შინაარსზე გადასვლა

ევე (ხალხი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ევე.
ევე

მუსიკალურ ინსტრუმენტებთან
საერთო მოსახლეობა
დაახლ. 7,6 მლნ.[1]
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით
განის დროშა განა 3,9 მლნ.
ტოგოს დროშა ტოგო 2,5–3,1 მლნ.
ბენინის დროშა ბენინი 0,6 მლნ.
ნიგერიის დროშა ნიგერია 0,58 მლნ.
ენები ევე, ინგლისური, ფრანგული
რელიგიები ტრადიციული რწმენა (ვუდუ), ქრისტიანობა (კათოლიციზმი, ევანგელიზმი, ორმოცდაათიანელობა)

ევე (დასავლეთი ევე, ვე, ებვე, ეფე, კრეპი) — ხალხი დასავლეთ აფრიკაში, ევეს ჯგუფის შემადგენლობაში (თვითსახელწოდება — ევეავო, ევედუკი — „ევეს ხალხი“). ცხოვრობენ მდინარეების ვოლტისა და კუფოს ქვემო წელებს შორის, განის სამხრეთ-აღმოსავლეთში (ვოლტის რეგიონი) და ტოგოს სამხრეთში (მარიტაიმის რეგიონი და პლატოს რეგიონის სამხრეთი). რაოდენობა განაში დაახლ. 4 მლნ. ადამიანი (დასავლეთი ევე, რაოდენობით მეორე ეთნიკური ჯგუფი), ტოგოში — 2,5 მლნ. ადამიანი (აღმოსავლეთი ევე, უდიდესი ეთნიკური ჯგუფი). აგრეთვე ცხოვრობენ ბენინში, ბურკინა-ფასოში, ლიბერიაში, კოტ-დ’ივუარსა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. იყოფიან სუბეთნოსებად: ანლო, ავუნა (აგუნა), ხუდუ, კოტაფოა, ადანი, აგუ, ავენო, ბე, გბინი, ხო, კპელენი, ტოგო, პეკი, ვლინი, ვო და სხვ. დასავლეთ ევესთან ახლოს დგანან უაჩი და გენი; აღმოსავლეთ ევესთან — აჯა [იხ. ევე (ხალხთა ჯგუფი)]. ლაპარაკობენ ამავე დასახელების ენაზე, გავრცელებულია აგრეთვე ინგლისური (განაში) და ფრანგული ენები. ძირითადად ტრადიციულ რწმენებს მისდევენ, არიან ქრისტიანები (ძირითადად კათოლიკეები, აგრეთვე მეთოდისტები, ევანგელისტები, ორმოცდაათიანელები) და მუსლიმი-სუნიტებიც.[2]

ეთნოგენეტიკური ლეგენდების თანახმად, თანამედროვე ევეს წინაპრები XIII–XIV საუკუნეებში მოვიდნენ სამხრეთ-დასავლეთ ნიგერიიდან. კოლონიურ პერიოდამდე აქტიურად მონაწილეობდნენ მონებით ვაჭრობაში. XVI საუკუნის ბოლოს შემქნეს რამდენიმე ადრეპოლიტიკური წარმონაქმნი (უდიდესი — ანლო თანამედროვე ტოგოში), 1884 წელს ევეს ტერიტორიის უდიდესი ნაწილი გერმანიის პროტექტორატის ქვეშ მოექცა, XIX საუკუნის ბოლოს გაიყო ბრიტანეთისა და გერმანიის სამფლობელოებს შორის, 1919 წელს შევიდა დასავლეთ ტოგოს (დიდი ბრიტანეთი) და ტოგოს (საფრანგეთი) შემადგენლობაში. 1947 წელს იყო მცდელობა შექმნილიყო ერთიანი სახელმწიფო — ეველენდი; მის მომხრეთა შორის იყო ტოგოს მომავალი პირველი პრეზიდენტი სილვანუს ოლიმპიო. დასავლეთ ტოგოს ტერიტორიაზე, რომელიც 1956 წლის რეფერენდუმის საფუძვეზე ოქროს ნაპირის დომინიონში (1957-დან განა) შედიოდა, ევეს შორის წარმოიქმნა სეპარატისტული მოძრაობა, რომელსაც მხარდაჭერა ჰქონდა ტოგოს მხრიდან. 1972 წელს განაში აშანტის ეთნიკური ჯგუფის დომინანტური როლის დამყარების შემდეგ ჩამოყალიბდა ეროვნული მოძრაობა დასავლეთ ტოგოლენდის გათავისუფლების მიზნით. 1993 წლიდან განაში განსახლებულ ევეს მხარს უჭერდა პრეზიდენტი ჯერი როლინგსი (ევე-ანლო დედის მხრიდან). 1967 წლის გადატრიალების შემდეგ ტოგოში ევეს ეთნიკურმა ჯგუფმა დაკარგა დომინანტური პოზიცია. 1990-იანი წლების დასაწყისში კაბიესთან დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ასეული ათასი ევე გაიქცა განასა და ბენინში.[2]

ტრადიციული კულტურა ტიპურია დასავლეთ აფრიკის გვინეური ქვეოლქისათვის. ძირითადად მისდევენ ნასვენი მიწების ხელით მიწათმოქმედებას (ჩინური კარტოფილი, მანიჰოტი, სიმინდი, ბოსტნეული; საექსპორტო კულტურები — ყავა, კაკაოს პარკები, ბამბა, ქოქოსისა და ზეთის პალმის ნაყოფები), მესაქონლეობას (მსხვილი და წვრილი რქოსანი საქონელი, ღორი, შინაური ფრინველი), სანაპიროებზე — თევზჭერას; ბევრი დაკავებულია ვაჭრობით. განვითარებულია საშოვარზე სიარული. ხელობები: ფეიქრობა, მეთუნეობა, ხის მოჩუქურთმება, წვნა, ქსოვილების ღებვა. ტრადიციული საცხოვრებელია სწორკუთხოვანი თიხატკეპნილი ნამჯისა და პალმის ფოთლების სახურავით, სანაპიროზე — ხიმინჯებიანი სახლი. დასახლების ცენტრში მდებარეობს მოედანი, სადაც ტარდება დღესასწაულები და სახალხო შეკრებები, დიდ სოფლებში — ბაზრობები. მამაკაცების სადღესასწაულო ტანისამოსია შინნაქსოვი მატერიის აკანური კენტე, ქალებისათვის — სარტყლის გარშენი შემოხვეული ქსოვილი. დამახასიათებელი საკვებია დანაყილი გამომშრალი მანიჰოტის ფაფა. ტრადიციული სოციალური ორგანიზაციის სათავეს წარმოადგენს ბელადობა, სასოფლო და დიდოჯახური თემები, მამაკაცის ხაზის გვაროვნული ორგანიზაცია, ანლოსა და გლინჯისათვის — ქალის ხაზისა. ქორწინება ვირილოკალურია, გავრცელებულია პოლიგინია, სორორატი და ლევირატი. ტრადიციული კულტებია წინაპრების და ბუნების ძალების (ვუდუსთან ახლოს მდგომი), შემოქმედი მავუსი. რიტუალები სრულდება ქურუმების მიერ ტრანსის მდგომარეობაში. ფოლკლორი — მითები, ისტორიული ლეგენდები, ზღაპრები, სიმღერები, ცეკვები (სანადირო — ავედუ, მეომრებისა — აგბაძა და ატამგა და სხვ.). მუსიკალურ ინსტრუმენტთა შორისაა ორმაგი რკინის ზარი (განკოგუი, ახლოსაა იორობულ აგოგოსთან), ჩხარუნა (ახახჩაი). ჩამოყალიბებულია მუსიკალური ასოციაციები, თითოეული მათგანი — საკუთარი მუსიკალური სტილით, მ.შ. დაფდაფზე დაკვრის განსაკუთრებული სტილი. განვითარებულია ხის (სტატუეტები, ბელადების ტახტები) და თიხის (ცხოველთა ფიგურები) სკულპტურების ხელოვნება, თაფლისგან და ბრინჯაოსგან სხმულების გაკეთება.[2]

  • Ellis, A. B. (1965). The Ewe-speaking peoples of the slave coast of West Africa. Chicago [London]. 
  • Вологдина В. Н. Народ эве // Африканский этнографический сб.. — М., 1956 Вып. 1.
  • Mamattah, C. M. K. (1976). The Ewes of West Africa. Accra. 
  • Greene, S. (1996). Gender, ethnicity, and social change on the upper slave coast: a history of the Anlo-Ewe. Portsmouth. 
  • (1997–2005) A handbook of Eweland. Accra. 
  1. James Minahan (2002). Encyclopedia of the Stateless Nations: Ethnic and National Groups Around the World A-Z. ABC-CLIO, გვ. 589–590. ISBN 978-0-313-07696-1. 
  2. 2.0 2.1 2.2 Попов В. А. Эве // Большая российская энциклопедия. т. 35. — М., 2017. — стр. 201–202.