ფრანჩესკო II დ’ესტე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფრანჩესკო II
Ritratto di Francesco II d'Este.png
მოდენისა და რეჯიოს ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 16 ივლისი, 1662
მმართ. დასასრული: 6 სექტემბერი, 1694
წინამორბედი: ალფონსო IV
მემკვიდრე: რინალდო
რეგენტი: ლაურა მარტინოცი
(1662-1674)
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 6 მარტი, 1660
გარდ. თარიღი: 6 სექტემბერი, 1694, (34 წლის)
მეუღლე: მარგერიტა მარია ფარნეზე
დინასტია: დ’ესტეები
მამა: ალფონსო IV, მოდენის ჰერცოგი
დედა: ლაურა მარტინოცი
რელიგია: კათოლიციზმი

ფრანჩესკო II დ’ესტე (იტალ. Francesco II d'Este; დ. 6 მარტი, 1660 — გ. 6 სექტემბერი, 1694) — დ’ესტეს დინასტიის წარმომადგენელი. მოდენისა და რეჯიოს ჰერცოგი 1662-1694 წლებში. ჰერცოგ ალფონსო IV-ისა და ლაურა მარტინოცის ვაჟი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრანჩესკო დაიბადა 1660 წლის 6 მარტს მოდენაში. იგი იყო მოდენისა და რეჯიოს ჰერცოგ ალფონსო IV-ისა და მისი ცოლის, ლაურა მარტინოცის მეორე, ნაბოლარა შვილი და ერთადერთი ვაჟი. მას სახელი პაპის, ჰერცოგ ფრანჩესკო I-ის პატივსაცემად დაარქვეს. მისი ერთადერთი უფროსი და, პრინცესა მარია მოგვიანებით მეფე ჯეიმზ II-ზე დაქორწინდა და ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის დედოფალი გახდა.

ფრანჩესკო II დაახლოებით 1670-80 წლებში

ორი წლის ასაკში, 1662 წელს, მამის გარდაცვალების გამო ფრანჩესკო II მოდენისა და რეჯიოს ჰერცოგი ხდება, რეგენტად კი დედა ენიშნება. ლაურა მარტინოცი ქვეყანას მის ნაცვლად 1674 წლამდე მართავდა, თუმცა მას შემდეგ, რაც 1673 წელს ფრანჩესკოს და გათხოვდა, იგი დროებით თავის ქალიშვილს გაჰყვა ინგლისში, რათა გარემოსთან შეგუებაში დახმარებოდა. ამ პერიოდში მენტალურად და ფსიქიკურად სუსტ ფრანჩესკოზე დიდი გავლენა მოახდინა მისმა ნახევარ-ძმამ, ჩეზარემ, რომლის გავლენითაც, როგორც კი სრულწლოვანი გახდა, ფრანჩესკომ საკუთარი დედა საჰერცოგოდან გააძევა, მიზეზის გარეშე.

1688 წელს მისი სიძე, ჯეიმზ II, დაამხეს, რის შემდეგაც მათ თავი საფრანგეთის მეფეს შეაფარეს. იმავდროულად, ფრანჩესკო მეფე ლუი XIV-ის მარიონეტად იქცა და მისი მითითებების მიხედვით აწარმოებდა მთელს თავის საგარეო პოლიტიკას. მოდენა-საფრანგეთის ალიანსის გასამყარებლად ლუიმ ფრანჩესკოს შესთავაზა ლოთარინგიელ პრინცესა ბეატრის იერონიმეზე დაქორწინებულიყო, მაგრამ ამაოდ. 1692 წლის 14 ივლისს ფრანჩესკომ ცოლად თავისი ღვიძლი მამიდაშვილი, პარმის ჰერცოგ რანუჩო II-ისა და იზაბელა დ’ესტეს ასული, პრინცესა მარგერიტა მარია ფარნეზე შეირთო, თუმცა შვილები არ ჰყოლია.

იგი ქორწინებიდან წელიწადნახევარში, 1694 წლის 6 სექტემბერს, 34 წლის ასაკში გარდაიცვალა, რის გამოც ტახტი ბიძამისმა, რინალდომ დაიკავა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Crowther, Victor. "A Case-Study in the Power of the Purse: The Management of the Ducal 'Cappella' in Modena in the Reign of Francesco II d'Este", Journal of the Royal Musical Association, 115.2 (1990), pp. 207–219.
  • Cont, Alessandro. "'Sono nato principe libero, tale voglio conservarmi': Francesco II d’Este (1660-1694)", Memorie Scientifiche, Giuridiche, Letterarie, Accademia Nazionale di Scienze Lettere e Arti di Modena, ser. 8, 12 (2009), 2, pp. 407–459.