ძუკუ ლოლუა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ძუკუ ლოლუა

ძუკუ ლოლუა (დ. 8 აპრილი, 1877, სოფელი ქვალონი — გ. 1924) — ქართველი ლოტბარი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1877 წლის 8 აპრილს ხობის რაიონის სოფელ ქვალონში, რომელიც ფოთსა და სენაკს შორის მდებარეობს. მამამისი პორფილე ძუკუს დაბადებიდან ორ თვეში გარდაიცვალა. ძუკუ ლოლუას ოჯახი XIX ს-ის 80 იან წლებში ობლობისა და მწარე სიღარიბის გამო სოფ. ქვალონიდან ფოთში გადმოსახლებულა. დედამისი განთქმული მეჩონგურე და მომთქმელი, მომტირალი ქალი ყოფილა. დედას - ჭამჭალა ჩიქვანიძეს ხუთი შვილი, სამი გოგო და ორი ვაჟი დარჩა აღსაზრდელი. სწორედ დედა იყო ძუკუს პირველი მასწავლებელი სიმღერაში, ჩონგურზე დაკვრაში, ქართულ ანბანში. პატარა ძუკუ გაჭირვების გამო სკოლაში არ დადიოდა, არამედ თავისი შრომით ოჯახს ამარაგებდა. მასავით ღარიბ ბავშვებთან ერთად ნავსადგურში მიდიოდა დილით ტომრით, ჰკრეფდა გადმონატვირთი სიმინდისა და ბრინჯის მარცვლებს. რეცხდნენ, აშრობდნენ და ჰყიდდნენ) შემდეგ დღიურ მუშად დაუწყია მუშაობა ნავსადგურში. სწავლა ოცნებად დარჩა. იგი იძულებული გახდა დედის ნატვრა აესრულებინა და სასულიერო გზას დაადგა ხომირის და ათონის მონასტერში. ფოთში დაბრუნებული ხალხურ სიმღერებს დაწაფებია.

მალე ძუკუ თავის მხარეში ცნობილ მომღერალ-მგალობლად ჩამოყალიბდა.

  • 1895 წელს მან უკვე ფოთის საეპარქიო სასწავლებელში გალობის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.
  • 1896 წლის დეკემბერში ქუთაისის თეატრში ძუკუ უსმენს ქართულ ხალხურ მომღერალთა გუნდს სანდრო კავსაძის ხელმძღვანელობით აღმოსავლეთ საქართველოდან. ძუკუ მოიხიბლა გუნდის ქართლ-კახური სიმღერებით, მაგრამ მეგრული სიმღერების შესრულებით უკმაყოფილო გახდა და კონცერტის მეორე დღესვე დაიწყო გუნდის შექმნაზე ზრუნვა. ეს მისწრაფება ფაღავა დარიას და ალშიბაიების ოჯახის დახმარებით წარმატებით დამთავრდა. ძირითადად სამეგრელოს სოფელ კოკიდან მოკრებილი მომღერლების გუნდმა მალე წარმატებული კონცერტები გამართა ქუთაისში და დასავლეთ საქართველოს სხვა მხარეებში.
  • 1897 წელს ფოთში შეადგინა მომღერალთა გუნდი. მღეროდნენ მეგრულ, აფხაზურ და სვანურ სიმღერებს იგი მუშაობდა რკინიგზაზე, საფეიქრო სახელოსნოში, ქარხანაში, სადაც ძუკუს ორჯერ მოყვა დაზგაში ფეხი და თითები დაკარგა.
  • 1899 წელს ჩხუბში მონაწილეობის გამო ძუკუ ლოლუა დააპატირმრეს და რვა წელი მიუსაჯეს. ძუკუს დამ ნოტიომ თავისი ძმის საპატიმრო ვადის ნახევარი თავის თავზე აიღო და და-ძმამ ერთად ოთხი წელი გაატარეს გვერდი-გვერდ საკანში, ისე, რომ ძუკუმ ამის შესახებ არაფერი იცოდა. ძუკუსთან ერთად ციხეში იჯდნენ საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი ჟორდანია ნოე და ჯუღაშვილი სოსო _ საბჭოთა კავშირის მომავალი ლიდერი იოსებ სტალინი.
  • ძუკუ ლოლუა და მეგრელ მომღერალთა გუნდი, ახალი სენაკი, 1916 წ.
    1904 წელს ძუკუ ლოლუა ხალხური გუნდის შექმნის მიზნით, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის გამგეობის ხელმძღვანელ მაშო ანჩაბაძის მიწვევით სოხუმში მკვიდრდება. აქ იგი ხსნის სამკითხველო "დიოსკურიას" (სოხუმის ანტიკური სახელწოდება), სადაც ცხოვრობს კიდეც. მალე ძუკუს მეცადინეობით გუნდისთვის 80 კაცი შეიკრიბა. გუნდი, გარდა კვირისა, ყოველდღე მეცადინეობდა. ამ გუნდში აღიზარდნენ კიწი გეგჭკორი, შელეგია რომანოზ (რემა), პაჭკორია კირილე, ავქსენტი მეგრელიძე, პორფილე გაბელია, პლატონ ფანცულაია, ვლადიმერ ბაბილუა, ხავთასი მიხეილი, ნოკო ხურცია, ვანო კოზმავა, ძღიკი ძიაფშიფა, მაქსიმე ანუა, ანდრი ალანია. გუნდში მონაწილეობდნენ მეგრელი, აფხაზი, გურული, იმერელი, სვანი მომღელები. რეპერტუარში, მეგრულთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა აფხაზურ სიმღერებს, რომლებიც ძუკუმ სოფელ-სოფელ სიარულით შეაგროვა, ფონოგრაფზე ჩაიწერა და ისწავლა.
  • 1904 წლის 25 სექტემბერს გუნდმა პირველი კონცერტი ჩაატარა დიდი წარმატებით. ძუკუ ლოლუას ზრუნვით აფხაზეთში ქართული კულტურის კიდევ ერთი მძლავრი კერა გაჩნდა. გაჭირვებით მიღწეული გასტროლი სოჭში ასევე დიდი წარმატებით ჩატარდა.
  • 1910-11 წლებში გუნდის რეპერტუარი, მეგრული და აფხაზური სიმღერების გარდა, გურული, იმერული და სვანური სიმღერებით გამდიდრდა.
  • 1914 წელს გუნდმა საკონცერტო მოგზაურობა მოაწყო დასავლეთ საქართველოს ქალაქებში. დიდი პოეტის აკაკი წერეთლის იუბილეზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ ძუკუ ლოლუას გუნდს თბილისში იწვევენ.
ძუკუ ლოლუას ფოთის გუნდი, 1919 წ.
  • 1917 წლის 26 აგვისტოს თბილისში კონცერტს აღფრთოვანებით შეხვდა მსმენელიც და პრესაც.
  • 1919 წელს ძუკუ ლოლუამ იქორწინა დაშა ჩიქოვანზე. მიუხედავად ოჯახს მოკიდებისა, იგი კვლავ ქართულ სიმღერას უთმობს ძირითად დროს. ასწავლის გიმნაზიებში, ხელმძღვანელობს გუნდებს.
  • 1919 წელს ,საქართველოში ცნობილ ლოტბარს, ძუკუ ლოლუას ფოთში დაუარსებია "ქართული ხალხური სიმღერების მოყვარულთა საზოგადოება" და მოწაფე ქალ-ვაჟთა გუნდები.
  • 1921 წელს იგი დასავლეთ საქართველოს სახალხო გუნდების ინსტრუქტორად დაინიშნა.

"ჩემს ენერგიას, ცოდნას და გამოცდილებას არ ვზოგავდი, იმისათვის, რომ ჩემი წვლილივ ყოფილიყო ჩვენი ხალხისა და მომავალი თაობის აღზრდის საქმეში"- აღნიშნავდა ძუკუ ლოლუა. "დიდი ადგილი უკავია ჩემს შემოქმედებაში, ჩემთვის საყვარელ, ყველასათვის ცნობილ, ქართული ხალხური მუსიკალური კულტურის სახელოვან მოღვაწეს და მოამაგეს აქვსენტი ვასილის ძე მეგრელიძეს, რომელმაც პატარაობიდანვე ჩამინერგა ქართული ხალხური და საგუნდო ხელოვნების სიყვარული".

  • 1921 წელს ქ. ფოთში დანიშნული ყოფილა კომინტერნის III კონგრესისადმი მიძღვნილი ქალაქის მშრომელთა მიტინგი. ფოთის რევკომის თავმჯდომარის ბესარიონ გოგიასა და პარტიის ქალაკომის მდივნის გრიშა მეუნარგიის დავალებით ამ მიტინგზე ძუკუ ლოლუას გამოუყვანია ქალაქში ახლადდაარსებული მომღერალ ქალ-ვაჟთა საქალაქო გუნდი. შეუსრულებიათ "ინტერნაციონალი" ქართულად, რაც ძალიან მოწონებია საბჭოთა საქართველოს მთავრობის თავმჯდომარეს ფილიპე მახარაძეს და დაპირებია დახმარებას. წერილობითი განკარგულებით მიუცია ერთი რბილი ვაგონი საკონცერტო მოგზაურობისთვის.
  • 1924 წელს ძუკუ ლოლუა მოულოდნელად ტიფისაგან გარდაიცვალა 47 წლის ასაკში. მისი სიკვდილის შემდეგ დასავლეთ საქართველოს მომღერალთა უკვე საქვეყნოდ ცნობილ კოლექტივს "ძუკუ ლოლუას სახელობის დასავლეთ საქართველოს ხალხური სიმღერის გუნდი" ეწოდა.

ძუკუ ლოლუამ დაამუშავა და გუნდების რეპერტუარში დაამკვიდრა მრავალი 100-ზე მეტი მეგრული და სხვა კუთხის სიმღერა. მან დაგვიტოვა მრავალი ჩანაწერი, სადაც თავისი პუბლიცისტური ნიჭი გამოაჩინა. თავის ნაწერებში იგი იცავს ქართული ჰანგის თვითმყოფადობას, ქართული გალობის სამხმოვანებას, საკომპოზიტორო ხელოვნების "ორეულად" მიიჩნევს ხალხურ მუსიკას. ძუკუ ლოლუა სიცოცხლის ბოლო წლებში ცდილობდა, ორგანიზება გაეკეთებინა ქართული მომღერლებისა და კომპოზიტორების კონფერენციისათვის, სადაც ქართული სიმღერის პრობლემებზე იმსჯელებდნენ. ძუკუ ლოლუას სამართლიანად უწოდებენ "მეგრული სიმღერის პატრიარქს".

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]