ლიდია მეგრელიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მეგრელიძე.
ლიდია მეგრელიძე
დაბადების თარიღი 14 აგვისტო, 1883
ბაილეთი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 13 ივლისი, 1968 (84 წლის)
მოქალაქეობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ
საქმიანობა ქართველი მწერალი
რელიგია ათეისტი
მეუღლე(ები) ავქსენტი მეგრელიძე
მშობლები მამა: ისმაილ მამულაიშვილი
დედა: კატო ჟორდანია

ლიდია მეგრელიძე (დ. 14 აგვისტო, 1883, ბაილეთი — გ. 13 ივლისი, 1968) — ქართველი ქალი რევოლუციონერი, საბავშვო მწერალი, ფემინისტი და ქალთა უფლებების დაცვის აქტივისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიდია მეგრელიძე დაიბადა გაღარიბებული აზნაურის, ისმაილ მამულაიშვილის ოჯახში სოფელ ბაილეთში. მალე მისი ოჯახი ოზურგეთში გადავიდა საცხოვრებლად. 12 წლის ასაკში დედა გარდაეცვალა. დაობლების შემდეგ, ლიდია თავისთან სოფელ აკეთში დეიდამ წაიყვანა, დეიდის ქმრის კონსტანტინე დათუნაშვილის ოჯახში. დედის გარდაცვალებამ ლიდიას გული ძლიერ ატკინა და დეპრესიაში ჩაგდო. დეპრესიამ ლიდია ლიტერატურასთან დააახლოვა, კუთხულობდა რენანს, ჰექსლის, ბოკლს, დაუახლოვდა მესამე დასს. ჩაერთო არალეგალურ საქმიანობაში, მართავდა წარმოდგენებს, რომლის შემოსავალი ბიბლიოთეკა-სამკითხველოებს ხმარდებოდა. 1898 წელს ეგნატე ნინოშვილის „გოგია უიშვილი“ გადააკეთა პიესა, რომელიც ალექსანდრე წუწუნავამ არალეგალურად დადგა ოზურგეთში.

1900 წელს გათხოვდა ავქსენტი მეგრელიძეზე და გადავიდა საცხოვრებლად ფოთში. მონაწილეობდა პოლიტიკურ საქმიანობაში, ქალთა უფლებების დაცვაში, დრამატული წრის, განათლების საზოგადოების დაარსებაში. ამავდროულად წერდა ლექსებს. 1905 წელს იყო ფოთის რსდმპ ორგანიზაციის წევრი, 1906 წელს მეუღლესთან ერთად ხრიალეთში მალავდა ფოთის კომიტეტის არალეგალურ სტამბას. 1910 წელს მისი პირველი ლექსი „გაზაფხული“ დაიბეჭდა ჟურნალ „ნაკადულში“. 1912 წელს იმოგზაურა შავ ზღვაზე, მოინახულა პეტერბურგი და ფინეთი. 1914 წელს ჩააბარა საშუალო სკოლის გამოცდები საღვთო სჯულის გამოკლებით, თუმცა ატესტატი ვერ მიიღო 1917 წლამდე. 1915 წელს „ახალ კვალში“ (NN5-8-11-12) დაიბეჭდა მისი წერილების სერია „მშრომელ ქალთა მდგომარეობა დასავლეთ საქართველოში“. 1915 წელს დააარსა ფოთის ქალთა საზოგადოება, რომლის თავმჯდომარედ თავად აირჩიეს. საზოგადოებასთან დააარსა ორი სკოლა: საკვირაო სკოლა წერა-კითხვის უცოდინართათავის და საღამოს კურსები მცირეწლოვან ნოქრებისთვის. 1917 წელს აირჩიეს ფოთის საქალაქო საბჭოში და იყო პირველი ქალი, რომელიც ამ საბჭოს წევრი გახდა. 1925 და 1927 წლებში გამოსცა საბავშვო ლექსების ორი პატარა კრებული. მისი ლექსები და მოთხრობები იბეჭდებოდა დაწყებითი სკოლის სახელმძღვანელოებში. თანამშრომლობდა „პიონერში“, „ოქტომბრელში“, „ნორჩ ლენინელში“, ხოლო გარდა საბავშვო ჟურნალებისა, აქვეყნებდა მასალებს „მშრომელ ქალში“. 1931-1932 წლებში მუშაობდა პროფკავშირის საბიბლიოთეკო ინსტრუქტორად და მოიარა მთელი საქართველო. 1934 წლიდან გახდა საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. 1935-1936 წლებში მოგზაურობდა ვლადიკვაკვაზში, ბაქოში, მოსკოვსა და ლენინგრადში.

ლიდია მეგრელიძე 8 შვილს ზრდიდა სიდუხჭირეში. საშინაო ცხოვრება მას მუშაობის საშუალებას უზღუდავდა. ერთ-ერთი ოჯახური შემთხვევის გახსენებისას ლიდია წერს, როგორ უსაყვედურა მეუღლემ, რომ შვილები არ უნდოდა. მის პირად ჩანაწერებში ვრცელი ადგილი უჭირავს მეგობრობას გალაკტიონ ტაბიძესთან. იყო გალაკტიონის დიდი გულშემატკივარი და მხარდამჭერი. გალაკტიონი ლიდიას მოიხსენიებდა ადამიანად, რომელიც „არავისში გაიცვლება და არ განმეორდება“.[1]დაჯილდოებულია მედლით „შრომითი მამაცობისთვის“. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავტორია წიგნებისა: „მზია და ფისო“ (1939, საბავშვო პოემა), „მარგალიტის მძივები“ (1941, ლექსთა კრებული), „დარღვეული ოჯახი“ (1941, მოთხრობა), „ბუბა და ლელა“ (1949, მოთხრობა), „მშობლიურ ცის ქვეშ“ (1952).[2]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლიდია მეგრელიძე // მწერალთა ავტობიოგრაფიები, ტ. I, თბილისი: ლიტერატურის მუზეუმი, 2013. — გვ. 383-389, ISBN 978-99940-28-84-9.
  • ბაბუნაშვილი, ზ., ნოზაძე, თ., „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 264, თბილისი, 1994

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ლიდია მეგრელიძე. ციტირების თარიღი: March 8, 2020.
  2. ლიდია მეგრელიძის საბავშვო ლექსი ია და ბავშვი. ციტირების თარიღი: March 8, 2020.