ქისტები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქისტები (1880-იანი წწ.)

ქისტები — კავკასიის ძირძველი ხალხი, განეკუთვნებიან ვაინახურ ტომებს. ძირითადად ცხოვრობენ საქართველოში, პანკისის ხეობაში. „ვეი ნახ“ ითარგმნება როგორც „ჩვენ ხალხი“. ასეთი სახელით მოიხსენიებდნენ ჩეჩენი, ინგუში და ქისტი ხალხი საკუთარ თავს სხვა მთიელი კავკასიელებისგან განსასხვავებლად. სასაუბრო ენა ქისტებისათვის ჩაჩნურ-ინგუშური ენების ქისტური დიალექტია. მჭიდრო ურთიერთობა ქართველურ და ვაინახურ ტომებს შორის ჯერ კიდევ ანტიკური პერიოდიდან იწყება. უძველეს ქართულ წყაროებში ვეინახები ნახჩებად, ღლიღვებად, ძურძუკებად და დურძუკებად მოიხსენიებიან. საუკუნეების მანძილზე ვეინახური ტომები ქართველი მეფეების მხარდამხარ იბრძოდნენ. განსაკუთრებული სიყვარული ქისტებს თამარ მეფისადმი ჰქონდათ. თამარის სახელს არქმევდნენ ხიდებსა და სხვა ნაგებობებს, ქალიშვილებს. ერთ ლამაზ ყვავილსაც თამარს უწოდებენ.

საქართველოში ვაინახების ჩამოსახლება პერიოდულად ხდებოდა, რაც საბოლოოდ მათი ასიმილაციით სრულდებოდა. ბოლო მასობრივი ჩამოსახლება საქართველოს ტერიტორიაზე XIX საუკუნის ოციან წლებში მოხდა, როდესაც რუსეთის მიერ შევიწროებულნი პანკისის ხეობაში დასახლდნენ. ვეინახების საკმაოდ დიდი ნაწილი საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანი იყო, თუმცა მეზობელი საქართველოს დასუსტებისა და მაჰმადიანური ქვეყნების გაძლიერებასთან ერთად ქრისტიანობას ისლამი ჩაენაცვლა.

საქართველოში, მდინარე ალაზნის ვიწრო ხეობაში ერთმანეთთან ახლოს განლაგებულია ხეობის ზემოთ დასახლებულ ქისტების სოფლები. ისინი გადმოვიდნენ კავკასიონის ქედის ჩრდილო კალთებიდან და შეადგენენ ჩეჩნების განაყოფს. მათ უკავიათ მდ. ალაზნის გასწვრივ სამი დიდი სოფელი: დუისი, ჯოყოლო და ომალო, 60-დან 120 კომლამდე თითოეულში და სამი ახალშენი: ხოროჯა, ჩხატანა და ქართაბუდე, 6-დან 12 კომლამდე თითოეულში. ამ ეროვნების დანარჩენი ნაწილი ცხოვრობს ყოფილი თიანეთის მაზრის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში მთიელთა რესპუბლიკის საზღვართან. 2002 წლის მოსახლეობის აღწერით საქართველოში ცხოვრობდა 7,110 ქისტი.

ლიტერატურა[რედაქტირება]