სანიგები, სანიხები, სანიკები — ძველი დასავლურ-ქართული ტომი. პირველად იხსენიებენ I-II საუკუნეების ავტორები — პლინიუსი, არიანე, მემნონი. მკვლევართა ერთი ნაწილის აზრით სანიგები იგივე ზანები (მეგრელ-ჭანები) იყვნენ, სხვების აზრით — სვანები. არსებობს ასევე მოსაზრება, რომ სანიგები ჯიქები (საძები) იყვნენ. პლინიუსისა და არიანეს ცნობით სანიგები სებასტოპოლისის (ახლანდელი სოხუმი) მიდამოებში ცხოვრობდნენ. სტეფანე ბიზანტიელის ცნობით სანიგები სკვითები არიან, რომლებიც აბაზგების მახლობლად ცხოვრობენ.[1] სანიგებს იხსენიებს „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის“ ავტორიც, მაგრამ მასთან „სანიგ“ ეთნიკური სახელი მოქმედი არ უნდა იყოს და არ უნდა ასახავდეს მის დროს არსებულ ვითარებას.