შემოქმედის ეკლესია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შემოქმედის ეკლესია
Shemqmedi.jpg

შემოქმედის ეკლესია მდებარეობა საქართველო

Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°54′27″ ჩ. გ. 42°03′47″ ა. გ. / 41.90750° ჩ. გ. 42.06306° ა. გ. / 41.90750; 42.06306
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია გურიის მხარე
რაიონი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა შემოქმედი
სასულიერო სტატუსი მონასტერი
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი ბაზილიკა, გუმბათოვანი ეკლესია
თარიღდება XII საუკუნე
XVI საუკუნე

შემოქმედის სამონასტრო კომპლექსი — შუა საუკუნეების სამონასტრო კომპლექსი გურიის მხარეში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ შემოქმედში, შემოქმედის ეპარქიის ცენტრი. მდებარეობს მდინარე ბჟუჟის მარცხენა ნაპირზე , ოზურგეთიდან სამხრეთ-დასავლეთით 7-8 კმ-ის დაშორებით.

ისტორია[რედაქტირება]

ვიკიციტატა
„...მთის ძირში არს შემოქმედი, ეკლესია დიდ შენი, გუნბათიანი, შემკული ყოვლითა. იყო ესე საარქიმანდრიტო აწ არს საეპისკოპოზო, ზის ეფისკოპოზი, მწყემსი მას ქვეითის გურიისა“

შემოქმედის ეკლესია აიგო, როგორც გურიის მთვრების, გურიელების სამარხ-საცავი. ის XII საუკუნეს განეკუთვნება. XVI საუკუნეში სამცხე-საათაბაგოს თურქთა მიერ დაპყრობის შემდეგ ვახტანგ I გურიელმა საგანგებოდ ააგო გუმბათოვანი ეკლესია „ზარზმა“,, რათა შიგ დაებრძანებინა ზარზმის მონასტრიდან XVI საუკუნეში გადმოსვენებული ფერიცვალების ხატი და სხვა ძვირფასი ნივთები.

მეჩვიდმეტე საუკუნის მიწურულში შემოქმედში მოღვაწეობდა ეპისკოპოსი იაკობ დუმბაძე, რომელმაც 1687 წელს იმოგზაურა ევროპაში და შეხვდა რომის პაპ ინოკენტი XI-ს.

მონასტრის მთავარი ტაძარი აგებული იყო მთის მწვერვალზე, ხოლო კალტებზე აგებული იყო ბერების სენაკები.ამ სენაკების ქვემოთ ცნობილ მგალობელ გიორგი დუმბაძეს ჰქონდა აშენებული საკუთარი და მისი თანამოსაგრეების სენაკები. მეორე მხარეს იყო დედათა სენაკები[1]1820 წელს იმერეთის აჯანყების ჩახშობისას გენერალმა ველიამინოვმა ააფეთქა შემოქმედის ციხე და მის კედლებში მოქცეული სამონასტრო ნაგებობანი.

1894-95 წლებში შემოქმედში მოგზაუროდბენ ოლივერ და მარჯორი უორდროპები. მარჯორი უორდროპი ისე მოიხიბლა მონასტრის სილამაზით, რომ ანდერძი დატოვა, მონასტრის გალავანში დამმარხეთო.[2]

არქიტექტურა[რედაქტირება]

შემოქმედის მონასტერი შედგება სამი ძეგლისგან. მათგან ორი ერთმანეთზე მიდგმული ტაძარია: XII საუკუნის ღვთაების ტაძარი (ბაზილიკა) და XVI საუკუნის გუმბათოვანი ეკლესია „ზარზმა“. მესამე ძეგლია XVI საუკუნის სამრეკლო, რომელიც 1831 წელსაა აღდგენილი. სამრეკლო აშენებულია ერკეთელი აზნაური არსენ მგალობლიშვილის მიერ.

შემოქმედის მაცხოვრის ეკლესია შიგნით და გარეთ ნაგებია თლილი ქვით, აქვს მარმალილოს იატაკი. ეკლესია სამნავიან უგუმბათო ნაგებობას წარმოადგენს. ვახტანგ ბერიძის მოსაზრებით ეკლესია თავდაპირველად ერთნავიანი უნდა ყოფილიყო. მოგვიანებით, მას სიგრძივი კედლები მოარღვიეს და ჩრდილოეთისა და სამხრეთის ნავები მიუშენეს. ამდენად შუა ნავიდან მხოლოდ ერთი-ორი ფრანგმეტიღა გადარჩა. ნავების მიშენების შემდგომ ეკლესია ახალი პერანგით შემოსეს და ჭადრაკულად განლაგებული სხვადასხვა ფერის ქვებით მოაპირკეთეს. ტაძრის დასავლეთი ფასადი შემკულია ფანჯრის ირგვლივ შემოვლებული ჩუქურთმით. ტაძარზე ორი წარწერაა. იატაკი მეტწილად თეთრი მარმარილოსია. ტაძარი შიგნიდან ერთიადნად დაფარულია ფრესკებით.

ფერისცვალების სახელობის ეკლესია „ზარზმა“ მაცხოვრისაზე მცირეა. არსად არ აქვს ჩუქურთმა. აღმოსავლეთის ფასადი მთავრდება ხუთწახნაგოვანი ნახევარწრით. რვა ფანჯრის თავზე დგას რვაკუთხოვანი გუმბათი. მოპირკეთებულია მოცისფრო პორფირის ცისფერი ქვით, რომელიც მონასტრის ახლოსვე არის მოჭრილი.

მემკვიდრეობა[რედაქტირება]

შემოქმედის მონასტერი უმდიდრეს მონასტრად ითვლებოდა და გააჩნდა მდიდარი წიგნთსაცავი . აქ დაცული იყო ორი შესანიშნავი ხელნაწერი: გულანი ანუ ლოცვანი და „ფუტკარი“ ანუ ბერძნული ეკლესიის ზოგი წმიდანის ცხოვრების კრებული, მასში ასევე მოთხრობილია ქართული და სომხური ეკლესიების განხეთქილების ამბავი, VI და VII საუკუნეების ქალკედონიის კრების შემდეგ. გულანი 1004 ფურცელს შეიცავს, ამბების ჩაწერა დაწყებულია 1512 წელს და დასრულებულია 1749 წელს. უკანასკნელი ჩანაწერი გაკეთებულია იაკობ შემოქმედელის მიერ. შემოქმედის მონასტერი მდიდარ მამულებს ფლობდა.

შემოქმედში მრავალი ძვირფასი ხატი და საეკლესიო ინვენტარი იყო დაცული. მათი უმრავლესობა ადგილზე იყო მოჭედილი, ნაწილი კი საქართველოს სხვა კუთხეებიდან (ძირითადად სამცხე-საათაბაგოდან) გადატანილი. 1861 წელს მონასტერი გაზარცვეს და ძვირფასეულობა გაიტანეს, თუმცა გამტაცებლები შეიპყრეს და გატანილი ნივთების ნაწილი მონასტერში დააბრუნეს. 1873 წელს დიმიტრი ბაქრაძემ აღწერა წმინდა დიმიტრის ჭედური ხატი XVI საუკუნისა, ღვთისმშობლის ვერცხლის ხატი მთავარანგელოზებთან ერთად, წმინდა გიორგის რამდენიმე ხატი, ვერცხლის ჭედური ჯვარი, ფარსმან ერისთავის შეწირული; ვერცხლის ჯვარი, ლიპარიტ გიორგობიანის შეწირული. 1889 წელს ეს ხატები ადგილზე აღარ დახვდა ნიკოდიმე კონდაკოვს.[3]ისინი მონასტრიდან გაიტანა თბილისელმა ფოტოგრაფმა სტეფანე საბინ-გუსმა 1881 წელს, რომელმაც საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორისგან მიიღო ნებართვა, შემოქმედისა და ჯუმათის მონასტრებიდან რესტავრაციის მიზნით გაეტანა სიძველეები.

შემოქმედის ტაძარში შენახული იყო მაცხოვრის გამოსახულება, რომელზეც წარწერაში მოხსენიებული იყო გიორგი გურიელი, დედოფალი ელენე და მათი შვილი მამია. გიორგი გურიელი აგრეთვე მოხსენიებულია ლიხაურის წარწერაში (1442 წ.). ვახტანგ I გურიელის მეუღლე თამარ ათაბაგმა ეკლესიას შესწირა ღვთისმშობლის ხატი. ვახტანგი და მისი მეუღლე იხსენიებიან ზარზმის ტაძრის წარწერაში (1572 წ.). ასევე საინტერესოა ვერცხლის ხატი, რომლის მინაწერში მოხსენიებულნი არიან მამია II გურიელი და მისი მეუღლე თინათინი, ასევე ოქრომჭედელი ივანე წიქარიძე. წარწერა 1601 წლისაა.

ეკლესიის კედელზე 1961 წელს აღმოჩნდა წარწერა „გრიგოლ გალატოზთუხუცესსა ბანდასძესა და ...“. პალეოგრაფიული ნიშნებით წარწერა XI-XV საუკუნეებით თარიღდება. ბანდასძეთა გვარი გურიის ისტორიულ წყაროებში არ ფიქსირდება. ბანდაიძეები XIII-XV საუკუნეებში ქსნის ხეობაში მოღვაწეობდნენ. მწიგნობარი, მხატვარი და ხუროთმოძღვარი გრიგოლ ბანდასძე XV საუკუნეში მოღვაწეობდა, თუმცა არის თუ არა ეს შემოქმედის წარწერაში მოხსენიებული პიროვნება, დაუდგენელია. ბანდაისძის მიერ შემოქმედის ეკლესიის აგება დაკავშირებული უნდა იყოს იმერეთის სამეფოდან გურიის სამთავროს გამოყოფასა და შემოქმედის საეპიკოპოსო კათედრის დაარსებასთან, რაც XV საუკუნის მეორე ნახევარში მოხდა.[4]

შემოქმედის მონასტერი იყო შემოქმედელი ეპისკოპოსებისა და გურიელების საგვარეულო საძვალე. ტაძარშია დაკრძალული მამია III გურიელი, მამია V გურიელი და დედამისი მარინე. შემოქმედელი ეპისკოპოსების საფლავები ეკლესიის ეზოშია.

1861 წელს ტაძარი გაძარცვეს. დაიკარგა ძვირფასი ნივთები, მათ შორის ღვთისმშობლის გამოსახულება, რომელზეც წარწერაში მოხსენიებული იყო კახაბერ I გურიელი

გადმოცემის მიხედვით მონასტერში დაკრძალულნი არიან მგალობლები ანტონ დუმბაძე და მისი შვილი დავითი[5], მაგრამ საფლავები დაკარგულია.

გალერეა[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • დიმიტრი ბაქრაძე, „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“ — ბათუმი, „საბჭოთა აჭარა“, 1987
  • მეტი ყურადღება გურიის მატერიალური კულტურის ძეგლებს, ძეგლის მეგობარი, №. 10-11, გვ. 62, თბ., 1967 წელი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. კ. ცინცაძე, „ქვაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესია ტფილისში“ გვ. 121 — 1994 წ.
  2. გურამ შარაძე, „მეცნიერებისა და სათნოების საუნჯე“ გვ. 423 — თბილისი, 1984 წ.
  3. Н. Кондаков. Опись памятников древности в некоторых храмах и монастырях Грузии. ст. 133 — СПБ, 1890
  4. ქველი ჩხატარაიშვილი, „ახლადაღმოჩენილი წარწერა“ // „ლენინის დროშა“, N116, გვ. 3 — 1961 წ.
  5. ლ. გეგეჭკორი, „ქართული ხალხური სიმღერის ოსტატები“, გვ. 66 — თბილისი, 1954 წ.
PrincipalityGuria.GIF გურიის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები გურიის შესახებ.