ჩეჩნები
ვიკიპედიიდან
ჩეჩნები (ჩეჩნურად: ნოხჩი/Noxçi) წარმოადგენენ უდიდეს ეთნიკურ ჯგუფს ჩრდილოეთ კავკასიაში. საკუთარ თავს უწოდებენ "ნოხჩებს" (მხოლობითში "ნოხჩი", მრავლობითში "ნოხჩო").
იზოლირებულმა, მთებით გარშემორტყმულმა ტერიტორიამ და სტრატეგიულად ხელსაყრელმა მდებარეობამ მიიზიდა ჩეჩნები და შემდგომში ხელი შეუწყო მათი, როგორც ეთნოსის უნიკალური ნაციონალური ხასიათის ჩამოყალიბებას.
[რედაქტირება] სახელწოდების წარმოშობა
სიტყვა "ჩეჩენი" წარმოდგება სპარსულიდან და ჩეჩნურად ნოხჩის სიშნავს. ის პირველად მოხსენიებულია მერვე საუკუნის არაბულ წყაროებში. რუსები ამ ეთნოსს სწორედ "ჩეჩნებს" უწოდებდნენ, რაც მომდინარეობს ჩეჩნურ სოფელ ჩეჩენ–აულთან 1732 წელს მომხდარი შეტაკებიდან, რომელშიც რუსები დამარცხდნენ. თუმცა, რუსულ წყაროებში ის მანამდე, 1692 წლიდანაც გვხვდება, რაც სავარაუდოდ განპირობებულია იმით, რომ ყაბარდოელები ჩეჩნებს "შაშნებს" ეძახდნენ, რაც რუსებმა თავისებური ინტერპრეტაციით გადაიღეს.
[რედაქტირება] გეოგრაფია
ჩეჩნები ჩეჩნეთის ძირითად მოსახლეობას შეადგენენ. ასევე ცხოვრობენ ინგუშეთში, დაღესტანსა და მოსკოვში.
ჩეჩნური დიასპორებია საქართველოში, ყაზახეთში, თურქეთსა და არაბულ სამყაროში (განსაკუთრებით დიდია მათი რაოდენობა იორდანიასა და სირიაში). ამ ადამიანების ნაწილმა რუსეთ-ჩეჩნეთის ომის დროს დატოვა სამშობლო და ამჟამად ლტოლვილის სტატუსით ცხოვრობს სხვა ქვეყანაში, ნაწილმა უფრო ადრე, 1850 წელს რუსეთის იმპერიის მიერ ჩეჩნეთის ანექსიის პერიოდში, დანარჩენებს კი 1944 წელს სტალინის ბრძანებით იძულებით დაატოვებინეს სამშობლო და გადაასახლეს ყაზახეთში. 2002 წლიდან ათი ათასობით ჩეჩენი ლტოლვილის სტატუსით ცხოვრობს ევროპის ქვეყნებში.

