შინაარსზე გადასვლა

თრაკესიელთა თემი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან თრაკესიონი)

თრაკესიონის თემი (ბერძ. Θρᾳκήσιον θέμα) — ბიზანტიის იმპერიის სამხედრო-ადმინისტრაციული პროვინცია. თემი მდებარეობდა მცირე აზიის დასავლეთ ნაწილში, თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე. ის VII-VIII საუკუნეებში ჩამოყალიბდა და იმპერიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემს წარმოადგენდა.

გეოგრაფია და ადმინისტრაცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თრაკისიონის თემი იონიის (რომაული აზია), ლიდიის, ჩრდილოეთ კარიის და ფრიგიის ანტიკურ რეგიონებს მოიცავდა. დასავლეთით თემი ეგეოსის ზღვას (ეფესოდან-ადრამიტიონამდე), ჩრდილოეთში ოფსიკიონის, აღმოსავლეთში ანატოლიის და სამხრეთით კიბირაიოტონის თემს ესაზღვრებოდა. თემში ოცი ქალაქი მდებარეობდა, სმირნა და ეფესოსი (ცნობილი როგორც თეოლოგოსი) მათ შორის ყველაზე დიდი ქალაქები იყო. არაბი გეოგრაფი, ქუდამა იბნ ჯაფარი, აღნიშნავს რომ თემი 6 000 სამხედროს ითვლიდა, ხოლო იბნ ალ-ფაქიჰი, რომელიც უფრო ადრეულ პერიოდს აღწერდა, თემში 10 000 სამხედროზე საუბრობს[1][2].

თემის ჩამოყალიბების ზუსტი თარიღი უცნობია. ისტორიულ წყაროებში ის პირველად 711 წელს[1][3][4][5], ხოლო თემის სტრატეგოსი 741 წელს გამოჩნდა. წარსულში თრაკესიონის თემი ანატოლიის თემის ერთ-ერთ ოლქს წარმოადგენდა. VII საუკუნეში, არაბების დამანგრეველი დაპყრობების შედეგად, მცირე აზიაში, თრაკიის სამხედრო დანაყოფის გადმოყვანას - (ლათ. Thracianus exercitus), თრაკისიონის ოლქის, ხოლო შემდგომ თემის ჩამოყალიბება მოჰყვა[6][7].

თრაკესიონის პირველი სტრატეგოსი სისინიოსი, არტაბასდოსის აჯანყებაში კონსტანტინე V-ს უჭერდა მხარს, ხოლო შემდგომ ის შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებით, იმავე იმპერატორმა დააბრმავა. კონსტაინტინე, პროვინციის მმართველად ლოიალური და ხატმებრძოლეობის მომხრე მმართველების დანიშვნას ცდილობდა, სწორედ ამ მიზეზით თრაკისიონის ახალ სტრატეგოსად ხატმებრძოლი მიხეილ ლახანოდრაკონი დანიშნა. ლახანოდრაკონმა ხატთაყვანისცემელთა სასტიკი დევნა დაიწყო. ისტორიკოს, უორენ თრიდგოლდის მიხედვით მას თემიდან ბერმონაზნობის აღმოფხვრა სურდა[8][9]. სხვა გამორჩეული თემის სტრატეგოსები: ბარდანეს თურკოსი, ვინც 803 წელს აჯანყდა ნიკიფორე I წინააღმდეგ[8]; კონსტანტინე კონტომიტი, ვინც 841 წელს[10], კრეტის ემირატი დაამარცხა და საიმპერატორო ოჯახთან იქორწინა[11]; პეტრონასი, მიხეილ III-ის ბიძა და იმპერიის მოწინავე მხედართმთავარი; და სუმბატიოსი, ვინც ოფსიკიონის თემის მმართველ გიორგი პეგანესთან ერთად ბასილი მაკედონელის გავლენის დაქვეითებას ცდილობდა[12].

X საუკუნეში, არაბების თარეშის შეწყვეტას, თრაკესიელი სამხედროების ახალ ექსპედიციებში მონაწილეობა მოჰყვა, ასეთი იყო 911, 949 და 960 წელს კრეტის ემირატის წინააღმდეგ წამოწყებული ლაშქრობები[13]. 1070 წელს, მანასკერტის ბრძოლის შემდეგ, თემი თურქ-სელჩუკებმა დაარბიეს, მაგრამ, 1090-იანებში, პირველ ჯვაროსნულ ლაშქრობაში, იოან დუკასის მეთაურობით ტერიტორიის დიდი ნაწილი ბიზანტიას დაუბრუნდა. იოანე II კომნენოსმა თემი აღადგინა დუკის მმართველობის ქვეშ, რომლის ცენტრი ფილადელფიაში მდებარეობდა. თემის სამხრეთ ტერიტორიები ახალი მილასა და მელანოუდიონის თემის ნაწილი გახდა[1][14].

თრაკესიონის თემი მცირე აზიის უკანასკნელი ბიზანტიის თემი იყო, რომელიც მოგვიანებით თურ-სელჩუკებმა დაიპყრეს. XIV საუკუნეების დასაწყისში, ის მხოლოდ სმირნის მიმდებარე ტერიტორიას მოიცავდა, რომელიც 1330 წელს აიდინოგულების ბეილიკის ქვეშ მოექცა[1].