აზერბაიჯანის მუსიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
აზერბაიჯანის ხალხური ინსტრუმენტები, ქალაქი შაქი.

აზერბაიჯანის მუსიკა (აზერ. Azərbaycan musiqisi) — აზერბაიჯანელი ერის მუსიკალური ტრადიცია, რომელიც საუკუნეების მანძილზე ფორმირდებოდა. აზერბაიჯანის მუსიკის კულტურის შესახებ უძველეს ცნობებს გვაწვდის ძვ. წ. V-III ათასწლეული კლდეზე შესრულებული გამოსახულებები. გობუსტანში შემორჩენილია ქვის ხანის დასარტყამი მუსიკალური საკრავი „გავალ-დაში“ („ქვა-დაფი“). არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი მისუკალური საკრავები (მინგეჩაურის ტერიტორიაზე) და ხალხური თქმულებები ადასტურებს აზერბაიჯანის მუსიკალის კულტურის არსებობას შორეულ წარსულში. საუკუნეების მანძილზე აზერბაიჯანული მუსიკა არსებობდა და ვითარდებოდა ხალხური ხელოვნების ფარგლებში და ქმნიდა მელოდიის კლასიკურ ნიმუშებს, რომლებიც გამოირჩეოდნენ ფაქიზად დამუშავებული კილო-ინტონაციური წყობითა და რიტმიკით. ვოკალურ-ინსტრუმენტული ფორმები მრავალხმიანობის არსებით ელემენტს შეიცავს. განსაკუთრებით ფართოდ გავრცელებულია ეროვნული ცხოვრების სხვადასხვა მხარის მრავალმხრივად ამსახველი სასიმღერო ხელოვნება. აზერბაიჯანის მუსიკალურ ფოლკლორში ცალკე უნდა გამოიყოს საცეკვაო მუსიკა.

ხალხური მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანის ხალხური მუსიკა გამოირჩევა ჟანრის განსხვავებულობით - სიმღერა, ცეკვა, აშუღის ხელოვნება, მუღამი. აზერბაიჯანულ ხალხურ მუსიკაში არსებობს 7 ძირითადი კილო: რასტი, შური, სეიგაჰი, შუშთარი, ბაიათი-შირაზი, შირგაჰი და ჰუმაიუნი[1]. აზერბაიჯანული მუსიკის საკრავებია: თარი, საზი, ჯანონი, უდი (სიმებიან-ჩამოსაკრავი ჯგუფი), ქამანჩა (სიმებიან-ხემიანი), თუთექი, ბალაბანი, ზურნა (სასულე), ნაღარა, გოშა-ნაღარა, დაფი (დასარტყამი) და სხვა.

აზერბაიჯანული თარის შემქმნელია აზერბაიჯანელი მუსიკოსი სადიხჯანი, რომელიც XIX საუკუნეში მოღვაწეობდა. მან თარის 11-სიმიანი კონსტრუქცია შექმნა და გაამარტივა მისი მოხმარება[2].

1932 წლის 1 მაისს კომპოზიტორმა უზეირ ჰაჯიბეკოვმა შექმნა აზერბაიჯანული სახალხო ინსტრუმენტების პირველი სანოტო ორკესტრი[3]. 2000 წელს შეიქმნა აზერბაიჯანის სახალხო ინსტრუმენტების სახელმწიფო ორკესტრი[4]. 2012 წლის 5 დეკემბერს თარზე დაკვრის აზერბაიჯანული ხელოვნება შევიდა იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში[5].

ენციკლოპედია ირანიკას მიხედვით, აზერბაიჯანულ მუსიკალურ ტრადიციაზე და მის ტერმინოლოგიაზე დიდი გავლენა მოახდინეს ირანულმა მუსიკალურმა ელემენტებმა. აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანული ინსტრუმენტები გვხვდება ირანულ მუსიკაში, განსაკუთრებით საცეკვაო რიტმებში. აზერბაიჯანული მუსიკა სრულდება კავკასიის სხვა რეგიონებშიც, განსაკუთრებით სომხებთან, რომლებმაც გადაიღეს მუღამის სისტემა და ისეთი მუსიკალური ინსტრუმენტები, როგორიცაა ქამანჩა და თარი[6].

მუღამი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : მუღამი.

მუღამი არის  აზერბაიჯანის სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორის ტრადიციული ჟანრი. იგი ხასიათდება მელოდიური იმპროვიზაციით. ის სრულდება, როგორც მთლიანად (დასთგაჰი), ასევე ნაწილებად სოლო შემსრულებლის (ხანანდა) მიერ ინსტრუმენტული თანხლებით ან სოლო ინსტრუმენტული ნაწარმოების სახით. მოცემული ჟანრი ითვლება აზერბაიჯანული ნაირსახეობის მუზიფიცირების პრაქტიკად, რომელიც გავრცელებულია ახლო და შუა აღმოსავლეთის კულტურებში.

2003 წელს იუნესკომ შეიტანა მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში[7].

აშუღური მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანელი აშუღები

ზეპირი ხელოვნების მუსიკალურ-პოეტურ ტრადიციას აშუღური მუსიკის ტრადიციასაც მიაკუთვნებენ. აშუღების წინამორბედები აზერბაიჯანში იყვნენ ოზანები[8]. სახელწოდება „აშუღი“ ამიერკავკასიაში გავრცელდა XVI—XVII სს[9]. აზერბაიჯანში აშუღებს „ელ ანასის“ უწოდებდნენ („ერის დედა“), რადგან ისინი გამოხატავდნენ ხალხის გულის ტკივილს, იცავდნენ სიყვარულის თავისუფლებას, მღეროდნენ სამშობლოს ერთგულებაზე[10]. აშუღი მღერის საზის თანხლებით. აშუღთა ხელოვნების შინაარსი ეპოსი და სოციალურობაა. აშუღთა ხელოვნება იმპროვიზაციული ხასიათისაა და ექვემდებარება გარკვეულ სტილისტურ ნიშნებს (მოკლე მისამღერის, ზოგჯერ ერთი ბგერის მრავალგზისი ზუსტი ან ვარიაციული განმეორება, მელოდიის მცირე დიაპაზონი და სხვა). არსებობს მრავალი კლასიკური აშუღური მელოდია, რომელთაგან თითოეულს შეიძლება სხვადასხვა ტექსტი შეეწყოს. აშუღები საზზე ამღერებენ დასთანებს (გმირულს, ლირიკულს) და სიმღერა-დიალოგებს — დეიშმეს. წარსულის აშუღებიდან ცნობილი არიან ყურბანი, აბას თუფარგანლი, ალესქერი; თანამედროვეთაგან — ასად რზაევი, მირზა ბაირამოვი, შამშირ გოჯაევი, ისლამ იუსუფოვი და სხვა.

1928 წელს ბაქოში შედგა აშუღების პირველი რესპუბლიკური ყრილობა[11]. 2009 წელს აბუ-დაბიში აზერბაიჯანული აშუღური ხელოვნება შეიტანეს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის რეპრეზენტატიულ სიაში[12].

თასნიფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თასნიფი წარმოადგენს აზერბაიჯანული ეროვნული კლასიკური მუსიკის მცირე ვოკალურ ჟანრს, რომელიც მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ხანანდას რეპერტუარებში. თასნიფებს ძირითადად ასრულებენ მუღამამდე ან მის შემდეგ. თასნიფების ცნობილი შემსრულებელი აზერბაიჯანული ვოკალური ხელოვნების წარმომადგენელი ბულბულია. თასნიფებს საკუთარ ხელოვნებაში ასევე იყენებდნენ ისეთი ცნობილი კომპოზიტორები, როგორებიც იყვნენ ყარა ყარაევი, ფიქრეთ ამიროვი, თოფიგ გულიევი, ალექპერ თაღიევი[13].

კლასიკური მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIX საუკუნის ბოლოდან აზერბაიჯანში ინტენსიურად შემოდის ევროპული და რუსული მუსიკალური კულტურა. ბაქოში ყალიბდება სიმფონიური ორკესტრი[1].

Afrasiyab Badalbeyli orcestr.jpg

საოპერო მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანული საოპერო მუსიკის ფუძემდებელი გახლდათ კომპოზიტორი უზეირ ჰაჯიბეკოვი, რომელმაც 1907 წელს დაწერა პირველი ოპერა „ლეილი და მაჯნუნი“. მან ჩაუყარა საფუძველი მუღამ-ოპერულ ჟანრს[14]. ამ ოპერის შემდეგ აზერბაიჯანულ საოპერო მუსიკაში დიდი მიღწევა იყო  ჰაჯიბეკოვის მეორე ნაწარმოები „არშინ მალ ალანი“. ასევე მნიშვნელოვანი აზერბაიჯანული საოპერო ნაწარმოებებია „შაჰსენემი“ (გლიერი)[15], „ნარგიზი“ (მაგომაევი)[1], „სევილი“ (ამიროვი)[16].

სიმფონიური მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმფონიური ჟანრი აზერბაიჯანში შეიქმნა 1920-30-იან წლებში. განსაკუთრებულ სიმაღლეებს მიაღწია 1940-60-იან წლებში. რესპუბლიკის კომპოზიტორთა სკოლას ხელმძღვანელობდა ყარა ყარაევი. მან გააერთიანა ეროვნული და თანამედროვე მუსიკა. ამან გამოიწვია აზერბაიჯანული მუსკის მსოფლიო არენაზე გასვლა[1].

ოპერა "ლეილი და მაჯნუნი"

ყარაევის ცნობილი სიმფონიური ნაწარმოებებია „ლეილი და მაჯნუნი“, რომელმაც სათავე დაუდო ლირიკულ-დრამატიული სიმფონიზმის ჩამოყალიბებას აზერბაიჯანში; „შვიდი ლამაზმანი“ და ასევე ამავე სახელწოდების ბალეტი[17]. ამ მიმართულების კიდევ ერთი გამოჩენილი წარმომადგენელია ფიქრეთ ამიროვი. 1947 წელს იგი წერს სიმფონიას „ნიზამი“ და შემდეგ სიმფონიურ მუღამს „შური“ და „ქურდ ოვშარი“[16]. ასაფ ზეინალლის სიუიტა „ფრაგმენტები“ ითვლება აზერბაიჯანული სიმფონიური მუსიკის პირველ ნიმუშად, რომელიც შეიქმნა 1931 წელს[18].

ჯაზი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანულმა ჯაზმა დაიწყო განვითარება 1930 წლიდან. ამ პერიოდში კომპოზიტორმა თოფიგ გულიევმა და დირიჟორმა ნიაზიმ შექმნეს პირველი ჯაზის ორკესტრი ბაქოში. თუმცა აზერბაიჯანული ჯაზის ფუძემდებელი იყო ვაგიფ მუსტაფა-ზადე, რომელმაც შექმნა ახალი მუსიკალური ჟანრი - ჯაზ-მუღამი, სადაც გააერთიანა ამ ორი ჟანრის ელემენტები[19]. 1957 წელს რაშიდ ბეიბუთოვმა შექმნა საკონცერტო ანსამბლი, რომელიც აერთიანებდა ჯაზისა და აზერბაიჯანული ეროვნული ინსტრუმენტების სტილისტიკას[20].

პოპულარული მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელი და ნიკი ევროვიზიაზე

აზერბაიჯანის პოპ მუსიკის შექმნაში დიდი როლი ითამაშა საბჭოთა კავშირის პერიოდმა. ამ დროს ხდება გაცნობა დასავლურ კულტურასთან. ეროვნული ვოკალური სკოლის ფუძემდებლები კი იყვნენ შოვქათ მამედოვა და ბულბული[21].

მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა დაიწყო სხვადასხვა მუსიკალურ კონკურსებში მონაწილეობის მიღება ქვეყნის პოპ-მუსიკა ახალ დონეზე გადავიდა. 2008 წელს შედგა ქვეყნის დებიუტი ევროვიზიის კონკურსზე. 2009 წელს მონაწილეებმა დაიკავეს მე-3 ადგილი, 2010 წელს მე-5. 2011 წელს კი ევროვიზიის გამარჯვებული გახდნენ აზერბაიჯანის წარმომადგენლები ელი და ნიკი (ელდარ გასიმოვი და ნიგარ ჯამალი) სიმღერით "Runnig Scared"[22].

მეიხანა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეიხანა არის აზერბაიჯანული ხალხური მუსიკის ერთ-ერთი ნაირსახეობა, რომელიც რეჩიტატივის იმპროვიზაციას გულისხმობს. იგი წააგავს თანამედროვე რეპს. მეიხანა გამოირჩეულია იმით, რომ მისი შემსრულებლები ერთმანეთს ეჯიბრებიან და თავისით თხზავენ ტექსტს წინასწარი მომზადების გარეშე[23].

სიმფო-როკ-მუღამი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომპოზიტორი ელდარ მანსუროვი პირველი იყო, ვინც დადგა მუსკალური პროექტი „ბაჰრამნამე“, რომელიც ახალი მუსკალური სიინთეზი წარმოგვიდგინა სიმფო-როკ-მუღამი[24]. მანსუროვი ასევე გახდა პირველი კომპოზიტორი, რომელმაც შექმნა როკ-ოპერა „შვიდი ლამაზმანი“[25].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სტატია „აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა“ ქვეთავი XVI. მუსიკა, ქსე, ტ. 1, გვ. 200—201.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 АЗЕРБАЙДЖАНСКАЯ МУЗЫКА
  2. Музыкальная энциклопедия в 6 тт., 1973—1982; Под ред. Ю. В. Келдыш. — Садых: «Один из известных азерб. исполнителей на таре. Усовершенствовал этот инструмент, расширил возможности виртуозной игры на нём.»
  3. Оркестр азербайджанских народных инструментов
  4. В Баку торжественно отметили юбилей Оркестра народных инструментов - azertag.az
  5. Four new items inscribed on UNESCO’s Representative List of the Intangible Cultural Heritage of Humanity
  6. AZERBAIJAN xi. Music of Azerbaijan - Encyclopædia Iranica
  7. Azerbaijan
  8. АШУГ
  9. АШУ́Г
  10. Ашуги Азербайджана, «Советская музыка»
  11. История музыки народов СССР. — М.: Советский композитор, 1970. — Т. 1. — С. 337.
  12. იუნესკოს ჟურნალი, გვ.18
  13. «Азербайджанские теснифы как жанр народно-профессиональной музыки». Доклады АН АзССР, 1971, № 3.
  14. ГАДЖИБЕКОВ Зульфугар Абдул Гусейн оглы
  15. Азербайджанская музыка
  16. 16.0 16.1 Амиров Фикрет
  17. Karl H. Wörner, Igor Boelza, Richard F. Goldman, Israel Citkowitz and Henry Cowell. Current Chronicle. The Musical Quarterly. Jul. 1954. Vol. 40, No. 3. Pp. 391-418.
  18. Асаф Зейналлы (05.04.1909 - 27.10.1932)
  19. Восточные удовольствия в Монтрё
  20. Бейбутов Рашид
  21. Азербайджанская ССР
  22. Azerbaijan wins Eurovision Song Contest - The Telegraph
  23. Margaret Kaeter. Nations in Transition. The Caucasian Republics. — Infobase Publishing, 2004. — С. 93. — 166 с. — ISBN 9780816052684.
  24. МАНСУРОВ ЭЛЬДАР БАХРАМ ОГЛУ
  25. Эльдар Мансуров: «Я благодарен судьбе и чувствую себя счастливым человеком»