ტუპაკ ამარუ I

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტუპაკ ამარუ I — ინკების უკანასკნელი იმპერატორი
ტუპაკ ამარუს სიკვდილით დასჯა. გუამან პომას ნახატი

ტუპაკ ამარუ I (კეჩ. მბრწყინავი გველი) — ინკების ვილკაბამბას სამეფოს უკანასკნელი იმპერატორი. მანკო ინკას ვაჟი, ტახტზე ავიდა მისი ძმის, ტიტუ კუსი იუპანკის უცნაური დაავადებით გარდაცვალების შემდეგ.

ჯერ კიდევ ახალგაზრდა და საკმაოდ გამოუცდელი ტუპაკ ამარუ, ესპანელი კონკისტადორების დაუძინებელ მტრად იქცა. მისი მეამბოხე სულის გამო ესპანელებმა მისი შეპყრობა განიზრახეს და ვილკაბამბასაკენ 300 შეიარაღებული ჯარისკაცი გაგზავნეს. ვილკაბამბაში მისულებს, ამარუ ცოლ-შვილთან და სხვა პარტიზანებთან ერთად ჯუნგლებში გაქცეული დახვდათ. ესპანელებმა მათ ბოლომდე სდიეს, შეიპყრეს და კუსკოში წაიყვანეს.

სასწრაფოდ გასამართლების შემდეგ, მას სიკვდილი მიუსაჯეს. სიკვდილით დასჯის ცერემონია შედგა კუსკოს ცენტრალურ მოედანზე, ჩვ.წ. 1572 წლის 24 სექტემბერს. ჯალათემბა სასტიკად აწამეს ინკების უკანასკნელი მმართველი – ჯერ ენა მოაჭრეს, შემდეგ თავი, შემდეგ ორივე ხელი, ბოლოს კი ორივე ფეხი. მისი სხეულის ნაწილები პერუს ოთხ სხვადასხვა ქალაქში გააგზავნეს, დარჩენილი ნაწილი კი დაწვეს. ტუპაკ ამარუს სხეულის მცირე ნაწილი დღესაც ინახება პერუს დედაქალაქ ლიმაში, სანტო-დომინგოს ეკლესიაში.

ტუპაკ ამარუს ცოლმა-შვილმა და მათთან ერთად შეპყრობილმა პარტიზანებმაც მისი ბედი გაიზიარეს – ესპანელებმა ისინიც დახოცეს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]