წანარები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წანარები — ერთ-ერთი ქართული ტომი. უძველესი დროიდან ბინადრობდნენ დარიალის ხეობის (ისტორიული წანარეთის ხევის) ტერიტორიაზე. ტომის სახელის მიხედვით ქვეყანას წანარეთი ეწოდა. წანარები განსაკუთრებით დაწინაურდნენ VIII-IX საუკუნეებში. აქტიურად მონაწილეობდნენ VIII-XI საუკუნეების კახეთის სამთავროს წარმოქმნაში, მის სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. კახეთის სამთავროს წარმოქმნის შემდეგ წანარები ისტორიის სარბიელიდან ქრებიან. ისინი კახეთის მთისწინეთსა და ბარში სახლდებიან. მათი უშუალო მემკვიდრეები არიან მოხევეები. ეს ჩანს იქედანაც, რომ ოსები მოხევეებს „შანას“ უწოდებენ. დროთა განმავლობაში „წანარეთის ხევიდან“ დაიკარგა „წანარეთის“ და დარჩა „ხევი“. ისტორიოგრაფიაში მიჩნეულია, რომ წანარები სვანებთან ახლოს მდგომი ერთობა იყო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პაპუაშვილი თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 290.
  • პაპუაშვილი თ., რანთა და კახთა სამეფო (VIII-XI სს.), თბ., 1982
  • თოფჩიშვილი რ. „საქართველოს ეთნოგრაფია/ეთნოლოგია“ გვ. 58 — თბილისი, „უნივერსალი“ 2010 ISBN 578-9941-12-882-0