თერმოკარსტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მრავალწლოვანი მზრალობის ლღობა ჰუდსონის ყურეში, კანადა
ბატაგაიკის კრატერი
თერმოკარსტული ტბა ტეშეკპუკი

თერმოკარსტი, თერმული კარსტი, კრიოკარსტი[1] (ძვ. ბერძნ. θέρμη — სითბო და კარსტი) — ნიადაგისა და მათი ქვენაფენი ქანების არათანაბარი ჩაწოლა მიწისქვეშა ყინულის ან მზრალი გრუნტის გამოლღობის შედეგად. ეს პროცესი ჰაერის საშუალოწლიური ტემპერატურის მატების შედეგია. თერმოკარსტის დროს უმეტესწილად წარმოიქმნება რელიეფის უარყოფითი ფორმები — ველის დუბეები, ტბიური ქვაბულები, ალასები და აგრეთვე ჩანაქცევები და მიწისქვეშა სიღრუეები, მათ შორის: გროტები, ნიშები, ორმოები; იშვიათად ფორმირდება დადებითი ფორმები — ბაიჯარახები და ბორცვნალი პოლიგონები.[2]

თერმოკარსტი მრავალწლოვანმზრალი ქანების ზონაში განვითარებული სპეციფიკური მოვლენაა, უფრო იშვიათად გვხვდება ნიადაგისა და გრუნტის სეზონური გაყინვის შედეგად. დამახასიათებელია ძირითადად ჭარბად ნოტიო მხარეებისთვის, რომელთათვის ნიშანდობლივია ტბებისა და ჭაობების სიუხვე. თერმოკარსტი შეხამებულია სოლიფლუქციასთან, სუფოზიასთან, ეროზიასთან და სხვა რელიეფწარმომქმნელ პროცესებთან.[3]

ბუნებრივ მიზეზებთან (კლიმატის დათბობა, მდინარეთა მოქმედება და სხვა) ერთად თერმოკარსტი შეიძლება გაძლიერდეს ანთროპოგენური მოქმედების შედეგად, რომელიც არღვევს ნიადაგისა და ქვეფენილი ქანების წყლისა და სითბურ ბუნებრივ რეჟიმს (მათ შორის სამრეწველო და საქალაქო მშენებლობის შედეგად, ტყეების გაჩეხვისას და გზების დაგებისას).[2]

თანამედროვე გეოლოგიურ ეპოქაში თერმოკარსტი აქტიურად არ ვითარდება, ხოლო მისი მრავალრიცხოვანი ფორმები წარმოადგენს ადრე და განსაკუთრებით შუა ჰოლოცენში მიმდინარე დათბობის შედეგს. კლიმატის დათბობა იწვევს კრიოლითოგენის ჩრდილო მხარეებში სეზონური ლღობის სიღრმეების მატებას, ხოლო სამხრეთისაში — ქანებისა და ყინულების მრავალწლოვან ლღობას. თერმოკარსტი ჩვეულებრივ ვთარდება პროგრესიულად. თერმოკარსტული ტბების ქვეშ ხშირად წარმოიქმნება გამჭოლი და არაგამჭოლი მღვალობები. ტბათა მიგრაცია და დაშვება თერმკარსტული ქვაბულების წარმოქმნის შედეგია, რომელთაც იაკუტიაში ალასებს, ხოლო დასავლეთ ციმბირში ხასირეის უწოდებენ.[4]

თერმოკარსტული ფორმების მორფოლოგია, მათი ზომები და სიღრმე დამოკიდებულია გენეზისსა და მაღალყინულოვანი დანალექებისა და ყინულის ბუდობების განფენილობასა და სიმძლავრეზე. ტბების ზომები პირველი ათეული მ-იდან 10-20 კმ-მდეა განივში, სიღრმეები 1,5-2 მ-იდან 15 მ-მდე, იშვიათად 30-40 მ-მდე. თერმოკარსტულ ქვაბულებში გროვდება 5-6 მ სიმძლავრის ტბიურ-ჭაობური სინკრიოგენული დანალექები, რომლებიც შეიცავს განმეორებად-ძარღვეულ ყინულებს. თერმოკარსტული ტბების დაშრობის შედეგად წარმოიქმნება ინიექციური პინგო. ტექნოგენურ ნგრევებს თან ახლავს თერმოკარსტული სიღრუეების წარმოშობა. მათთან ბრძოლის ძირითადი საშუალებებია დრენაჟი და ზედაპირის დაშრობა. თერმოკარსტის განვითარება მრავალწლოვანმზრალ ნიადაგ-გრუნტის მხარეებში რელიეფწარმოქმნის დინამიურობის ერთ-ერთი მაჩვენებელია.[4]

თერმოკარსტი გავრცელებულია ძირითადად სუბარქტიკულ სარტყლის ზღვისპირა დადაბლებებზე. თერმოკარსტის ფარგლებს გარეთ გვხვდება რელიქტური თერმოკარსტული რელიეფის ფორმები, რომლებიც ხშირად გარდაქმნილია დენუდაციური, ეროზული და სხვა პროცესებით. თერმოკარსტი კარგად არის გამოხატული ციმბირის, ალასკის, კანადისა და სხვა ტერიტორიებზე.[4]

დიდი თერმოკარსტული დადაბლების კარგი მაგალითია ბატაგაიკის კრატერი ჩერსკის მთაგრეხილზე.[5] პირველად ტერმინი „თერმოკარსტი“ გამოიყენა მიხეილ ერმოლაევმა 1932 წელს.[6]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Геологический словарь, т2, М-Я. М., 1955;
  • Качурин С. П., Термокарст на территории СССР, М., 1961;
  • Шур Ю.Л. Термокарст, М.: Недра, 1977. - 80 с.;

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]