შარლოტა ფონ ჰესენ-კასელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
შარლოტა ფონ ჰესენ-კასელი
Charlotte von Hessen-Kassel um 1650.jpg
პფალცის კურფიურსტი
მმართ. დასაწყისი: 22 თებერვალი, 1650
მმართ. დასასრული: 14 აპრილი, 1657
წინამორბედი: მარია ანა ავსტრიელი
მემკვიდრე: ვილჰელმინა ერნესტინა დანიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 20 ნოემბერი, 1627
დაბ. ადგილი: კასელი, გერმანია
გარდ. თარიღი: 26 მარტი, 1686, (58 წლის)
გარდ. ადგილი: ჰაიდელბერგი, გერმანია
მეუღლე: კარლ I, პფალცის კურფიურსტი
(ქ. 1650 - განქ. 1657)
შვილები: კარლ II, პფალცის კურფიურსტი
ელიზაბეთ შარლოტა, ორლეანის ჰერცოგინია
დინასტია: ჰესენ-კასელი
მამა: ვილჰელმ V, ჰესენ-კასელის ლანდგრაფი
დედა: ამალია ელიზაბეთ ჰანაუ-მიუნცენბერგელი
რელიგია: კალვინიზმი

შარლოტა ფონ ჰესენ-კასელი (გერმ. Charlotte von Hessen-Kassel; დ. 20 ნოემბერი, 1627, კასელი, გერმანია — გ. 26 მარტი, 1686, ჰაიდელბერგი, გერმანია) — ჰესენ-კასელის დინასტიის წარმომადგენელი. ლანდგრაფ ვილჰელმ V-ის ასული. პფალცის კურფიურსტ კარლ I ლუდვიგის პირველი ცოლი 1650-1657 წლებში. კურფიურსტ კარლ II-ისა და ორლეანის ჰერცოგინია ელიზაბეთ შარლოტას დედა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შარლოტა დაიბადა 1627 წლის 20 ნოემბერს კასელში. იგი იყო ჰესენ-კასელის ლანდგრაფ ვილჰელმ V-ისა და მისი ცოლის, ლანდგრაფინია ამალია ელიზაბეთ ჰანაუ-მიუნცენბერგელის ქალიშვილი. მისი თანამედროვე მემატიანეები მას ერთობ ლამაზ და ინტელექტუალ ქალად ახასიათებენ.

შარლოტა 1750 წელს

1650 წლის 22 თებერვალს იგი ცოლად შერთეს პფალცის კურფიურსტ კარლ I ლუდვიგს, ბოჰემიის მეფე ფრიდრიხ V-ის ძესა და ინგლისის მეფე ჩარლზ II-ის მამიდაშვილს, რომელმაც ტახტი ქორწილამდე სულ რამდენიმე თვით ადრე დადებული ვესტფალიის ზავის წყალობით დაიბრუნა. როგორც ცნობილია, შარლოტას ქმარი თავიდანვე არ მოეწონა, რაც მთელი დარჩენილი ქორწინების მანძილზე გაგრძელდა. აღსანიშნავია, რომ შარლოტას დედამ, ლანდგრაფინია ამალიამ კარლ ლუდვიგი ჯვრისწერამდე ცოტა ხნით ადრე გააფრთხილა, რომ იგი ცოტა „ტემპერამენტიანი და ჯიუტი“ იყო. საბოლოო ჯამში, არც კარლს მოსწონდა შარლოტა და არც შარლოტას კარლი, რის გამოც მათი ქორწინება უღბლო აღმოჩნდა, თუმცაღა მათ მაინც მოახერხეს სამი ბავშვის გაჩენა, აქედან ერთ-ერთი კი ჯანმრთელი ვაჟი და მემკვიდრე იყო.

კარლ ლუდვიგი ვერ შეეგუა შარლოტას სიჯიუტეს, ამიტომაც საყვარლები გაიჩინა. მალევე მან გადაწყვიტა ერთ-ერთ საყვარელზე მორგანატიკულად ექორწინა, თუმცა არც შარლოტასთან გაშორება უნდოდა. იგი იმედოვნებდა, რომ შარლოტა თავისი დიდი ბებიის, ლანდგრაფინია კრისტინა საქსონიელის მსგავსად შეეგუებოდა და მიიღებდა ქმრის ქორწინებას სხვა ქალზე და ამავდროულად თავადაც იქნებოდა მასთან ქორწინებაში, თუმცა ამაოდ. 1657 წლის 14 აპრილს შარლოტა გაეყარა კარლ ლუდვიგს და დატოვა რის შემდეგაც იგი მარია ლუიზა ფონ დეგენფელდზე დაქორწინდა.

განქორწინების მიუხედავად, შარლოტა არ დაბრუნებულა კასელში და ჰაიდელბერგის სამეფო კარზე დარჩა, თუმცა მან თავისი ქალიშვილი, პრინცესა ელიზაბეთ შარლოტა 1659 წელს თავის მულთან, სოფიასთან გაუშვა აღსაზრდელად ჰანოვერის სამეფო კარზე, რათა „მამის უზნეო ცხოვრებას“ გარიდებოდა. აღსანიშნავია, რომ კარლ ლუდვიგის დები ღიად გამოდიოდნენ შარლოტას მხარეს და ძმას მასთან შერიგებისკენ მოუწოდებდნენ, განსაკუთრებით პრინცესა ელიზაბეთი, რომელიც ერთობ რელიგიური ქალი იყო.

1663 წლის ივნისში შარლოტა თავის ქალიშვილს ეწვია ჰანოვერში. ამის შემდეგ იგი თავის ქალიშვილს კიდევ მხოლოდ ორჯერღა შეხვდა, 1681 და 1683 წლებში. რაც შეეხება მარია ლუიზა ფონ დეგენფელდს, იგი 1677 წელს მეთოთხმეტე ორსულობისას გამოწვეული გართულებებით დაიღუპა. კარლ ლუდვიგმა ამის შემდეგ არაერთხელ სცადა შარლოტას შემორიგება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მათ ერთადერთ ვაჟს, კარლ II-ს ცოლის, ვილჰელმინა ერნესტინა დანიელისაგან შვილები არ უჩნდებოდა და სურდა, რომ მეორე ვაჟიც გაეჩინა, თუმცა ამაოდ.

კარლ ლუდვიგი 1680 წელს გარდაიცვალა და ახალი კურფიურსტი შარლოტას ვაჟი ხდება, რომელმაც დედას ქვრივი კურფიურსტის წოდება მიანიჭა და მამის მიერ ჩამორთმეული ყველა პრივილეგია აღუდგინა.

შარლოტასთვის განსაკუთრებულად რთული გადასატანი აღმოჩნდა 1685 წელს მისი ძის, კარლ II-ის გარდაცვალება. ამის გამო მან დატოვა ჰაიდელბერგის სასახლე და იმავე ქალაქში მდებარე ნოიბურგის სააბატოში გადავიდა. ამ ამბიდან სულ რამდენიმე თვეში, 1686 წლის 26 მარტს შარლოტა ფონ ჰესენ-კასელი გარდაიცვალა, 58 წლის ასაკში.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კარლ II (1651-1685), პფალცის კურფიურსტი. ცოლად შეირთო დანიისა და ნორვეგიის პრინცესა ვილჰელმინა ერნესტინა, მაგრამ შვილები არ ჰყოლია;
  2. ელიზაბეთ შარლოტა (1652-1722), ცოლად გაჰყვა საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ის ძმას, ორლეანის ჰერცოგ ფილიპ I-ს, რომელთანაც შეეძინა ორი შვილი;
  3. ფრიდრიხი (1653), გარდაიცვა ჩვილი;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Robert Geerdts (ed.): Die Mutter der Könige von Preußen und England. Memoiren und Briefe der Kurfürstin Sophie von Hannover(in German), life documents of past centuries 8, Munich Munich 1913.
  • Wolfgang von Moers-Messmer: Heidelberg und seine Kurfürsten. Die große Zeit der Geschichte Heidelbergs als Haupt- und Residenzstadt der Kurpfalz (in German), Ubstadt-Weiher 2001.
  • Dirk Van der Cruysse: Madame sein ist ein ellendes Handwerck. Liselotte von der Pfalz. Eine deutsche Prinzessin am Hof des Sonnenkönigs. (in German, translated from French by Inge Leipold). 3rd edition, Piper, Munich 1997, ISBN 3-492-22141-6.
  • Thea Leitner: Skandal bei Hof (in German), Ueberreuter, 1993, ISBN 3-8000-3492-1.