ახალი ციმბირის კუნძულები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ახალი ციმბირის კუნძულები
მშობ. სახელი: Новосибирские острова
გეოგრაფია
მდებარეობა ლაპტევების ზღვა, აღმოსავლეთ ციმბირის ზღვა
კოორდინატები 75°16′ ჩ. გ. 145°15′ ა. გ. / 75.267° ჩ. გ. 145.250° ა. გ. / 75.267; 145.250
ფართობი 38 400 კმ²
უმაღლესი წერტილი 426 მ
დე ლონგის მთა
ფედ. სუბიექტი სახა (იაკუტია)
ახალი ციმბირის კუნძულები — რუსეთი
ახალი ციმბირის კუნძულები

ახალი ციმბირის კუნძულები[1] (რუს. Новосибирские острова) — არქიპელაგი ლაპტევებისა და აღმოსავლეთ ციმბირის ზღვებში (რუსეთის ტერიტორია, იაკუტია). საერთო ფართობი 38 ათას კმ²-ზე მეტი. შედგება კუნძულთა სამი ჯგუფისგან: სამხრეთში ლიახოვის კუნძულები (დიდი ლიახოვის, პატარა ლიახოვის, სტოლბოვოი), ცენტრალურ ნაწილში ანჟუს, ანუ საკუთრივ ახალი ციმბირის კუნძულები (კოტელნი, ახალი ციმბირი, ბელკოვის) და დე ლონგის კუნძულები (ბენეტის, ჟანეტას, ჰენრიეტას, ვილკიცკის და ჟოხოვის) ჩრდილო-აღმოსავლეთში.

ნაპირები დასერილია დიდი ყურეებითა და უბეებით; ბევრი კონცხია. განვითარებულია აკუმულაციური და ეროზიულ-დენუდაციური ვაკეების რელიეფი მზრალობის მრავალფეროვანი ფორმებით: თერმოკარსტული ქვაბულები, ყინვაბზარული ნაპრალები, ქვაყრილები, ბაიჯარახები. ყველაზე მაღალი კუნძულებია ბენეტის (სიმაღლე 426 მეტრი, დე ლონგის მთა), კოტელნი (361 მეტრი, მთა მალაკატინ-ტასი) და დიდი ლიახოვის (293 მეტრი, მთა ემი-ტასი); ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ახალი ციმბირი (62 მეტრი).

არქიპელაგის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი მიეკუთვნება მეზოზოურ ახალ ციმბირ-ჩუკოტკის ნაოჭა სისტემას (იხ. ვერხოიანსკ-ჩუკოტკის ნაოჭა ოლქი), რომელიც აგებულია პალეოზოური წყალმარჩხ-ზღვიური კარბონატული ნალექებით და ტრიასულ-ადრეიურული ტერიგენული სიზრქეებით, მათ დანაოჭება განიცადეს გვიანდელ იურულსა და ადრეული ცარცულის შუა ხანებში; გამსჭვალულია (გარღვეულია) გრანიტებით. არქიპელაგის ნაწილი, კოტელნის აღმოსავლეთით, მიეკუთვნება კამბრიულისწინა ფუნდამენტის მქონე ჰიპერბორეულ პლატფორმას. დე ლონგის კუნძულებზე გამოსულია ბაზალტები. ახალი ციმბირის კუნძულების ზედაპირი დაფარულია მეოთხეული ზღვიური და მყინვარული ნალექებით; ლიახოვის კუნძულები — კონტინენტურით.

კლიმატი მკაცრი, არქტიკულია. იანვრის საშუალო ტემპერატურა დაახლ. –30 °C, ივლისისა დაახლ. 3 °C. წელიწადში მოდის 130 მმ-მდე ნალექი. თოვლით დაფარულია 9 თვეზე მეტ ხანს. თანამედროვე მყინვარები განვითარებულია მხოლოდ დე ლონგის კუნძულებზე. ყველგანაა გავრცელებული მრავალწლოვანი მზრალობის ქანები და ნამარხი ყინულები. მრავლადაა თერმოკარსტული ტბები; არის მცირე მდინარეები, ჭაობები. დამახასიათებელია გამეჩხერებული არქტიკული უდაბნოს ლანდშაფტები. ნაპირებზე ზოგიერთ ადგილას ფრინველთა ბაზრებია. კუნძულები შედის უსტ-ლენის ნაკრძალში.

ახალი ციმბირის შესახებ პირველი ცნობები ეკუთვნის კაზაკ იაკოვ პერმიაკოვს, რომელმაც XVIII საუკუნის დასაწყისში მერკური ვაგინის რაზმთან ერთად მიაღწია დიდი ლიახოვის კუნძულს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]