შინაარსზე გადასვლა

თავისუფალი ვაჭრობა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თავისუფალი ვაჭრობა — სავაჭრო პოლიტიკა, რომელიც არ ზღუდავს იმპორტსა და ექსპორტს. აზრობრივად ის იგივეა, რაც თავისუფალი ბაზრის იდეა საერთაშორისო ვაჭრობაში. თავისუფალ ვაჭრობას ძირითადად ლიბერალური ეკონომიკის მომხრე პოლიტიკური პარტიები უჭერენ მხარს. ხოლო ეკონომიკურად მემარცხენე და ნაციონალისტური პარტიები თავისუფალი ვაჭრობის საპირისპიროდ, პროტექციონიზმს ემხრობიან.[1][2][3][4]

დღესდღეობით ქვეყნების უმრავლესობა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მულტილატერალური სავაჭრო ხელშეკრულების წევრია. თავისუფალი ვაჭრობის თვალსაჩინო მაგალითი იყო დიდი ბრიტანეთის უნილატერალური პოზიცია შეემცირებინა რეგულაციები და ბაჟი იმპორტსა და ექსპორტზე XIX საუკუნის შუა პერიოდიდან 1920-იან წლებამდე. [5] ალტერნატიული მიდგომა, რაც გულისხმობს თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნას სახელმწიფოთა ჯგუფს შორის, მაგალითად ევროპის ეკონომიკური ზონა და მერკოსურის ღია ბაზრები, ქმნის პროტექციონალურ ბარიერს ამ სივრცესა და დანარჩენ მსოფლიოს შორის. მრავალი სახელმწიფო ისევ მიმართავს პროტექციურ პოლიტიკას ადგილობრივი დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, მაგალითად იმპორტზე ტარიფების დაწესებით ან ექსპორტის სუბსიდირებით. ზოგჯერ ქვეყანამ შესაძლოა თავისუფალი ვაჭრობა შეზღუდოს, რათა შეამციროს ბუნებრივი რესურსების ექსპორტი. ვაჭრობის სხვა შემზღუდავი ფაქტორები შესაძლოა იყოს კვოტები იმპორტზე, გადასახადები და არასატარიფო ბარიერები, როგორიცაა მარეგულირებელი კანონმდებლობა.

ისტორიულად, თავისუფალი ვაჭრობისადმი ღიაობა 1815 წლიდან პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე იზრდებოდა. ღია ვაჭრობამ ზრდა კიდევ ერთხელ 1920-იან წლებში დაიწყო, თუმცა დიდი დეპრესიის დროს კოლაფსი განიცადა (კონკრეტულად, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში). ვაჭრობამ მნიშვნელოვნად ისევ მოიმატა 1950-იანი წლებიდან (1970-იანი წლების ნავთობის კრიზისის დროს შეფერხების მიუხედავად). ეკონომისტებისა და ეკონომიკის ისტორიკოსების მტკიცებით სავაჭრო თავისუფლების დღევანდელი დონე ისტორიაში ყველაზე მაღალია.[6][7][8]

ეკონომისტები თანხმდებიან, რომ პროტექციონიზმის გავლენა ეკონომიკურ ზრდასა და ეკონომიკურ კეთილდღეობაზე უარყოფითია, ხოლო თავისუფალ ვაჭრობა და სავაჭრო ბარიერების შემცირება დადებით გავლენას ახდენს ეკონომიკურ ზრდასა[9][10][11][12][13][14] და ეკონომიკურ სტაბილურობაზე.[15] თუმცა ვაჭრობის ლიბერალიზაციამ შესაძლოა გამოიწვიოს მნიშვნელოვანი და არათანაბრად გადანაწილებული დანაკარგები, ასევე იმ მომუშავეთა ეკონომიკური გადაადგილება, რომლებიც დასაქმებულნი არიან ისეთ სექტორში, რომელიც კონკურენციაშია იმპორტულ საქონელთან.[10]

თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკამ შესაძლოა გამოიწვიოს შემდეგი ეკონომიკური მახასიათებლები:

  • საქონლით ვაჭრობა გადასახადებისა (ტარიფების ჩათვლით) ან სხვა ბარიერების (მაგალითად კვოტები იმპორტზე) გარეშე;
  • ვაჭრობა სერვისზე (მომსახურებაზე) გადასახადებისა და სხვა სავაჭრო ბარიერების გარეშე;
  • ვაჭრობისთვის ხელისშემშლელი ისეთი პოლიტიკისა (გადასახადები, სუბსიდიები, რეგულაციები ან კანონები) არარსებობა, რომელიც კონკრეტულ კომპანიებს ან წარმოების ფაქტორებს სხვებთან მიმართებაში უპირატესობას ანიჭებს;
  • თავისუფალი წვდომა ბაზრებზე;
  • თავისუფალი წვდომა ბაზრის ინფორმაციაზე;
  • ცალკეული კომპანიების უუნარობა დაარღვიონ ბაზრის დინამიკა;
  • თავისუფალის ვაჭრობის ხელშემწყობი სავაჭრო ხელშეკრულებები.

ეკონომიკური მოდელები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავისუფალი ვაჭრობის სარგებლიანობის ასახსნელად ორი მარტივი გზა გადის დეივიდ რიკარდოს შედარებითი უპირატესობის თეორიასა და ტარიფის ან იმპორტზე დაწესებული კვოტის ეფექტის ანალიზზე. მოთხოვნა-მიწოდების კანონისა და გადასახადების ეკონომიკური ეფექტის გამოყენებით ეკონომიკურ ანალიზს შეუძლია გვიჩვენოს თავისუფალი ვაჭრობის თეორიული სიკეთეები და ნაკლოვანებები.[16][17]

ეკონომისტთა უმეტესობა ფიქრობს, რომ განვითარებად ქვეყნებმაც არ უნდა დააწესონ მაღალი ტარიფები, თუმცა ინდუსტრიული პოლიტიკის მხარდამჭერი ეკონომისტი ჰა ჯუნ ჩანგი მიიჩნევს, რომ ტარიფების მაღალი დონე განვითარებად ქვეყნებში გამართლებულია, ვინაიდან განსხვავება პროდუქტიულობაში განვითარებად და განვითარებულ ქვეყნებს შორის ახლა ბევრად დიდია, ვიდრე მაშინ, როცა ტექნოლოგიური განვითარების დონე მეტნაკლებად მსგავსი იყო. ჩანგი ფიქრობს, რომ დაბალგანვითარებული ქვეყნები დღესდღეობით არიან სუსტი მოთამაშეები ბევრად უფრო კონკურენტულ სისტემაში.[18][19] ამ მოსაზრების საწინააღმდეგო არგუმენტები ისაა, რომ განვითარებად ქვეყნებს შეუძლიათ გადმოიღონ ტექნოლოგია უცხოეთიდან, მაშინ როცა განვითარებულ ქვეყნებს თვითონ უწევთ ახალი ტექნოლოგიის შექმნაზე მუშაობა. ასევე, განვითარებად ქვეყნების ექსპორტის შესაძლებლობები ახლა ბევრად უფრო ფართოა ვიდრე XIX საუკუნეში იყო.

თუ ტარიფის მიზანი ახალგაზრდა ინდუსტრიების სტიმულაციაა, მაშინ ტარიფის დონე უნდა იყოს საკმარისად მაღალი, რომ ადგილობრივ წარმოებულმა საქონელმა იმპორტულ საქონელთან კონკურენციის გაწევა შეძლოს. ეს თეორია, რომელიც იმპორტის ჩანაცვლების ინდუსტრიალიზაციის სახელითაა ცნობილი, არაეფექტურადაა მიჩნეული ამჟამინდელი განვითარებადი ქვეყნებისთვის.[18]

ვარდისფერი ნაწილი აღნიშნავს ტარიფების არსებობით გამოიწვეულ დანაკარგს

მარჯვნივ მოცემული გრაფიკი წარმოადგენს საქონლის იმპორტზე დაწესებული ტარიფის ეფექტის ანალიზს. საქონლის ფასი ტარიფამდე მსოფლიო ბაზარზე (და შესაბამისად შიდა ბაზარზეც) არის Pworld. იმპროტზე დაწესებული ტარიფი შიდა ფასს Ptariff-მდე ზრდის. მაღალი ფასი იწვევს შიდა წარმოების გაზრდას QS1-დან QS2-მდე და შიდა მოხმარების შემცირებას QC1-დან QC2-მდე.[20][21]

ამ ყველაფერს სამი ძირითადი ეფექტი აქვს საერთო კეთილდღეობაზე. მომხმარებლების მდგომარეობა უარესდება ვინაიდან მომხმარებლის დანაზოგი (მწვანე ნაწილი გრაფიკზე) მცირდება. მწარმოებლები უკეთეს ვითარებაში არიან, რადგან მწარმოებლის დანაზოგი (ყვითელი ნაწილი) იზრდება. სახელმწიფოს შემოსავალიც (ლურჯი ნაწილი) იზრდება დამატებითი გადასახადის გამო. მაგრამ, ის დანაკარგი რასაც მომხმარებელი იღებს მეტია მწარმოებლისა და სახელმწიფოს ერთობლივ მოგებაზე. საერთო დანაკარგის სიდიდე გრაფიკზე ორი ვარდისფერი სამკუთხედითაა ნაჩვენები. ტარიფების გაუქმება გამოიწვევს საერთო მოგების ზრდას.[20][21]

ტარიფის თითქმის იდენტური ანალიზს სუფთად მწარმოებელი ქვეყნის პერსპექტივიდან ანალოგიური შედეგები მოაქვს. ამ ქვეყანაში, ტარიფი აუარესებს მწარმოებლის და აუმჯობესებს მომხმარებლის მდგომარეობას, თუმცა მწარმოებლების სუფთა დანაკარგი მეტია ვიდრე მომხმარებლის მოგება (ამ შემთხვევაში გადასახადიდან შემოსავლები არ განიხილება, რადგან მოცემული სახელმწიფო არ იღებს ტარიფიდან შემოსავალს). მსგავსი ანალიზის გამოყენებით ექსპორტზე დაწესებული ტარიფები და იმპორტზე და ექსპორტზე დაწესებული კვოტები თითქმის იგივე შედეგს იძლევა.[16]

სავაჭრო შეზღუდვების დაწესებით ზოგჯერ მომხმარებელს ადგება ზიანი და მწარომებელი იგებს, ზოგჯერ - პირიქით. თუმცა მნიშვნელოვანია ისაა, რომ საერთო დანაკარგი ყოველთვის დგება, ვინაიდან სავაჭრო შეზღუდვებით გამოწვეული დანაკარგები მეტია მათ მიერ მოტანილი სარგებელზე. თავისუფალ ვაჭრობასაც ახლავს მოგებულები და წაგებულები, მაგრამ თეორია და ემპირიული ფაქტები აჩვენებს, რომ ამ შემთხვევაში მოგების ზომა უფრო დიდია ვიდრე წაგების.[16]

სავაჭრო ნაკადები გადართვა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გავრცელებული ეკონომიკური თეორიის თანახმად, თავისუფალი ვაჭრობის შერჩევითმა გამოყენებამ (შეთანხმება ზოგიერთ ქვეყანასთან და ტარიფის დაწესება სხვებთან) შესაძლოა ეკონომიკური არაეფექტიანობა გამოიწვიოს. კონკრეტული საქონლის წარმოება ეფექტიანი მაშინაა, როცა ამ საქონელს აწარმოებს ქვეყანა, რომელსაც ყველაზე ცოტა უჯდება მისი წარმოება, მაგრამ ეს ასე არ ხდება, როცა ქვეყანა, რომელსაც ამ საქონლის წარმოება მეტი უჯდება თავისუფალი ვაჭრობით სარგებლობს, ხოლო მცირედანახარჯიანს მაღალი ტარიფი აქვს დაწესებული. ტარიფის ასე დაწესებამ შესაძლოა გამოიწვიოს სავაჭრო ნაკადების გადართვა (trade diversion) და სუფთა ეკონომიკური დანაკარგი. სწორედ ამ მიზეზის გამო მრავალი ეკონომისტი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია არსებობდეს მოლაპარაკებები მსოფლიოში ტარიფის შემცირებასთან დაკავშირებით, მაგალითად, როგორიც იყო დოჰას მოლაპარაკებები.[16]

ეკონომისტების აზრი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავისუფალ ვაჭრობასა და მის ანალიზზე ფართო ლიტერატურაში მოიპოვება, ბევრმა ეკონომისტმა განიხილა თავისუფალი ვაჭრობის თეორიული და ემპირიული ეფექტები. მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალი ვაჭრობა მოგებულებსა და წაგებულებს ქმნის, ეკონომისტები თანხმდებიან რომ თავისუფალ ვაჭრობას მოაქვს სუფთა საერთო სარგებელი.[22][23] 2006 წელს 86 გამოკითხული ამერიკელი ეკონომისტიდან „87.5% ფიქრობს, რომ აშშ-მ უნდა გააუქმოს დარჩენილი ტარიფები და სხვა სავაჭრო ბარიერები“ და „90.1% ეწინააღმდეგება მოსაზრებას, რომ აშშ-მ დამსაქმებლებს სხვა ქვეყნებისად აუთსორსინგი უნდა აუკრძალოს“.[24]

ჰარვარდის ეკონომიკის პროფესორის გრეგორი მენკიუს თქმით „მხოლოდ რამდენიმე დებულებაზე თუ არსებობს ისეთი კონსენსუსი პროფესიონალ ეკონომისტებს შორის როგორც იმაზე, რომ ღია მსოფლიო ვაჭრობა ეკონომიკურ ზრდას აძლიერებს და ცხოვრების დონეს მაღლა სწევს“.[25] გამოკითხვაში, რომელშიც წამყვანი ეკონომისტები იღებდნენ მონაწილეობას არცერთი მათგანი არ შეეწინააღმდეგა აზრს, რომ „თავისუფალი ვაჭრობა წარმოების ეფექტურობას ზრდის და მომხმარებელს უკეთეს არჩევანს სთავაზობს, გრძელვადიან პერიოდში კი ეს სარგებელი ბევრად მეტია ვიდრე გავლენა დასაქმებაზე“.[26]

საზოგადოებრივი აზრი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადამიანების დიდი ნაწილი – განვითარებად და განვითარებულ ქვეყნებში – სხვა ქვეყნებთან ვაჭრობას მხარს უჭერს. აზრი უფრო მეტად იყოფა იმ საკითხებზე, როგორიცაა ვაჭრობის გავლენა სამუშაო ადგილების შექმნაზე, ხელფასების გაზრდასა და ფასების შემცირებაზე.[27] განვითარებულ ეკონომიკებში 31% ფიქრობს, რომ ვაჭრობის გაძლიერება ზრდის ხელფასებს, ხოლო 27% მიიჩნევს, რომ ამცირებს. ხოლო ახალგაზრდა ეკონომიკებში 47% ფიქრობს, რომ ვაჭრობა ხელფასებს ამცირებს, 20% კი – პირიქით. არსებობს დადებით დამოკიდებულება (0.66) კონკრეტულ ქვეყანაში მშპ-ს ზრდის საშუალო დონესა (2014-2017 წლებში) და ადამიანთა იმ პროცენტს შორის, რომელიც ფიქრობს, რომ ვაჭრობა ხელფასებს ზრდის.[28] ადამიანთა დიდი ნაწილი განვითარებულ (35%) და განვითარებად (56%) ეკონომიკებშიც მიიჩნევს, რომ ვაჭრობა ფასებს ზრდის. 29% განვითარებულ და 18% განვითარებად ეკონომიკებში ფიქრობს, რომ ვაჭრობა ფასებს ამცირებს. უფრო მეტად შესაძლებელია ის, რომ ადამიანები მაღალი განათლების დონით მიიჩნევდნენ, რომ ვაჭრობა ფასებს ამცირებს, ვიდრე ის, რომ შედარებით დაბალი დონის განათლების მქონდე ადამიანებიი ფიქრობდენენ ასე.[29]

დეივიდ რიკარდო

თავისუფალი ვაჭრობის სისტემის ცნება, რომელიც მრავალ სუვერენულ სახელმწიფოს აერთიანებს ჩანასახოვანი ფორმით XVI საუკუნის იმპერიულ ესპანეთში ჩამოყალიბდა.[30] ამერიკელმა იურისტმა არტურ ნუსბაუმმა აღნიშნა, რომ ესპანელი თეოლოგი ფრანცისკო დე ვიტორია იყო „პირველი, ვინც შემოიტანა კომერციის და ზღვების თავისუფლების ცნება“.[31] ვიტორიამ ის jus gentium-ის პრინციპს დაუქვემდებარა.[31] თავისუფალი ვაჭრობის იდეის თანამედროვე ფორმა კი ორმა ბრიტანელმა ეკონომისტმა, ადამ სმითმა და დეივიდ რიკარდომ, ჩამოაყალიბა.

თავისუფალი ვაჭრობის მხარდამჭერ ეკონომისტებს სჯეროდათ, რომ კონკრეტული ცივილიზაციების ეკონომიკური აღმასვლის მიზეზი სწორედ ვაჭრობა იყო. მაგალითად, სმითი აღნიშნავდა, რომ ვაჭრობის გაძლიერება არა მარტო ხმელთაშუა ზღვის კულტურების, ეგვიპტის, საბერძნეთისა და რომის, არამედ ბენგალისა (აღმოსავლეთ ინდოეთი) და ჩინეთის აყვავების მიზეზიც იყო. ნიდერლანდების აღორძინებამ იმპერიული ესპანეთის მმართველობისაგან გათავისუფლებისა და თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკის გატარების შემდეგ[32] თავისუფალი ვაჭრობა/მერკანტილიზმის საკითხი ეკონომიკაში საუკუნეების განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი გახადა. თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკა საუკუნეებია დაპირისპირებულია მერკანტილისტურ, პროტექციონისტულ, იზოლაციონისტურ, სოციალისტურ, პოპულისტურ და სხვა სახის პოლიტიკასთან.

ოსმალეთის XVIII საუკუნეში იმპრიას ლიბერალური სავაჭრო პოლიტიკა ჰქონდა, რომლის საწყისიც ოსმალეთის იმპერიის ე.წ. კაპიტულაციები (capitulations of the Ottoman Empire) იყო, რომლის ფარგლებშიც გაფორმდა პირველი სავაჭრო ხელშეკრულება საფრანგეთთან 1536 წელს და გაღრმავდა 1673 და 1740 წელს იმპორტზე და ექსპორტზე გადასახადების 3%-მდე შემცირებით. ოსმალების თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკას იწონებდა ბრიტანელი ეკონომისტი ჯ.რ. მაკკალოჰი თავის წიგნში კომერციის ლექსიკონი (1834), თუმცა აკრიტიკებდა ბრიტანელის პრემიერ მინისტრი ბენჯამინ დიზრაელი, რომელმაც 1846 წელს „მარცვლეულის კანონზე“ დებატებისას იმპერია მოიხსენია, როგორც „მაგალითი ზიანისა, რომელიც შეუზღუდავი კონკურენციის დროს დგება“. [33]

ტარიფების საშუალო დონე საფრანგეთში, გაერთიანებულ სამეფოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში

კოლონიალურ ამერიკაში ვაჭრობას ბრიტანული სავაჭრო სისტემა აკონტროლებდა სანავიგაციო აქტების მეშვეობით. 1760-იან წლებამდე რამდენიმე კოლონიალისტი ღიად უჭერდა მხარს თავისუფალ ვაჭრობას, ნაწილობრივ იმიტომ, რომ რეგულაციების დაცვა მკაცრად არ ხდებოდა (ახალი ინგლისი კონტრაბანდით იყო ცნობილი), თუმცა იმიტომაც, რომ კოლონიურ ვაჭრებს უცხოურ საქონელთან კონკურენცია არ სურდათ. ისტორიკოსი ოლივერ დიკერსონის აზრით, თავისუფალი ვაჭრობის სურვილი არ ყოფილა ამერიკის რევოლუციის ერთ-ერთი მიზეზი - „აზრი, რომ მეთვრამეტე საუკუნის სავაჭრო პრაქტიკები არასწორი იყო, რევოლუციის ლიდერების ფოკუსში არ ყოფილა“.[34]

თავისუფალი ვაჭრობა აშშ-ში ამერიკის რევოლუციული ომის შედეგი იყო. მას შემდეგ რაც ბრიტანეთის პარლამენტმა მიიღო აღმკვეთი აქტი და კოლონიის პორტების ბლოკადა დაიწყო, კონტინენტურმა კონგრესმა ამას ეკონომიკური დამოუკიდებლობის გამოცხადებით უპასუხა და გახსნა პორტები უცხოური საქონლისათვის 1776 წლის 6 აპრილს. ისტორიკოსი ჯონ ტაილერი ამბობს, რომ „ამერიკელების მოწონებისა თუ არმოწონების მიუხედავად თავისუფალი ვაჭრობა მათი რეალობა გახდა“.[35]

1801 წლის მარტში პაპმა პიუს VII ბრძანებით motu proprio Le più colte მოხდა ვაჭრობის გარკვეულწილად ლიბერალიზაცია პაპის სახელმწიფოებში ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად. ამის მიუხედავად, აკრძალული იყო მარცვლეულის ექსპორტი, რათა არსებულიყო პაპის სახელმწიფოებში საკვების მიწოდების გარანტია.

ბრიტანეთმა ორი ოპიუმის ომი აწარმოა, რათა ჩინეთისთვის ეიძულებინა ოპიუმით ვაჭრობის ლეგალიზაცია და გაეხსნა ჩნეთი ბრიტანელი ვაჭრებისთვის

თავისუფალი ვაჭრობა ბრიტანეთში მარცვლეულის კანონის გაუქმების მთავარი საფუძველი გახდა1846 წელს. ფართომასშტაბიან აგიტაციას ანტი მარცვლეულის კანონის ლიგა აფინანსებდა. ნანკინის ხელშეკრულების ფარგლებში 1843 წელს ჩინეთმა მსოფლიო ვაჭრობისთვის ხუთი პორტი გახსნა. თავისუფალი ვაჭრობის პირველი ხელშეკრულება, კობდენ-შევალიეს შეთანხმება, 1860 წელს გაფორმდა ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის, ამას მოჰყვა შემდგომი შეთანხმებები ევროპის სხვა სახელმწიფოებს შორის.[36]

კლასიკური ლიბერალიზმის მრავალი წარმომადგენელი, განსაკუთრებით XIX და XX საუკუნის ბრიტანეთში (მაგალითად ჯონ სტიუარტ მილი) და XX საუკუნის აშშ-ში (მაგალითად ჰენრი ფორდი და სახელმწიფო მდივანი კორდელ ჰალი), მიიჩნევდა, რომ თავისუფალი ვაჭრობა ხელს უწყობდა მშვიდობას. ვიდრო უილსონმა 1918 წელს თავისუფალი ვაჭრობის რიტორიკა ჩართო თავის სიტყვაში „თოთხმეტი პუნქტი“:

მსოფლიო მშვიდობის პროგრამა არის, შესაბამისად, ჩვენი პროგრამა; და ეს, ერთადერთი შესაძლებელი პროგრამა, რომელსაც ვხედავთ, არის შემდგომი: [...] 3. რამდენადაც შესაძლებელია, ყველა ეკონომიკური ბარიერის გაუქმება და თანასწორი სავაჭრო პირობების დამყარება ყველა იმ ქვეყანას შორის, რომელიც მშვიდობის დამყარებასა და შენარჩუნებას ცდილობს.[37]

ეკონომიკის ისტორიკოსისი დაგლას ირვინის მიხედვით, აშშ-ს სავაჭრო პოლიტიკის შესახებ გავრცელებული მითია, რომ XIX საუკუნის ადრეულ პერიოდში დაბალმა ტარიფებმა დააზიანა ამერიკელი მწარმოებლები და გვიან XIX საუკუნეში მაღალმა ტარიფებმა აშშ ძლიერი ინდუსტრიული ძალა გახადა.[38] ეკონომისტის (ჟურნალი) მიმოხილვაში ირვინის 2017 წლის წიგნის - განხეთქილება ვაჭრობაზე: აშშ-ს სავოჭრო პოლიტიკის ისტორიის - შესახებ ნათქვამია:[38]

პოლიტიკური დინამიკა ხალხს უბიძგებდა დაენახათ არარსებული კავშირი ტარიფებსა და ეკონომიკურ ციკლს შორის. ეკონომიკური ბუმი გამოიწვევდა შემოსავლების ზრდას, რაც ტარიფებს შეამცირებდა, ხოლო სტაგნაცია გაზრდიდა წნეხს და ტარიფებს ისევ გაზრდისკენ უბიძგებდა. ამ დროისთვის ეკონომიკური ციკლი უკვე აღმავალ ფაზაში იქნებოდა, რაც ქმნიდა იმის შთაბეჭდილებას, რომ ტარიფების შემცირებამ სტაგნაცია გამოიწვია, ხოლო გაზრდამ - აღმავლობა. მისტერ ირვინი ასევე ამსხვრევს მითს, რომ აშშ პროტექციონიზმმა გახადა მნიშვნელოვანი ინდუსტრიული ძალა, ზოგიერთი ამ იდეას მაგალითად სთავაზობს დღევანდელ განვითარებად ქვეყნებს. აშშ-ს წილი მსოფლიო მეწარმეობაში 1870-1913 წლებში 23%-დან 36%-მდე გაიზარდა, ამ პერიოდის მაღალი ტარიფები მშპ-ს 0.5%-ს შეადგენდა. ზოგიერთ ინდუსტრიულ ქვეყანაში შესაძლოა ტარიფებს განვითარება რამდენიმე წლით აეჩქარებინათ, თუმცა ამერიკის ზრდა პროტექციონისტულ პერიოდში უფრო მეტად რესურსების სიჭარბით და ადამიანებისა და იდეების მიმართ ღიაობით იყო გამოწვეული.

პოლ ბეიროხი მიიჩნევს, რომ XVIII საუკუნიდან მოყოლებული აშშ „თანამედროვე პროტექციონიზმის სამშობლო და ციხესიმაგრეა“. თუმცა აშშ-ს ფაქტობრივად 1945 წლამდე არ დაუწყია თავისუფალი ვაჭრობა. ღია ვაჭრობას უმეტესწილად ჯეფერსონის მიმდევარი ეწინააღმდეგებოდნენ. XIX საუკუნეში სენატორმა ჰენრი კლეიმ ამერიკური სისტემის (ეკონომიკური გეგმა) მეშვეობით გააგრძელა ალექსანდრე ჰამილტონის იდეები ვიგების პარტიაში. დემოკრატიულმა პარტიამ რამდენიმე არჩევნებში მიიღო მონაწილეობა 1830-იან, 1840-იან და 1850-იან წლებში და ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო ტარიფები და ინდუქტრიის დაცვა.[39] ვიგები მაღალ პროტექციულ ტარიფებს უჭერდნენ მხარს, რომელიც დაიცავდა პრივილეგირებულ მრეწველობებს, დემოკრატიული პარტია შედარებით ზომიერ ტარიფებს უჭერდა მხარს, რომელიც მხოლოდ სახელმწიფოს შემოსავლებისთვის იქნებოდა გამოყენებული. ეკონომისტი ჰენრი ჩარლზ ქერი ეკონომიკის ამერიკული სისტემის მთავარი მხარდამჭერი იყო. მერკანტილისტურ ამერიკულ სისტემას ეწინააღმდეგებოდნენ დემოკრატები ენდრიუ ჯექსონი, მარტინ ვან ბურენი, ჯონ ტაილერი, ჯეიმზ ნოქს პოლკი, ფრანკლინ პირსი და ჯეიმზ ბიუკენენი.

ახალბედა რესპუბლიკური პარტია, აბრაამ ლინკოლნის ლიდერობით, თავისუფალ ვაჭრობას მკაცრად ეწინააღმდეგებოდა და სამოქალაქო ომის დროს დააწესა 44%-იანი ტარიფი, რაც ნაწილობრივ სარკინიგზო სუბსიდიებისა და ომის ხარჯების გადახდას, ნაწილობრივ კი პრივილიგირებული მრეწველობების დაცვას ემსახურებოდა.[40] უილიამ მაკ-კინლიმ რესპუბლიკური პარტიის პოზიცია ასე გამოხატა:

თავისუფალი ვაჭრობის პირობებში ვაჭარი არის ბატონი, მწარმოებელი კი - მონა. პროტექციონიზმი არის ბუნების, თვითგადარჩენის, თვითგანვითარების კანონი, ადამიანთა რასისთვის საუკეთესო ხვედრის უზრუნველყოფა. [ნათქვამია] რომ პროტექსიონიზმი ამორალურია [...]. რატომ, თუ ის აძლიერებს და აწინაურებს 63,000,000 [აშშ-ს მოსახლეობა] ადამიანს, ამ 63,000,000 [აშშ-ს მოსახლეობა] ადამიანის გავლენით კი დანარჩენი მსოფლიოც ძლიერდება. ჩვენ ვერ გადავდგამთ ნაბიჯს პროგრესისკენ თუ არ დავეხმარეთ მთელ კაცობრიობას . ამბობენ, „იყიდე იქ, სადაც ყველაზე იაფია“…. რა თქმა უნდა ეს სამუშაო ძალაზეც ვრცელდება. ნება მომეცით შემოგთავაზოთ მაქსიმა, რომელიც ამაზე ათასჯერ უკეთესია, ეს არის პროტექციონიზმის პრინციპი: „იყიდე იქ, სადაც ყველაზე მარტივად შეგიძლია გადახდა“. ასეთი ადგილი კი არის იქ, სადაც სამუშაო ძალა ყველაზე მაღალ მოგებას იღებს.[41]

ომთაშორის პერიოდში აშშ-ში ეკონომიკური პროტექციონიზმი იყო გაბატონებული, სმუტ-ჰოულის ტარიფის სახით.[42]:33[43] 1934 წლიდან დაიწყო ვაჭრობის ლიბერალიზაცია ორმხრივი სავაჭრო შეთანხმებების აქტის მეშვეობით.

მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე მსოფლიო ომის დასასრულიდან მოყოლებული აშშ ხშირად უჭერს მხარს შემცირებულ ტარიფებს და ბარიერებს და თავისუფალ ვაჭრობას. აშშ-ს დახმარებით ჩამოყალიბდა ვაჭრობისა და ტარიფების გენერალური შეთანხმება და მოგვიანებით მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, რომლის ადრეული ვერსიაც, საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაცია, აშშ-მ უარყო.[44] 1970-იანი წლებიდან აშშ-მ გააფორმა სხვადასხვა სავაჭრო შეთანხმებები, მაგალითად ჩრდილოამერიკული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება 1990-იან წლებში, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება დომინიკელთა რესპუბლიკასა და ცენტრალურ ამერიკასთან 2006 წელს.

ევროკაში 1951 წელს ექვსმა ქვეყანამ ქვანახშირისა და ფოლადის ევროპული გაერთიანება ჩამოაყალიბა, რომელიც 1958 წელს ევროპის ეკონომიკურ თანამეგობრობად გარდაიქმნა. თანამეგობრობის ორი მთავარი მიზანი წევრ ქვეყნებს შორის ერთიანი ბაზრისა და საბაჟო კავშირის ჩამოყალიბება იყო. გაფართოვების შემდეგ 1993 წელს ევროპული თანამეგობრობა ევროპის კავშირი გახდა. ევროკავშირს, რომელიც დღესდღეობის მსოფლიოს უდიდესი ერთიანი ბაზარია,[45] მრავალ ქვეყანასთან აქვს გაფორმებული სავაჭრო ხელშეკრულებები.[46]

სინგაპური Global Enabling Trade ინდექსით პირველ ადგილზეა

ქვეყნების უმეტესობა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრია[47] ორგანიზაცია გარკვეულწილად ზღუდავს ტარიფებსა და სხვა სავაჭრო ბარიერებს, თუმცა ვერ აუქმებს. მრავალი სახელმწიფო ასევე გაერთიანებულია რეგიონალურ სავაჭრო ზონებში, რომლებიც ამცირებენ სავაჭრო ბარიერებს წევრი ქვეყნებისათვის. ევროკავშირი და აშშ აწარმოებენ მოლაპარაკებებს ტრანსატლანტიკური სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორობის შესახებ. საწყის ეტაპზე აშშ-ს წამოწყებით, წყნარი ოკეანის თორმეტი ქვეყანა ამჟამად აწარმოებს მოლაპარაკებებს[48] ტრანს-პაციფიკური სავაჭრო პარტნიორობის შესახებ, რომელიც მომლაპარაკებელი ქვეყნების მიერ რეკლამირდება, როგორც თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკა.[49] 2017 წლის იანვარში პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ ტრანს-პაციფიკური პარტნიორობის მოლაპარაკებებიდან გამოიყვანა.[50]

თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკის ხარისხი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავისუფალი ვაჭრობის პრინციპი გამოიყენება როგორც საქონლის, ისე მომსახურებით ვაჭრობაში. არა ეკონომიკურმა ფაქტორებმა შესაძლოა შეაფერხოს თავისუფალი ვაჭრობა როცა, მაგალითად ქვეყანა თავისუფალი ვაჭრობის პრინციპს იზიარებს, თუმცა კრძალავს კონკრეტულ პროდუქციას (მაგალითად ალკოჰოლს) ან ქმედებას (მაგალითად პროსტიტუციას).[51]

პროტექციონიზმის გარკვეული დონე ნორმაა მსოფლიოს მასშტაბით. მრავალი განვითარებული ქვეყანა ინარჩუნებს სასოფლო სამეურნეო ტარიფებს. 1820-დან 1980 წლამდე თორმეტ ინდუსტრიულ ქვეყანაში წარმოებაზე საშუალო ტარიფი 11-დან 32%-მდე მერყეობდა. განვითარებად ქვეყნებში საშუალო ტარიფი წარმოებულ საქონელზე დაახლოებით 34%-ია.[52] ამერიკელმა ეკონომისტმა ფრედ ბერგსტენმა სავაჭრო პოლიტიკის აღსაწერად დასახა ველოსიპედის თეორია. ამ მოდელის მიხედვით სავაჭრო პოლიტიკა დინამიურად არამდგრადია, ვინაიდან იხრება ლიბერალიზაციისა ან პროტექციონიზმისაკენ. იმისათვის რომ ხელი შევუშალოთ ველოსიპედიდან ჩამოვარდნას (პროტექციონიზმის ნაკლოვანებები) საჭიროა სავაჭრო პოლიტიკითა და მულტილატერალური სავაჭრო შეთანხმებებით მუდმივად ვატრიალოთ პედალი ლიბერალიზაციისაკენ. მეტი ლიბერალიზაციის მიღწევისათვის გადაწყვეტილების მიმღებებმა უნდა არჩიონ მომხმარებლების კეთილდღეობა და ფართო ეროვნული ეკონომიკა და არა ვიწრო ინტერესები. თუმცა ბერგსტენი ასევე მიიჩნევს, რომ შესაძლებელია ვაჭრობის პროცესში წაგებულების კომპენსაცია და მათი დახმარება იპოვონ ახალი სამუშაო, ვინაიდან ეს შეამცირებს, როგორც უარყოფით დამოკიდებულებას გლობალიზაციის მიმართ, ასევე სავაჭრო გაერთიანებებისა და პოლიტიკოსების მოტივს მოითხოვონ პროტექციონიზმი ვაჭრობაში.[53]

ჯორჯ ბუში და ჰუ ძინტაო აზია-პაციფიკური ეკონომიკური კოოპერაციის სამიტზე სანტიაგოში, ჩილე, 2004

წიგნში კიბის გადაგდება განვითარების ეკონომისტი ჰა ჯუნ ჩანგი განიხილავს თავისუფალი სავაჭრო პილიტიკებისა და ეკონომიკური ზრდის ისტორიას და აღნიშნავს, რომ ახლა უკვე ინდუსტრიალიზებულ ქვეყნებს მათი ისტორიის მანძილზე მნიშვნელოვანი სავაჭრო ბარიერები ჰქონდათ. აშშ და ბრიტანეთი, რომელთაც ზოგჯერ თავისუფალი სავაჭრო პოლიტიკის სამშობლოდ განიხილავენ, ყოველთვის მიმართავდნენ სხვადასხვა ზომის პროტექციონიზმს. ბრიტანეთმა მარცვლეულის კანონი, რომელიც იმპორტს ზღუდავდა, 1845 წელს გააუქმა შიდა წნეხის საპასუხოდ და წარმოებაზე პროტექციონიზმი მხოლოდ XIX საუკუნის შუაში შეამცირა, როცა ბრიტანეთის ტექნოლოგიური უპირატესობა ყველაზე დიდი იყო, თუმცა 1950 წელს ტარიფები წარმოებულ პროდუქციაზე ისევ 23%-ს დაუბრუნდა. ამერიკის შეერთებული შტატები 1950-იან წლებამდე წარმოებულ საქონელზე საშუალო ტარიფს დაახლოებით 40-50%-ზე ინარჩუნებდა[54] თავისუფალი ვაჭრობის ყველაზე თანმიმდევრული მიმდევარი იყო შვეიცარია, ნიდერლანდები და, შედარებით დაკლებად, ბელგია.[55] ჩანგი ოთხი აზიური ვეფხვის ექსპორტზე ორიენტირებულ ინდუსტრიალიზაციის პოლიტიკებს აღწერს, როგორც „უფრო მეტად დახვეწილი და აწყობილი, ვიდრე მათი ისტორიული ეკვივალენტები.“[56]

თავისუფალი ვაჭრობა საქონლით
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Global Enabling Trade Report ზომავს ისეთ ფაქტორები, პოლიტიკებსა და მომსახურებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ საქონლით ვაჭრობას საზღვრებს გარეთ. ინდექსი აერთიანებს ოთხ ქვე-ინდექსს: ბაზარზე ხელმისაწვდომობა, სასაზღვრო ადმინისტრაცია, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა და ბიზნეს გარემო. 2016 წლის მონაცემებით ტოპ 30 ქვეყანა და სივრცე ასე გამოიყურება:[57]

აკადემიკოსები, პოლიტიკოსები და სხვადასხვა ინტერეს ჯგუფები განიხილავენ თავისუფალი ვაჭრობის ხარჯებს, სარგებელს და ბენეფიციარებს.

პროტექციონიზმის მხარდამჭერი არგუმენტები ეკონომიკურ (ვაჭრობა აზიანებს ეკონომიკას ან კონკრეტულ ეკონომიკურ ჯგუფებს) ან მორალურ (ვაჭრობას შესაძლოა ეკონომიკაზე დადებითი გავლენა ჰქონდეს, თუმცა ავნოს სხვა სივრცეებს) კატეგორიებში ექცევა. მთავარი არგუმენტი თავისუფალი ვაჭრობის წინააღმდეგ არის, რომ ის შეფარული კოლონიალიზმი და იმპერიალიზმია. მორალური კატეგორია ფართოა და აერთიანებს შემდეგ წუხილებს:[58]

  • ახალგაზრდა ეკონომიკების განადგურება
  • გრძელვადიან პერიოდში ეკონომიკური განვითარების შეჩერება
  • სახელფასო უთანასწორობის ხელშეწყობა
  • ეკოლოგიური დეგრადაციის დაშვება
  • ბავშვთა შრომის და ქანცგამომცლელი საწარმოების (sweatshops) წახალისება
  • ხელფასის მონობა
  • ღარიბ ქვეყნებში სიღარიბის გამოკვეთა
  • ეროვნული თავდაცვის დაზიანება
  • კულტურული ცვლილებების იძულება
ევროკავშირისა და მერკოსურის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავისუფალი სავაჭრო სივრცე შექმნა.

თუმცა ღარიბმა ქვეყნებმა, რომელთაც თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკა გაატარეს, მაღალი ეკონომიკური ზრდა მიიღეს, განსაკუთრების ჩინეთმა და ინდოეთმა. თავისუფალი ვაჭრობის დროს კომპანიებს მდიდარი ქვეყნებიდან ეძლევათ ღარიბ ქვეყნებში ინვერტიციის შესაძლებლობა, რაც უზრუნველყოფს ცოდნის, კაპიტალის გაზიარებას და ბაზრებზე ხელმისაწვდომობას.

თავისუფალი ვაჭრობის წინააღმდეგ გამოთქმული არგუმენტები აკრიტიკებს ეკონომიკური თეორიების დაშვებებსა და დასკვნებს. სოციოპოლიტიკური არგუმენტები აერთიანებს იმ პოლიტიკურ და სოციალურ ეფექტებს, რასაც ეკონომიკური არგუმენტები არ მოიცავს, მაგალითად პოლიტიკური სტაბილურობა, ეროვნული უსაფრთხოება, ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა. ზოგიერთი პროდუქცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეროვნული უსაფრთხოებისათვის და შესაძლოა მთავრობამ ამ პროდუქტის შიდა მწარმოებლებისთვის ბიზნესიდან გასვლის უფლების მიცემა სახიფათოდ მიიჩნიოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ შიდა მწარმოებლების გასვლის შედეგად მთავრობას მოუწევს დაეყრდნოს მწარმოებელს ისეთ ქვეყანიდან, რომელიც შესაძლოა ერთ დღეს მტერი გახდეს. ქვეყნებს დაბალი ხელფასებით აქვთ შედარებითი უპირატესობა მიიზიდონ ბიზნესები, რამაც შესაძლოა ყველა ქვეყანაში ხელფასების ზოგადი კლება გამოიწვიოს. ზოგოერთმა ქვეყანამ შესაძლოა უზრუნველყოს საქონლის დაბალი ხარჯებით წარმოება გარემოს დაბინძურების გზით: პროდუქციის ფასი არ ითვალისწინებს გარემოსთვის მიყენებული ზარალის ხარჯებს და სხვა ფარულ დანახარჯებს, რომელთაც იხდიან მათი ადგილობრივი და საერთაშორისო მეზობლები.

შიდა მწარმოებლები თავისუფალ ვაჭრობას ხშირად იმიტომ ეწინააღმდეგებიან, რომ იმპორტულ საქონელზე შემცირებული ფასები ბაზრის მათ წილს და მოგებას ამცირებს.[59][60] მაგალითად, თუ აშშ იმპორტულ შაქარზე არიფებს შეამცირებს, შაქრის მწარმოებლები იღებენ დაბალ ფასებსა და მოგებას, ხოლო შაქრის მომხმარებლები უფრო ცოტას დახარჯავენ შაქარზე ზუსტად ამ დაბალი ფასის გამო. დეივიდ რიკარდოს ეკონომიკური თეორიის თანახმად, მომხმარებლები ჯამში აუცილებლად იმაზე მეტს იგებენ, ვიდრე მწარმოებლები ჯამში აგებენ.[61][62] რადგან შაქრის თითო მწარმოებელი უფრო მეტს აგებს, ვიდრე თითო მომხმარებელი იგებს, უფრო დიდი ალბათობაა იმისა, რომ შიდა მწარმოებლები მობილიზდებიან და ტარიფის შემცირებას გააპროტესტებენ.[60] ერთ მწარმოებელს, რომელსაც მოგება მნიშვნელოვნად შეუმცირდა, უფრო დიდი მოტივაცია აქვს პროტესტის, ვიდრე ერთ მომხმარებელს, რომელსაც შაქრის ფასი მხოლოდ მცირედით გაუიაფდა. შესაბამისად, მწარმოებლები ხშირად მხარს უჭერენ სუბსიდიებს და ტარიფებს იმპორტზე საკუთარ ქვეყანაში, საექსპორტო ბაზრების ტარიფებსა და სუბსიდიებს კი აპროტესტებენ.

სოციალისტები თავისუფალ ვაჭრობას ხშირად იმ მიზეზით ეწინააღმდეგებიან, რომ ამ პირობებში ხდება მომუშავეთა მაქსიმალური ექსპლუატაცია. მაგალითად, კარლ მარქსმა კომუნისტური პარტიის მანიფესტში (1848) დაწერა: „ბურჟუაზიამ [...] დაამყარა ერთადერთი უსინდისო თავისუფლება ვაჭრობისა. ერთი სიტყვით, რელიგიური და პოლიტიკური ილუზიებით მიჩქმალული ექსპლოატაციის ადგილას მან დაამყარა აშკარა, უსირცხვილო, პირდაპირი, ტლანქი ექსპლუატაცია.“ მარქსი თავისუფალ ვაჭრობას მხარს უჭერდა, თუმცა მხოლოდ იმიტომ, რომ ფიქრობდა ის სოციალურ რევოლუციას დააჩქარებდა.[63]

მრავალი ანტი-გლობალიზაციის მომხრე ჯგუფი თავისუფალ ვაჭრობას უპირისპირდება, ვინაიდან ფიქრობს, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ღარიბი და მუშათა კლასის ეკონომიკურ თავისუფლებას არ ზრდის და პირიქით, ზოგჯერ მათ უფრო აღარიბებს.

კვლევა აჩვენებს, რომ სავაჭრო შეზღუდვების მხარდაჭერა ყველაზე დიდი იმ რესპოდენტებს შორისაა, რომელთაც განათლების ყველაზე დაბალი დონე აქვთ.[64] ჰეინმიულერმა და ჰისკოქსმა დაადგინეს,

„რომ განათლების გავლენა იმაზე თუ რას ფიქრობს ამომრჩეველი ვაჭრობასა და გლობალიზაციაზე უფრო მეტად ეხება იმას თუ რა სმენიათ ეკონომიკურ იდეებსა და ამ ეკონომიკური ფენომენის საერთო ეფექტზე, ვიდრე ინდივიდუალურ გამოთვლებს იმაზე, თუ როგორი ეფექტი აქვს ვაჭრობას პირად შემოსავალსა და სამუშაო გარანტიებზე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ გამოთვლები უმნიშვნელოა ვაჭრობაზე აზრის ჩამოყალიბების პროცესში, ეს უბრალოდ იმაზე მიანიშნებს, რომ მათი მნიშვნელობა აშკარა არ არის განათლებასა და ვაჭრობის მიმართ ღიაობას შორის დამყარებულ კავშირში.“[64]

2017 წლის კვლევამ აჩვენა რომ ინდივიდები, რომელთა სამუშაო რუტინული საქმისაგან შედგება და ისინი, რომელთა სამსახურიც მარტივად გადაიტანადია სხვა ქვეყანაში, უფრო მეტად მხარს პროტექციონიზმს უჭერენ.[65]

კვლევები აჩვენებს, რომ თავისუფალი ვაჭრობისადმი დამოკიდებულება აუცილებლად პირად ინტერესებს არ ირეკლავს.[66][67]

კოლონიალისტი იმპერიების რუკა 1945 წელს

ეკონომიკური ნაციონალიზმის და მერკანტილიზმის მხარდამჭერები თავისუფალ ვაჭრობას დიდი ხანია კოლონიალიზმის ან იმპერიალიზმის ფორმად წარმოადგენენ. XIX საუკუნეში ასეთმა ჯგუფებმა ბრიტანეთის მისწრაფებების თავისუფალი ვაჭრობისადმი ბრიტანული იმპერიის ნიღბად შერაცხეს, მაგალითად ამერიკელმა ჰენრი კლეიმ, ამერიკური სისტემის[68] შემოქმედმა, და გერმანელ-ამერიკელმა ეკონომისტმა ფრიდრიხ ლისტმა (1789-1846).[69]

დებატების თავისუფალ ვაჭრობაზე და ირლანდიის კოლონიალურ ადმინისტრაციასთან[70] დაკავშირებული სხვა საკითხები ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიაში პერიოდულად (მაგალითად 1846 და 1906 წლებში) მღელვარებას იწვევდა.

ეკვადორი პრეზიდენტმა რაფაელ კორეამ (პრეზიდენტი 2007-2017 წლებში) დაგმო „თავისუფალი ვაჭრობის სოფიზმი“ 2006 წელს გამოსული წიგნისთვის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების ფარული სახე,[71] კორეას წყაროდ ჰა ჯუნ ჩანგის[72] 2002 წლის კიბის გადაგდება მოჰყავს და თავისუფალი ვაჭრობის „ამერიკული სისტებისა“ და „ბრიტანული სისტების“ განსხვავებაზე საუბრობს. ის ამბობს, რომ ამერიკელების ბრიტანულ სისტემას „ბრიტანეთის იმპერიალისტური სისტემის ნაწილად“ მიიჩნევდნენ. კორეას თქმით, ჩანგმა აჩვენა რომ ალექსანდერ ჰამილტონმა, და არა ლისტმა, პირველმა წარმოადგინა სისტემური არგუმენტები ინდუსტრიული პროტექსიონიზმის დასაცავად.

თავისუფალი ვაჭრობის ღირებულება და მნიშვნელობა პირველად 1776 წელს ადამ სმითმა აღწერა თავის წიგნში გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ:[73]

It is the maxim of every prudent master of a family, never to attempt to make at home what it will cost him more to make than to buy. [...] If a foreign country can supply us with a commodity cheaper than we ourselves can make it, better buy it of them with some part of the produce of our own industry, employed in a way in which we have some advantage.[74]

მოცემული მონაკვეთი სმითი აბსოლუტური უპირატესობის ცნებას იყენებს მერკანტილიზმის წინააღმდეგ, რომელიც იმ დროს დომინანტური ხედვა იყო ვაჭრობის შესახებ, ქვეყანას უნდა ეცადა გაეზარდა ექსპორტი იმპორტთან შედარებით, რათა სიმდიდრე დაეგროვებინა.[75] ამის საწინააღმდეგოდ, სმითი ამტკიცებს, რომ ქვეყნები მოგებას ნახავენ თუ თითოეული აწარმოებს იმას, რისი წარმოებაც კარგად შეუძლია და ივაჭრებს სხვასთან სამომხმარებლო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ამიტომ ექსპორტის იმპორტთან შედარებითი სიდიდე კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ იმ საქონლის ღირებულება, რომელიც ქვეყანამ აწარმოა. თუმცა აბსოლუტური უპირატესობის ცნება არ განიხილავს ისეთ სიტუაციას, როცა ქვეყანას არცერთი საქონლის წარმოებაში უპირატესობა არ აქვს.[76]

ამ თეორიულ ნაკლოვანებას შედარებითი უპირატესობის თეორია განიხილავს, რომელიც, როგორც წესი, დეივიდ რიკარდოსთან ასოცირდება. რიკარდომ ეს საკითხი თავის წიგნში პოლიტიკური ეკონომიკისა და საგადასახადო პრინციპების შესახებ (1817)[77] განავრცო და თავისუფალი ვაჭრობა დააფუძნა არა აბსოლუტურ უპირატესობაზე საქონლის წარმოებაში, არამედ წარმოების ალტერნატიულ დანახარჯების შედარებაზე. ქვეყანა უნდა სპეციალიზდეს ისეთი საქონლის წარმოებაზე, რომლის წარმოებასაც ყველაზე დაბალი ალტერნატიული დანახარჯი აქვს და ივაჭროს ამ საქონლით, რათა იყიდოს სხვა საქონელი მოხმარებისთვის. ეს ქვეყანას აძლევს საშუალებას მიიღოს სარგებელი ვაჭრობიდან მაშინაც კი, როცა არცერთი საქონლის წარმოებაში არ აქვს აბსოლუტური უპირატესობა. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ქვეყნების მოგება არ იქნება ტოლი იმ ქვეყნების მოგებისა, რომლებიც უფრო პროდუქტიულები არიან ყველა საქონლის წარმოებაში, მათი ეკონომიკური სარგებელი ვაჭრობიდან მაინც უფრო დიდი იქნება, ვიდრე ავტარქიის პირობებში იქნებოდა.[78][79]

ჰენრი ჯორჯის წიგნი პროტექციონიზმი თუ თავისუფალი ვაჭრობა ხუთმა დემოკრატმა კონკრესმენმა კონგრესის სხდომაზე ხმამაღლა წაიკითხა.[80][81] ამერიკელი ეკონომისტი ტაილერ კოუენი წერს, რომ წიგნი „დღემდე რჩება საუკეთესო ნაშრომად თავისუფალ ვაჭრობაზე“.[82] მიუხედავად იმისა, რომ ჯორჯი ძალიან კრიტიკულია პროტექციონიზმის მიმართ, ის თემას შრომის ინტერესებთან კავშირში განიხილავს:

ჩვენ ყველა ინტერესითა და სიამოვნებით ვუსმენთ ამბებს საზღვაო და სახმელეთო ტრანსპორტირების გაუმჯობესებაზე. ყველა ჩვენგანი მიდრეკილია, რომ არხების გახსნა, რკინიგზების მშენებლობა, ნავსადგურების გაღრმავება და გემების დახვეწა სასარგებლოდ ჩათვალოს. მაგრამ თუ ეს ყველაფერის სასარგებლოა, მაშინ როგორ შეიძლება ტარიფები სასარგებლო იყოს? ამ ყველაფრის ეფექტი საქონლის ტრანსპორტაციის ხარჯების შემცირებაა; ტარიფების ეფექტი კი - გაზრდა. თუ პროტექციული თეორიას ვირწმუნებთ, ყოველი ცვლილება, რომელიც საქონლის გადატანას ქვეყნებს შორის აიაფებს, კაცობრიობისთვის მიყენებული ზარალი თუ ამის თანაზომიერად ტარიფები არ იზრდება.[83]

ჯორჯი თავისუფალი ვაჭრობის ზოგად არგუმენტს არაადეკვატურად მიიჩნევს და ამტკიცებს, რომ დამცავი ტარიფების გაუქმება ვერ იქნება საკმარისი მუშათა კლასის სიტუაციის გასაუმჯობესებლად, თუ თან არ ახლავს ცვლილება land value tax-სკენ.[84]

ცნებები/თემები
  • ვაჭრობა საზღვრების გარეშე
  • ეკონომიკური გლობალიზაცია
  • თავისუფალი სავაჭრო სივრცე
  • თავისუფალი სავაჭრო ზონა
  • არჩევანის თავისუფლება
  • თავისუფალი ვაჭრობის საერთაშორისო ხელშეკრულება
  • ოფშორინგი
  • სავაჭრო ბლოკი
  • სავაჭრო სანქციები
  • სავაჭრო ომი
სავაჭრო ორგანიზაციები
  1. Murschetz, Paul (2013). State Aid for Newspapers: Theories, Cases, Actions. Springer Science+Business Media, გვ. 64. ISBN 978-3642356902. „Parties of the left in government in adopt protectionist policies for ideological reasons and because they wish to save worker jobs. Conversely, right-wing parties are predisposed toward free trade policies.“ 
  2. Peláez, Carlos (2008). Globalization and the State: Volume II: Trade Agreements, Inequality, the Environment, Financial Globalization, International Law and Vulnerabilities. United States: Palgrave MacMillan, გვ. 68. ISBN 978-0230205314. „Left-wing parties tend to support more protectionist policies than right-wing parties.“ 
  3. Mansfield, Edward (2012). Votes, Vetoes, and the Political Economy of International Trade Agreements. Princeton University Press, გვ. 128. ISBN 978-0691135304. „Left-wing governments are considered more likely than others to intervene in the economy and to enact protectionist trade policies.“ 
  4. Warren, Kenneth (2008). Encyclopedia of U.S. Campaigns, Elections, and Electoral Behavior: A-M, Volume 1. SAGE Publications, გვ. 680. ISBN 9781412954891. „Yet, certain national interests, regional trading blocks, and left-wing anti-globalization forces still favor protectionist practices, making protectionism a continuing issue for both American political parties.“ 
  5. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს..
  6. Federico, Giovanni; Tena-Junguito, Antonio (2019). „World Trade, 1800-1938: A New Synthesis“. Revista de Historia Economica - Journal of Iberian and Latin American Economic History (ინგლისური). 37 (1): 9–41. doi:10.1017/S0212610918000216. ISSN 0212-6109.
  7. Federico, Giovanni; Tena-Junguito, Antonio. The World Trade Historical Database (2018-07-28). ციტირების თარიღი: 2019-10-07
  8. Bown, C. P.; Crowley, M. A. (2016-01-01), Bagwell, Kyle; Staiger, Robert W., რედრედ., "Chapter 1 - The Empirical Landscape of Trade Policy", Handbook of Commercial Policy (North-Holland) 1: pp. 3–108, http://www.sciencedirect.com/science/article/pii/S2214312216300151. წაკითხვის თარიღი: 2019-10-07
  9. See P.Krugman, «The Narrow and Broad Arguments for Free Trade», American Economic Review, Papers and Proceedings, 83(3), 1993 ; and P.Krugman, Peddling Prosperity: Economic Sense and Nonsense in the Age of Diminished Expectations, New York, W.W. Norton & Company, 1994.
  10. 10.0 10.1 Free Trade en-US. IGM Forum (March 13, 2012).
  11. Import Duties en-US. IGM Forum (October 4, 2016).
  12. N. Gregory Mankiw, Economists Actually Agree on This: The Wisdom of Free Trade, New York Times (April 24, 2015): "Economists are famous for disagreeing with one another.... But economists reach near unanimity on some topics, including international trade."
  13. William Poole, Free Trade: Why Are Economists and Noneconomists So Far Apart, Federal Reserve Bank of St. Louis Review, September/October 2004, 86(5), pp. 1: "most observers agree that '[t]he consensus among mainstream economists on the desirability of free trade remains almost universal.'"
  14. Trade Within Europe | IGM Forum en-US. ციტირების თარიღი: 2017-06-24
  15. Tenreyro, Silvana; Lisicky, Milan; Koren, Miklós; Caselli, Francesco (2019). „Diversification Through Trade“ (PDF). The Quarterly Journal of Economics (ინგლისური). 135: 449–502. doi:10.1093/qje/qjz028. ISSN 0033-5533.
  16. 16.0 16.1 16.2 16.3 Steven E. Landsburg. Price Theory and Applications, Sixth Edition, Chapter 8.
  17. Thom Hartmann, Unequal Protection, Second Edition, Chapter 20. p. 255
  18. 18.0 18.1 Pugel (2007), International Economics, pp. 311–312.
  19. Chang, Ha-Joon, Kicking Away the Ladder: Good Policies and Good Institutions in Historical Perspective, http://siteresources.worldbank.org/INTDECINEQ/Resources/KAL-SummaryPaper.doc
  20. 20.0 20.1 Alan C. Stockman, Introduction to Economics, Second Edition, Chapter 9.
  21. 21.0 21.1 N. Gregory Mankiw, Macroeconomics, Fifth Edition, Chapter 7.
  22. Fuller, Dan; Geide-Stevenson, Doris (Fall 2003). „Consensus Among Economists: Revisited“ (PDF). Journal of Economic Review. 34 (4): 369–387. doi:10.1080/00220480309595230. S2CID 143617926. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2004-09-20. ციტირების თარიღი: 2020-11-16.თარგი:Registration required
  23. Friedman, Milton (1993). „The Case for Free Trade“. Hoover Digest. 1997 (4): 42–49. Bibcode:1993SciAm.269e..42B. doi:10.1038/scientificamerican1193-42. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 January 2007.
  24. Whaples, Robert (2006). „Do Economists Agree on Anything? Yes!“. The Economists' Voice. 3 (9). doi:10.2202/1553-3832.1156. S2CID 201123406.
  25. Mankiw, Gregory. (7 May 2006) Outsourcing Redux. ციტირების თარიღი: 22 January 2007.
  26. Poll Results. IGM Forum. ციტირების თარიღი: 1 July 2016.
  27. Stokes, Bruce. Americans, Like Many in Other Advanced Economies, Not Convinced of Trade's Benefits. Pew Research Center (26 September 2018).
  28. Stokes, Bruce. 4. Nearly half of adults in emerging markets say trade raises wages. Pew Research Center (26 September 2018).
  29. Stokes, Bruce. 5. Public views on trade and prices are at odds with economic theory. Pew Research Center (26 September 2018).
  30. Giovanni Arrighi (1994). The Long Twentieth Century: Money, Power, and the Origins of Our Times. Verso, გვ. 58. ISBN 978-1-85984-015-3. 
  31. 31.0 31.1 Arthur Nussbaum (1947). A concise history of the law of nations. Macmillan Co., გვ. 62. 
  32. Appleby, Joyce (2010). The Relentless Revolution: A History of Capitalism. New York City, New York: W. W. Norton & Company. 
  33. Paul Bairoch (1995). Economics and World History: Myths and Paradoxes. University of Chicago Press, გვ. 31–32. ციტირების თარიღი: 2020-11-16.  დაარქივებული 2017-10-12 საიტზე Wayback Machine. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-12. ციტირების თარიღი: 2020-11-16.
  34. Dickerson, The Navigation Acts and the American Revolution, p. 140.
  35. Tyler, Smugglers & Patriots, p. 238.
  36. International Monetary Fund Research Dept. (1997) World Economic Outlook, May 1997: Globalization: Opportunities and Challenges. International Monetary Fund, გვ. 113. ISBN 9781455278886. 
  37. Fourteen Points
  38. 38.0 38.1 „A historian on the myths of American trade“. The Economist (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2017-11-26.
  39. Larry Schweikart, What Would the Founders Say? (New York: Sentinel, 2011), pp. 106–124.
  40. Lind, Matthew. Free Trade Fallacy. Prospect. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 January 2006. ციტირების თარიღი: 3 January 2011.
  41. William McKinley speech, October 4, 1892 in Boston, MA William McKinley Papers (Library of Congress)
  42. Eun, Cheol S. (2011). International Financial Management, 6th Edition. New York: McGraw-Hill/Irwin. ISBN 978-0-07-803465-7. 
  43. Irwin, Douglas A. (2017-09-19). „Steve Bannon's Bad History“. Wall Street Journal (ინგლისური). ISSN 0099-9660. ციტირების თარიღი: 2017-09-20.
  44. http://www.wto.org/english/res_e/reser_e/pera9707.pdf
  45. EU position in world trade. European Commission. ციტირების თარიღი: 24 May 2015.
  46. Agreements. European Commission. ციტირების თარიღი: 17 March 2016.
  47. Members and Observers. World Trade Organisation. ციტირების თარიღი: 3 January 2011.
  48. „Everything You Need To Know About The Trans-Pacific Partnership“. The Washington Post. ციტირების თარიღი: 28 December 2014.
  49. Trans-Pacific Partnership. U.S. Trade Representative. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 December 2014. ციტირების თარიღი: 28 December 2014.
  50. „Trump Abandons Trans-Pacific Partnership, Obama's Signature Trade Deal“. New York Times. ციტირების თარიღი: 2 September 2017.
  51. Compare: Ditmore, Melissa Hope (2006) Encyclopedia of prostitution and sex work. Greenwood Press, გვ. 581. ISBN 9780313329685. ციტირების თარიღი: 1 June 2018. „Let us by all means apply the sacred principles of free trade to trade in vice, and regulate the relations of the sexes by the higgling of the market and the liberty of private contract.“ 
  52. Chang (2003), Kicking Away the Ladder, p. 66
  53. Destler, Mac and Noland, Marcus (July 2, 2014). Constant Ends, Flexible Means: C. Fred Bergsten and the Quest for Open Trade. Peterson Institute for International Economics.
  54. Chang (2003), Kicking Away the Ladder, p. 17
  55. Chang (2003), Kicking Away the Ladder, p. 59
  56. Chang (2003), Kicking Away the Ladder, p. 50
  57. "Global Enabling Trade Index" დაარქივებული 2018-03-21 საიტზე Wayback Machine. .
  58. Boudreaux, Don Globalization, 2007
  59. William Baumol and Alan Blinder, Economics: Principles and Policy, p. 722.
  60. 60.0 60.1 Brakman, Steven (2006). Nations and Firms in the Global Economy : An Introduction to International Economics and Business. Cambridge: Cambridge University Press. ISBN 978-0-521-83298-4. 
  61. Richard L. Stroup, James D. Gwartney, Russell S. Sobel, Economics: Private and Public Choice, p. 46.
  62. Pugel, Thomas A. (2003). International economics. Boston: McGraw-Hill. ISBN 978-0-07-119875-2. 
  63. "It is in this revolutionary sense alone, gentlemen, that I vote in favor of free trade." Marx, Karl On the Question of Free Trade Speech to the Democratic Association of Brussels at its public meeting of January 9, 1848
  64. 64.0 64.1 Hainmueller, Jens; Hiscox, Michael J. (2006-04-01). „Learning to Love Globalization: Education and Individual Attitudes Toward International Trade“. International Organization. 60 (2): 469–498. CiteSeerX 10.1.1.407.4650. doi:10.1017/S0020818306060140. ISSN 1531-5088.
  65. Owen, Erica; Johnston, Noel P. (2017). „Occupation and the Political Economy of Trade: Job Routineness, Offshorability, and Protectionist Sentiment“. International Organization. 71 (4): 665–699. doi:10.1017/S0020818317000339. ISSN 0020-8183.
  66. Mansfield, Edward D.; Mutz, Diana C. (2009-07-01). „Support for Free Trade: Self-Interest, Sociotropic Politics, and Out-Group Anxiety“. International Organization. 63 (3): 425–457. doi:10.1017/S0020818309090158. ISSN 1531-5088.
  67. Why Don't Trade Preferences Reflect Economic Self-Interest?.
  68. "Gentlemen deceive themselves. It is not free trade that they are recommending to our acceptance. It is, in effect, the British colonial system that we are invited to adopt; and, if their policy prevail, it will lead, substantially, to the recolonization of these States, under the commercial dominion of Great Britain.", "In Defense of the American System, Against the British Colonial System." 1832, Feb 2, 3, and 6, Clay, Henry (1843). „The Life and Speeches of Henry Clay“. II: 23–24. hdl:2027/njp.32101013125040. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  69. "Had the English left everything to itself – 'Laissez faire, laissez aller', as the popular economical school recommends – the [German] merchants of the Steelyard would be still carrying on their trade in London, the Belgians would be still manufacturing cloth for the English, England would have still continued to be the sheep-farm of the Hansards, just as Portugal became the vineyard of England, and has remained so till our days, owing to the stratagem of a cunning diplomatist."საჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}} !
  70. Hechter, Michael (1999) Internal Colonialism: The Celtic Fringe in British National Development, 2, Routledge. ISBN 9781351511926. „After the Corn Laws were repealed, ending Ireland's virtual monopoly of the British grain market, the Irish land system changed radically.“ 
  71. El rostro oculto del TLC
  72. Chang, Ha-Joon (July 2002) Kicking Away the Ladder: Development Strategy in Historical Perspective. ISBN 9780857287618. 
  73. Bhagwati (2002), Free Trade Today, p. 3
  74. Smith, Wealth of Nations, pp. 264–265.
  75. Pugel (2007), International Economics, p. 33
  76. Pugel (2007), International Economics, p. 34
  77. Ricardo (1817), On the Principles of Political Economy and Taxation, Chapter 7 "On Foreign Trade"
  78. Bhagwati (2002), Free Trade Today, p. 1
  79. Pugel (2007), International Economics, pp. 35–38, 40
  80. Weir, "A Fragile Alliance," 425–425
  81. Henry George, Protection or Free Trade: An Examination of the Tariff Question, with Especial Regard to the Interests of Labor(New York: 1887).
  82. Cowen, Tyler (May 1, 2009). „Anti-Capitalist Rerun“. The American Interest. 4 (5). ციტირების თარიღი: 15 November 2014.
  83. "True Free Trade", Chapter 3, Protection or Free Trade. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-02-24. ციტირების თარიღი: 2020-11-16.
  84. Protection or Free Trade - Chapter 16. Protection or Free Trade. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-31. ციტირების თარიღი: 2020-11-16.

დამატებითი ლიტერატურა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]