ინკების მითოლოგია
სტატიები თემატიკაზე ინკების ცივილიზაცია | |
საზოგადოება | |
---|---|
განათლება | |
რელიგია | |
მითოლოგია | |
გზები | |
არმია | |
სოფლის მეურნეობა | |
სამზარეულო | |
ინკების ისტორია | |
ინკების იმპერია | |
დაპყრობა |
ინკების მითოლოგია უამრავ ისეთ ამბავსა და ლეგენდას შეიცავს, რომელიც მათი რელიგიური მრწამსის ახსნის საშუალებას იძლევა.
კათოლიკე მისიონერმა მღვდლებმა, რომლებიც ინკების მიწაზე ფრანსისკო პისაროს მიერ მათი იმპერიის დაპყრობის შემდეგ გამოჩნდნენ, ინკების კულტურის ჩანაწერები თითქმის მთლიანად დაწვეს. ამჟამად არსებული თეორიის თანახმად, რომელიც წამოაყენა მეცნიერმა გარი არტონმა, ინკების დამწერლობის სისტემას წარმოადგენდა კიპუ, რომელსაც უზარმაზარი ინფორმაციის შენახვა შეეძლო. დღესდღეობით ინკებზე არსებული ყველა ინფორმაცია ეყრდნობა კათოლიკე მღვდლების ჩანაწერებს, რომლებიც საკუთარი თვალებით ხედავდნენ მათ წეს-ჩვეულებებს ან მათ ტაძრებსა და არქიტექტურულ ძეგლებზე გამოსახული ნახატები ეუბნებოდნენ ბევრ რამეს ამის შესახებ. უამრავმა მითმა და ლეგენდამ კი დღემდე მოაღწია გადარჩენილ ინკებში.
ძირითადი მითები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ძალზედ ბევრი, ერთმანეთში არეული ლეგენდა არსებობს მანკო კაპაკის — ინკების დინასტიის დამაარსებლის შესახებ, განსაკუთრებით რაც შეეხება მის დაბადებას და კუსკოს სამეფოს დაარსებას. ერთი ლეგენდის მიხედვით, ის იყო ღმერთ ვირაკოჩას ძე, მეორე ლეგენდის თანახმად, იგი იყო მზის ღმერთ ინტის ვაჟი, რომელიც იშვა ტიტიკაკას ტბის სიღრმეში.
ასევე უამრავი მითი არსებობს მანკო კაპაკის ინკების მმართველობაში მოსვლის შესახებ. ერთ-ერთი მათგანის თანახმად, მანკო კაპაკი და მისს ძმა პაჩა კამაკი იყვნენ მზის ღმერთ ინტის შვილები. ამავე მითს თუ დავუჯერებთ, მანკო კაპაკი და მისი და-ძმები მზის ღმერთმა შემდეგნაირად მოავლინა დედამიწაზე: ერთ დღეს, ისინი პაკარიტამბოს გამოქვაბულიდან ოქროს კვერთხებით (ინკა იუარი) ხელში მოევლინნენ სამყაროს. მათ მითითებული ჰქონდათ, რომ აეშენებინათ მზის ღმერთის ტაძარი იქ, სადაც კვერთხი ჩაერჭობოდა მიწაში. მიწისქვეშა გამოქვაბულებით, ისინი გაემგზავრნენ კუსკოში, სადაც ააშენეს თავიანთი მამის, ინტის ტაძარი.
მეორე ვერსიის თანახმად, მანკო კაპაკი და მისი ძმები იშვნენ ტიტიკაკას წყლის სიღრმეებში.
ერთი მითის მიხედვით, მანკო კაპაკი იყო ღმერთ ვირაკოჩას ძე. ის და მისი და-ძმები (აიარ ანკა, აიარ კაში, აიარ უჩუ, მამა ოკლო, მამა უაკო, მამა რაუა), ცხოვრობდნენ კუსკოსთან ახლოს, პაკარი-ტამპუში და ისინი მოგზაურობისას თავიანთ გარშემო იკრებდნენ სხვადასხვა ტომის ხალხს. ერთხელაც, მათ გადაწყვიტეს კუსკოს ხეობის ხალხების დაპყრობა. ამ ლეგენდის თანახმადაც, მანკო კაპაკს ჰქონდა ოქროს კვერთხი, რომელიც მამამისმა უბოძა. ეჭვიანობის ნიადაგზე, მანკო კაპაკმა მოღალატურად დახოცა უფროსი ძმები და გახდა კუსკოს ერთადერთი მმართველი.
ღმერთები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რომაელების მსგავსად, ინკები დაპყრობილ ხალხებს არ აიძულებდნენ საკუთარი რელიგიის უარყოფას. სწორედ ამიტომაა, რომ ინკების იმპერიაში არაერთი ღმერთის კულტი იყო გავრცელებული.
- აპო ან აპუ - მთების ღმერთი. ყველა მნიშვნელოვან მთებს ჰყავდა თავისი აპუ.
- აპოკატეკილი - ელვის ღმერთი.
- კატეკილი – ჭექა-ქუხილის ღმერთი
- ჩასკა – განთიადისა და მწუხრის ქალღმერთი. ის ითვლებოდა ქალწული გოგონების მფარველად.
- ჩასკა კოილური – ყვავილების, მოზარდი ქალწულებისა და სექსის ქალღმერთი.
- მამა კუკა – ჯანმრთელობისა და ბედნიერების ქალღმერთი.
- კოპაკატი – ტბების ქალღმერთი
- ეკეკო – ოჯახის კერიისა და სიმდიდრის ღმერთი
- ლაპა – ამინდის ძალზედ პოპულარული ღმერთი. მისი დღესასწაული იყო 25 ივლისი.
- ინტი – მზის ღმერთი. ყველაზე მნიშვნელოვანი ღვთაება ინკების იმპერიაში. იგი ითვლებოდა სინათლის წყაროდ და ხალხის დამცველად.
- კონი – წვიმისა და სამხრეთის ქარის ღმერთი. მზის ღმერთ ინტის ძე.
- მამა ალპა – ნაყოფიერების ქალღმერთი.
- მამა კოჩა – ზღვისა და თევზაობის ქალღმერთი. იცავდა მეთევზეებს. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, მან ვირაკოჩასგან იშვილა ინტი.
- მამა პაჩა – მიწისძვრის ქალღმერთი.
- მამა კუილა – მთვარის ქალღმერთი. ვირაკოჩას ასული და ინტის ცოლი. მანკო კაპაკის დედა.
- მამა ზარა – მარცვლეულის ქალღმერთი.
- პირიაკაკა – ინკებამდელი ცივილიზაციების წყლის ღმერთი, რომელიც შემდეგ ინკებმაც გააღმერთეს.
- პირიკაკა – ღმერთი, რომელიც წყალდიდობას უგზავნიდა ადამიანებს, თუკი მას სათანადო პატივს არ მიაგებდნენ.
- სუპაი – სიკვდილის ღმერთი.
- ურკაგუარი – ლითონების, ძვირფასეულობისა და სხვა მიწისქვეშა წიაღისეულის ღმერთი.
- ურკუჩილაი – ცხოველთა მფარველი ღმერთი.
- ვირაკოჩა – ყველაფრის ღმერთი. თავდაპირველად ის იყო ინკების მთავარი ღვთაება, მაგრამ საპა ინკა პაჩაკუტიმ, ვირაკოჩას კულტი შეცვალა მზის ღმერთ ინტის კულტით.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Глава IV. ИНКА НА ЗЕМЛЕ - СОЛНЦЕ НА НЕБЕИСТОЧНИКИ ПО РЕЛИГИИ ДРЕВНЕГО ПЕРУ
- Педро де Сьеса де Леон. Хроника Перу. Часть Первая. — Киев, 2008 (пер. А. Скромницкий). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-09. ციტირების თარიღი: 2011-01-16.
- mesoamerica.ru დაარქივებული 2014-02-24 საიტზე Wayback Machine.
|