ვლადიმერ აღნიაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აღნიაშვილი.
ლადო აღნიაშვილი
ლადო აღნიაშვილი ფერეიდნელ ქართველებთან. აივანზე მეორე რიგში მარცხნიდან მეორე.jpg

ვლადიმერ (ლადო) დიმიტრის ძე აღნიაშვილი (დ. 7 თებერვალი, 1860, სოფ. შილდა, ახლანდელი ყვარლის რაიონი ― გ. 23 აპრილი, 1904, თბილისი) — გამოჩენილი ქართველი პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ლინგვოდიდაქტიკოსი და ლექსიკოგრაფი, ეთნოგრაფი, ფოლკროლისტი და პუბლიცისტი

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივის ფონდში დაცული დაბადების მოწმობით, ვლადიმერ (ლადო) აღნიაშვილი დაიბადა 1860 წელის 23 იანვარს თელავის მაზრის სოფელ შილდაში (ყვარლის რაიონი). დაბადების მოწმობის ტექსტის თანახმად: იგი “...მონათლულია 29 იანვარს. ნათლობა შეასრულა სოფელ შილდის წმ. ნინოს, ამავე სოფლის ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელმა ვართლომე იორდანოვმა, ამავე სოფლის ღვთისმშობლის ეკლესიის პრიჩეტნიკების (დიაკვნების) იოსებ და ალექსი აღნიაშვილებისათა.

მშობლები – სოფელ შილდის ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელი და ბლაღოჩინი დიმიტრი იოკის ძე აღნიევი და სჯულიერი ცოლი ეკატერინე ზაქარიას ასული, ორივე მართმადიდებლობისით სარწმუნოებისანი. ნათლია (მიმრქმელი) – საქართველოს ქვეითი პოლკის III როტნის აფიცერი თავადი ლევან ესტატეს ძე ჯორჯაძე” (სტილი დაცულია).

ლადო აღნიშვილი მრავალშვილიან ოჯახში დაბადებულა. მას 9 და-ძმა ჰყავდა. მათი შთამომავლები დღესაც ცხოვრობენ და მოღვაწეობენ თბილისში, ყვარლის რაიონის სოფ. შილდაში და სხვა.

საზოგადო საქმეებით გატაცებულ ვლადიმერ (ლადო) აღნიაშვილს თავად არ შეუქმნია ოჯახი. მისი ბავშვობა და ყრმობა მჭიდროდ იყო დაკავშირებული ოჯახურ წეს-ჩვეულებებთან, მის მშობლიურ სოფელ შილდასთან, მის სახელოვან ტრადიციებთან.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1868 წლის სექტემბერი - შევიდა სოფელ შილდის №1 სასოფლო სასწავლებელში, რომელიც იმ წელს მისი მამის ინიციატივით გაიხსნა.
  • 1872 წელს დაამთავრა დაწყებითი სკოლა.
  • 1872-1877 წლებში სწავლობდა თელავის სასულიერო სემინარიაში.
  • 1877-1881 წლებში სწავლობდა გორის სამასწავლებლო სემინარიაში. დაამთავრა სანიმუშო ყოფაქცევით და წარჩინებით 1881 წლის 14 ივნისს.

მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვლადიმერ (ლადო) აღნიაშვილის პირველი ლექსიკოლოგიური მცდელობები დაკავშირებულია რუსული ენის სახელმძღვანელოს და რუსულ-ქართული უბის ლექსიკონის გამოცემასთან.

  • 1881 წელს დაინიშნა ქართული და რუსული ენების პირველ მასწავლებლად ტფილისის სათავადაზნაურო სასწავლებელში (ინსპექტორი – ნ. ლომოური).
  • 1883-1893 მუშაობდა ტფილისის ქართველ კათოლიკეთა სამრევლო სკოლაში.
  • 1883 წელს გამოსცა სახელმძღვანელო “Первый шагъ въ изученიи русскаго языка для начальныхъ грузинскихъ школъ”(“პირველი ნაბიჯი რუსული ენის შესწავლაში დაწყებითი ქართული სკოლებისათვის”).
  • 1887 გამოიცა ლადო აღნიაშვილის რუსულ-ქართული უბის ლექსიკონი (“ნამცეცა” - “Карманный словарь”).
  • ამავე წელს ლ. აღნიაშვილის ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა “ქართველთა წიგნების გამომცემელ ამხანაგობას”, რომელიც ოფიციალურად გაფორმდა 1894 წლის 31 მაისს.
  • 1885-1888 წლებში ლადო აღნიაშვილი ქმნის ქართული ხალხური სიმღერების ეთნოგრაფიულ გუნდს, შემდგომში ცნობილს სახელწოდებით: “ქართული ხორო”. ვლადიმერ (ლადო) აღნიაშვილი მისი ორგანიზატორი და სულის ჩამდგმელია.
  • პირველი კონცერტი გაიმართა 1886 წლის 15 ნოემბერს (გიორგობისთვეს) ქართულ თეატრში.
  • 1888 წელს ლ. აღნიაშვილმა განახორციელა ორი წარმოდგენა ქართულ ხალხურ თქმულებებზე დაყრდნობით – “ყარამანიანი” (3 მოქმედებად, 11 სურათად) და “ტარიელი” (3 მოქმედებად და 10 სურათად).
  • 1889 – ვლადიმერ აღნიაშვილი – ქართული თეატრის ზედმხედველია.
  • 1890 წელს “ქართველთა წიგნების გამომცემელმა ამხანაგობამ” გამოსცა ლადო აღნიაშვილის მიერ ხალხში შეგროვილი ხალხური ზღაპრები (წიგნი 1) რომელშიც 15 ზღაპარი შევიდა.
  • 1892 წლის პირველ სექტემბერს ვლადიმერ (ლადო) აღნიაშვილი გახდა “ქართველთა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” ნამდვილი წევრი.
  • 1892-1893 ლადო აღნიაშვილი გამოსცემს ოჯახში საკითხავი “ახალი ანბანის” 8 წიგნს - “ან”, “ბან”, “გან”, “დონ”, “ენ” – 1892 წ; „ვინ“ – პაწაწა მინერალოგია, „ზენ“ – პაწაწა ბოტანიკა, „თან“ – პაწაწა ზოოლოგია – 1893 წ.
  • 1893 წლის 5-10 მაისი – გამოხმაურება „ახალი ანბანის“ კრიტიკაზე – „პასუხად ქაჩალ, ულმობელ კრიტიკოსს, ბ-ნ „პაატას“ და ორი კითხვა „ივერიის“ რედაქციისადმი“.
  • 1894 ლადო აღნიაშვილი გაემგზავრა სპარსეთში იმ მიზნით, რათა შეესწავლა სპარსეთის მიერ მიტაცებულ ტერიტორიებზე ქართველების მიერ შემონახული ქართული ზნე – ჩვეულებები, ტრადიციები და სხვ.
  • 1896 წელს – ჟურნალ „მოამბეში“ გამოქვეყნდა ლადო აღნიაშვილის „მგზავრის წერილები“ წიგნიდან „სპარსეთი და იქაური ქართველები“. იმავე წელს გამოიცა იგი ცალკე წიგნადაც ამავე სახელწოდებით.
  • 1895-1899 წლებში ლადო აღნიაშვილი თანამშრომლობდა საყმაწვილო ყოველთვიურ ჟურნალ „ჯეჯილთან“, რომელშიც გამოაქვეყნდა სტატიების ციკლი „საკვირველებანი ბუნებისა“ – მცენარეებზე და ცხოველებზე.
  • 1896-1897 წლებში – სოფელმა საგარეჯომ (კახეთში) ლადო აღნიაშვილი აირჩია მამასახლისად. აქ მან განავითარა აქტიური საზოგადოებრივი მუშაობა. გაზეთმა “ივერიამ” თავის ფურცლებზე 1898 წელს განიხილა საგარეჯოს საზიარო მამულების დაყოფის საკითხი. საქმე ეხება დავას საგარეჯოელებსა და გიორგიწმინდელებს შორის მინდვრების საზღვრების გამო. ამ საკითხის გადაწყვეტაში საგარეჯოელთა სასარგებლოდ მონაწილეობდა ლადო აღნიაშვილი, იმ დროს საგარეჯოს მამასახლისი. ეს ამბავი ისე გახმაურებულა, რომ გაზეთ ”ივერიის” ფურცლებზე გაშლილა დავა. აღსანიშნავია, რომ გიორგიწმინდელებმა ლადო აღნიაშვილს უწოდეს “საგარეჯოს მამა” და გიორგიწმინდის “მამინაცველი”.

ლადო მონაწილეობდა, აგრეთვე, საგარეჯოს კულტურულ ცხოვრებაშიც. მაგ: 1897 წელს საგარეჯოს თეატრის მოყვარულთა კოლექტივმა ამ თვითმოქმედი თეატრის დაარსების 10 წლისთავის აღსანიშნავად დადგა სპექტაკლი “ხანუმა”, რომელშიც მთავარ როლს ასრულებდა ლადო აღნიაშვილის პაპიდა – ვარო. თეატრის მოყვარულთა კოლექტივის საქველმოქმედო სპექტაკლში, ვაროს გარდა, ჩაბმულნი იყვნენ აღნიაშვილების მთელი ოჯახი ლადოს მეთაურობით. ლადო აღნიაშვილი აქტიურად ეხმაურებოდა თეატრალური ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან მოვლენას და აქვეყნებდა გამოხმაურებებს სპექტაკლებზე იმხანად გამოცემულ ჟურნალ-გაზეთებში.

  • 1897 წელს - ლადო აღნიაშვილის თაოსნობით დაარსდა “ქართველთა სააღებმიცემო ამხანაგობა “შუამავალი” (კოოპერატივი), იმდროინდელი “ცნობის ფურცელი” გამოეხმაურა კოოპერატივ “შუამავლის დაარსებას”.
  • 1900-1901 ლადო აღნიაშვილი იყო მამა-დავითის სკოლის მასწავლებელი.

სიცოცხლის ბოლო დღეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაუღალავმა, ხანგრძლივმა შრომამ წელში გაწყვიტა ლადო აღნიაშვილი, სულიერად მოქანცა. იგი სულიერად დასნეულდა, დაემართა ტვინის დამბლა. 1901 წლის 27 თებერვალს იგი მოათავსეს მიხეილის საავადმყოფოში, სადაც ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ ლადო აღნიაშვილი გარდაიცვალა 1904 წლის 10 აპრილს. დაკრძალულია თბილისში კუკიის სასაფლაოზე. კუკიის სასაფლაომდე გალობით მიაცილეს ქართველმა მომღერლებმა და ამით გამოხატეს მის მიმართ პატივისცემა და მადლიერება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
  • იმედაშვილი ი., ლადო აღნიაშვილი, ტფ., 1929;
  • მეტრეველი პ., ლადო აღნიაშვილი, «მნათობი», 1960, № 6;
  • მაცაბერიძე, ჩხიკვაძე გ., ქსე, ტ. 2, გვ. 61, თბ., 1977

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]