ცხვირრქოსანი გველგესლა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ცხვირრქოსანი გველგესლა
ViperaDSCF8246a.JPG
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ქვეწარმავლები
რიგი: ქერცლიანები
ქვერიგი: გველები
ოჯახი: გველგესლასებრნი
ლათინური სახელი
Vipera ammodytes

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში

ITIS 634985
NCBI 8704

ცხვირრქოსანი გველგესლა (ლათ. Vipera ammodytes) — შხამიანი გველების სახეობა გველგესლასებრთა ოჯახისა. საშუალო ზომისაა, სხეულის სიგრძე 60-70 სმ აღწევს, მაქსიმალური — 95 სმ-ს. მამალთან შედარებით დედალი — შედარებით პატარა ზომისაა. თავის ზედაპირი დაფარულია ჩვეულებრივ, მოკლე ნეკნისებრი ქერცლით. დინგის ბოლოს აქვს 3-5 სმ სიგრძის რქოვანი წამონაზარდი (აქედან სახელწოდება). ამავე მონაკვეთის ქერცლი ხშირად კრიალაა. სხეული ზემოდან ნაცრისფერი, მოყავისფრო ან მოწითალო-მოყავისფროა. ზურგის არეში ტეხილად გასდევს მუქი ან მსხვილი რომბულ-განივი ზოლები. მუცელი მოყვითალოა. თავი მოყავისფრო აქვს და მუქი და წვრილი წერტილებითა და ლაქებით არის დაფარული.

კუდის ბოლო ქვემოდან წითელი, ყვითელი ან მწვანეა.[1] გავრცელების არეალი მოიცავს იტალიის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ, სლოვაკეთის სამხრეთ, უნგრეთის დასავლეთ ნაწილებს; აგრეთვე სლოვენიას, ხორვატიას, ბოსნია და ჰერცეგოვინას, სერბეთს, ჩერნოგორიას, ალბანეთს, საბერძნეთს, მაკედონიას, რუმინეთს, ბულგარეთს, თურქეთს, საქართველოსა და სირიას.

ცხვირრქოსანი გველგესლა უპირატესობას ანიჭებს მთების კლდოვან ფერდობებს, ბუჩქნარებს, მდინარეთა ნაყარებს, ქვიან ღობეებს, მიტოვებულ შენობებსა და სხვა. ნადირობს ღამის პირველ ნახევარში, შებინდებისას. იკვებება მღრღნელებით, ფრინველებით, იშვიათად ხვლიკებით. შეწყვილება ხდება მარტსა და აპრილში. შხამიანია, თუმცა ადამიანის სიკვდილის შემთხვვები არ არის რეგისტრირებული. მის შხამს იყენებენ სამკურნალო პრეპარატების დასამზადებლად. სარგებლობა მოაქვს მღრღნელების განადგურებით. იმყოფება დაცვის ქვეშ.

ცხვირრქოსანი გველგესლა ბინადრობს საქართველოშიც. იშვიათი სახეობაა, ამიტომ შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში. გვხვდება მესხეთისა და თრიალეთის ქედებზე, მდინარე მტკვრის ზემო დინებაში, ქალაქ ახალქალაქის მომიჯნავე ტერიტორიაზე.[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Банников А. Г., Даревский И. С., Рустамов А. К. Земноводные и пресмыкающиеся СССР. — М.: «Мысль», 1971
  2. ცხვირრქოსანი გველგესლა – Vipera transcaucasiana