა სისხლისმღვრელი ბრძოლის შემდეგ 4 სექტემბერს ქალაქი დაიკავა. მისი კორონაციის შემდეგ გადაყენებული იმპერატორი ანა კომნენოსი დაახრჩვეს, მისი მხარდამჭერები კი სიკვდილით დასაჯეს ან გადაასახლეს.

იოანე III სუსტი მმართველი აღმოჩნდა, რომელიც მხოლოდ გართობასა და ფუფუნებაზე ფიქრობდა. მან საკუთარი მამის გასათავისუფლებლადაც კი არაფერი იღონა. მიხეილი პატიმრობიდან ნიკეტას სქოლარესმა გაათავისუფლა და ტრაპიზონში დააბრუნა. იოანე III წმინდა საბას მონასტერში გამოკეტეს, სადაც იგი ბიზანტიური დაცვის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, ხოლო ტახტზე კვლავ მიხეილ კომნენოსი ავიდა.[1]

მოგვიანებით იოანე კონსტანტინოპოლში, შემდეგ კი ადრიანოპოლში გადაიყვანეს. იგი ტახტის დასაბრუნებლად ბრძოლას აპირებდა, თუმცა 1362 წელს სინოპში გარდაიცვალა. მიქაელ პანარეტოსი გადმოგვცემს, რომ იოანეს შვილი ჰყავდა, თუმცა მის სახელს არ ასახელებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. William Miller, Trebizond: The last Greek Empire of the Byzantine Era: 1204-1461, 1926 (Chicago: Argonaut, 1969), pp. 52f
წინამორბედი:
ანა კომნენოსი
ტრაპიზონის იმპერიის იმპერატორი
1342-1344
შემდეგი:
მიხეილ კომნენოსი