შინაარსზე გადასვლა

ავქსენტი მეგრელიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მეგრელიძე.
ავქსენტი მეგრელიძე

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 1 იანვარი, 1877
დაბ. ადგილი ხრიალეთი
წარმოშობა გურია
გარდ. თარიღი 12 დეკემბერი, 1953 (76 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
ჟანრ(ებ)ი ფოლკლორი
საქმიანობა ლოტბარი
მეუღლე ლიდია მეგრელიძე

ავქსენტი მეგრელიძე (დ. 1 იანვარი, 1877, ხრიალეთი — გ. 12 დეკემბერი, 1953, თბილისი) — ქართველი ლოტბარი, ხალხური სიმღერების შემსრულებელი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1946).

მეგრელიძემ საგუნდო საქმიანობა დაიწყო იოსებ რატილის გავლენით, მისი მოღვაწეობის განმავლობაში ებრძვოდა ამ გავლენას, ეძებდა საკუთარ გზებს, ატარებდა ამ ძიების პროცესში საგულისხმო ექსპერიმენტებს და საბოლოოდ იპოვა საკუთარი თავი.[1]

სოფლის დაწყებითი სკოლის დასრულების შემდეგ 1885 წელს შეიყვანეს ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში, ხოლო შემდეგ კი ქუთაისის სასულიერო სემინარიაში შეიყვანეს. სწავლისას ავქსენტი მუსიკისადმი დიდ მიდრეკილებას იჩენდა, გარდა იმისა, რომ გუნდში მღეროდა, ეცნობოდა კიდეც სანოტო ანბანს. მალე იმდენად გაიწაფა, რომ ცნობილმა ლოტბარმა კორნელი მაღრაძემ თავის თანაშემწედ დანიშნა.

1893 წელს ის სემინარიიდან გარიცხეს რევოლუციურ გამოსვლებში მონაწილეობის გამო. 20 წლის ავქსენტი მეგრელიძემ მუშაობა დაიწყო ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში, სადაც სხვა საგნებთან ერთად სიმღერა-გალობას ასწავლიდა. პარალელურად იგი ქალაქის პირველდაწყებით სკოლაში და ქალთა პროგიმნაზიაში მოღვაწეობდა. 1897-1898 წლებში ხელმძრვანელობდა ქუთაისის სასულიერო სემინარიის გუნდს. 1900 წელს ცოლად მოიყვანა ფემინისტი და რევოლუციონერი ლიდია მამულაიშვილი. 1900-1918 წლებში წლიდან ავქსენტი მეგრელიძე ფოთში მოღვაწეობდა. ის საეკლესიო გუნდს ლოტბარობდა და თან პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა. მან ფოთში ჩამოაყალიბა ქართული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი. იგი მრავალი წლის მანძილზე უანგაროდ ხელმძღვანელობდა ანსამბლს, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა მთელ საქართველოში. 1906 წელს მეუღლესთან ერთად ხრიალეთში მალავდა ფოთის რსდმპ-ის კომიტეტის არალეგალურ სტამბას.[2] 1913 წლის ნოემბერში ანსამბლმა აქტიური მონაწილეობა მიიღო დიდი მსახიობის ლადო ალექსი-მესხიშვილის პატივსაცემად ფოთში გამართულ იუბილეზე. 1917 წელს ფოთში მცხოვრებ საზოგადო მოღვაწეთა ინიციატივით ჩამოყალიბდა მომღერალთა ოცდაათ კაციანი გუნდი, რომელსაც სათავეში ავქსენტი მეგრელიძე ჩაუდგა. ავქსენტი ინტერესდება ხალხური საკრავებით. მას დიდი დამსახურება მიუძღვის ქართული ხალხური საკრავების მოძიების, შესწავლისა და განვითარების საქმეში.

1927 წელს მეგრელიძემ ბათუმში შექმნა გუნდი, რომელშიც მიიწვია სამუელ ჩხიკვიშვილი. გუნდმა კონცერტები გამართა ბათუმსა და სუფსაში. ამ დროს მეგრელიძე საგუნდო საქმიანობაში ექსპერიმენტებსს ახდენდა იგი თანდათან ტოვებდა ვლადიმერ აღნიაშვილის გუნდის მიერ დანერგილ ევროპულ საგუნდო პრაქტიკას და უახლოვდებოდა ქართულ ხალხურ საგუნდო ტრადიციებს. მეგრელიძემ და ჩხიკვიშილმა ეფრემ ბერსენაძის მონაწილეობით ჩაწერეს სიმრერა „იარაღის შეჯიბრი“, რომელიც ჩაწერეს ნოტებზე.

1927 წელს მან სუფსაში შექმნა მეჩონგურე ქალთა ანსამბლი, რომელმაც 1929 წელს მეორე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე მიიღო მონაწილეობა. 1933 წელს გადავიდა თბილისში, სადაც ასეთივე ანსამბლი შექმნა. მასში ოცამდე ქალი იყო გაერთიანებული, რომელიც ასრულებდნენ მეგრელიძის მიერ დამუშავებულ ხალხურ სიმღერებს. მეჩონგურე ქალთა ანსამბლი, რომელსაც ავქსენტი მეგრელიძე ხელმძღვანელობდა მთელი შემადგენლობით შეუერთდა დასავლეთ საქართველოს ეთნოგრაფიულ გუნდს, რომელიც ემზადებოდა საქართველოს ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაში მონაწილეობის მისაღებად. 1936 წელს მოსკოვში გამართულ ქართული ხელოვნების დეკადაზე კირილე პაჭკორიასთან ერთად ხელმძღვანელობდა დასავლეთ საქართველოს ანსამბლს. 1940-1946 წლებში ავქსენტი მეგრელიძე იყო სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ინსტრუმენტული ჯგუფის ხელმძღვანელი. ავქსენტი მეგრელიძე უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს რადოიკომიტეტთან არსებულ ქართულ ხალხურ გუნდს.

1946 წელს ქართულ ფოლკლორისტიკაში შეტანილი წვლილისათვის ავქსენტი მეგრელიძეს საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა. დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით.

1953 წელს იგი გარდაიცვალა, დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე. აქვსენტი მეგრელიძის მიერ ჩამოყალიბებულ სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს ორი ათეული წლის მანძილზე ჩინებულად ხელმძღვანელობდა ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ლოტბარი მიხეილ ხავთასი. ანსამბლში წლების განმავლობაში მოღვაწეობდა ცნობილი ქართველი მომღერალი ძუკუ ლოლუა. აქ მღეროდნენ ქართული სიმღერის ოსტატები: ვ. გუგუშვილი, ძმები ქოიავები, გ. აბრალავა, რ. მიმინოშვილი და სხვები.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. შილაკაძე, 1961, გვ. 25
  2. მწერალთა ავტობიოგრაფიები, ტ. I, თბილისი: ლიტერატურის მუზეუმი, 2013. — გვ. 389, ISBN 978-99940-28-84-9.