მაკრონები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მაკრონები — წინარე ქართული ტომი. ბინადრობდა სამხრეთ კოლხეთში. ანტიკური ხანის ავტორების ცნობით, ცხოვრობდნენ ტრაპეზუნტის რაიონში და მის ამოსავლეთით. მაგალითად, ქსენოფონტი მათ შეხვედრია ტრაპეზუნტის სამხრეთ-აღმოსავლეთით ორი დღის სავალზე. ამ რაიონშივე მაკრონების ყოფნას ადატურებენ აპოლონიოს როდოსელი, სტრაბონი, პლინიუსი, V საუკუნის ანონიმი მწერალი და სხვები. ზოგიერთი მათგანი (მაგალითად, სტრაბონი) თვლის, რომ მაკრონებს ძველი ავტორები ეძახდნენ აქ მცხოვრებ სანებს (ე. ი. ჭანებს). სახელწოდება „მაკრონში“ თანამედროვე მკვლევრები ხედავენ დასავლეთ-ქართველთა ტომების აღმნიშვნელ თანამედროვე ტერმინში (მეგრელ//მარგალ) შემავალ არგ (არკ) (<აგრ//აკრ) ძირს, რომელიც გაფორმებულია ჭანურისათვის დამახასიათებელი ონ სუფიქსით.

მაკრონები სხვა ქართველ ტომებთან ერთად ძვ. წ. V საუკუნეში შედიოდნენ სპარსეთის იბერიის XIX სატრაპიაში. მონაწილეობა მიუღიათ სპარსეთის მეფის ქსერქსეს ლაშქრობაში საბერძნეთზე. ამ ომში ისინი შეიარაღებული ყოფილან ისევე, როგორც მოსხები, ტიბარენები და მოსინიკები.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. I, თბ., 1970;
  • მელიქიშვილი გ., ქსე, ტ. 6, გვ. 376-377, თბ., 1983