მეგრელები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მეგრელები, XIX ს.

მეგრელებიქართველთა ერთ-ერთი მსხვილი ეთნოგრაფიული ჯგუფი. წარსულში მათ ეკავათ ისტორიული კოლხეთის ცენტრალური რაიონები და მთისწინეთი, ამჟამად - რიონის, ხობის და ენგურის სანაპიროები, კომპაქტურ ჯგუფებად ცხოვრობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რიგ რაიონებში (გალი, ოჩამჩირე, სოხუმი). წარსულში ქართებთან, სვანებთან და სხვებთან ერთად მეგრულმა ტომებმა შეადგინეს თანამედროვე ქართველი ხალხის ფორმირების საფუძველი. მეგრელების დიდი ნაწილი ორენოვანია, ისინი საუბრობენ ქართულ ენაზე, ხოლო ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში - აგრეთვე მეგრულ ენაზე, რომელიც ქართველურ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება. მეგრელებს დღემდე აქვთ შენარჩუნებული კულტურისა და ყოფის ლოკალური თავისებურებები. ამჟამად საქართველოში მცხოვრები დაახლოებით 3.600.000 ქართველიდან, დაახლოებით 800.000 ქართველი, მეგრული ეთნოგრაფიული ჯგუფის წარმომაგდენელია.


იაკობ გოგებაშვილი მეგრელებს ასე ახასიათებს:

ვიკიციტატა
„მეგრელები შეადგენენ ქართველთა შტოსა. სხვა ქართველებისაგან ბევრით არაფრით განსხვავდებიან. მეგრელი იმერელსა და გურულს ისე ძლიერ ემსგავსება, რომ ქართლელი და კახელი ამათ ერთმანეთში ძნელად გაარჩევს. მარტო ენით არიან ცოტათი განცალკევებულნი, მაგრამ ეს ენაც ღვიძლი ძმაა ქართულის ენისა, გარდა ამისა, თითქმის ყველა მეგრელმა კარგად იცის ქართული ლაპარაკი და ქართული ენა ძლიერ უყვართ. იმათ ეს საღმრთო ენად მიაჩნიათ, რადგანაც წირვა-ლოცვა მთელს სამეგრელოში იმ თავიდანვე ქართულს ენაზე სრულდებოდა და ახლაც სრულდება... შესანიშნავია, რომ ღრმა მცოდნენი ქართულის ენისა მეგრელებს შორის უფრო ბევრნი მოიპოვებიან, ვიდრე სხვა ქართველებში... მეგრელებს ყოველთვის უყვარდათ გულით ქართული ლიტერატურა და ბევრმა მეგრელმა გაამდიდრა იგი მშვენიერი თხზულებებით... გაბედულებითაც მეგრელები თითქმის ყველა ქართველს სჯობიან: კახეთში წასვლა, იქ სანახევროდ ბაღის შემუშავება, შავი ზღვის პირად დუქნის გაღება... და სხვა მრავალი ამგვარი საქმე მეგრელს ადვილად მიაჩნდა. ძნელად იქნება იმისთანა ნიჭიერი, სწავლის მოსურნე, გამბედავი და გამჭრიახი ხალხი, როგორიც მეგრელები არიან... თავი და თავი ზნეობითი სენი სამეგრელოსი არის ქურდობა შინაურის პირუტყვისა, მეტადრე ცხენისა...“

[საჭიროებს წყაროს მითითებას]


დონ კრისტოფორო დე კასტელი წერს:

ვიკიციტატა
„ღარიბი მეგრელები თხის ან ბატკნის ტყავში იმოსებიან. ...ქალები იცვამენ მოხდენილად, მხრებზე წამოსხმული აქვთ რომელიმე შალი. საჭმელად და სასმელად ხმარობენ ღომსა და ღვინოს. წლის მესამედ ნაწილს დროის ტარებას ანდომებენ, პატიჟებენ მეგობრებს, მეზობლებს და ნათესავებს. ქვაბში მოხარშული აქვთ ღომი... მიწაზე წვებიან ცეცხლთან... სხვა საკვების უქონლობის გამო მკვახე ხილს ეტანებიან. რადგან ღარიბები არიან... ვაჭრობენ გაცვლა-გამოცვლის წესზე, ქურდობენ... დიდ დაირაზე უკრავენ და ცეკვავენ, რომელსაც როკვას უწოდებენ... ნადირობენ...“

[1]

ენა[რედაქტირება]

სამეგრელოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მეგრულ ენაზე ლაპარაკობს; ქრისტეშობამდე პირველ ათასწლეულში ეს ენა გამოეყო იმ ენას, რომელიც შემდგომ თანამედროვე ქართულ ენად ჩამოყალიბდა.

1801 წლიდან მოყოლებული, სამი რუსი მეფის – პავლე I – ის, ნიკოლოზ I – ისა და ალექსანდრე II – ის – მმართველობის მანძილზე გაუქმდა ქართული სამეფოები და სამთავროები; აქტიურად ტარდებოდა ქართველი ერის რუსიფიკაციის პოლიტიკა. ასიმილაციის ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს ქართველთა ენობრივი თვითმყოფადობის დაშლა–დაქუცმაცება წარმოადგენდა. ამგვარად, XIX საუკუნის მეორე ნახევარში სამეგრელოს სკოლებსა და ეკლესიებში ქართული ენის მეგრულით ჩანაცვლება დაიწყეს; რუსებმა აგრეთვე დაიწყეს განსხვავებული დამწერლობისა და შრიფტის შექმნა მეგრული ენისათვის და გამორჩეული მნიშვნელობის კულტურული ძეგლების, როგორებიცაა ბიბლია და XII საუკუნის ქართული პოემა „ვეფხისტყაოსანი“, მეგრულად თარგმნა სცადეს, მაგრამ ამ მცდელობას წარმატება არ მოჰყოლია. ბოიკოტის ნიშნად მრავალი ადამიანი აღარ ესწრებოდა მეგრულ ენაზე შესრულებულ საეკლესიო მსახურებას და არც თავიანთ შვილებს უშვებდა საჯარო სკოლებში. ამ გეგმას პროტესტით შეხვდა არისტოკრატიაც. ამ ძლიერი წინააღმდეგობის შედეგად რუსებმა უკან დაიხიეს და თავიანთ გეგმაზე უარი განაცხადეს.

სამზარეულო[რედაქტირება]

Megreli.jpg

მეგრული ხაჭაპური

ტრადიციული მეგრული საკვები ცხარე და უხვი საკაზმით გამოირჩევა. ამის მიზეზი ის არის, რომ ძველად, რბილი, სუბტროპიკული ჰავიდან გამომდინარე, მალარია უდიდეს საფრთხეს წარმოადგენდა სამეგრელოსათვის და ამ რეგიონის მცხოვრებლებმა თავიდანვე აღმოაჩინეს, რომ დიდი რაოდენობით წიწაკის მოხმარება საშინელი დაავადების განვითარებას გარკვეულწილად აფერხებდა. საბოლოოდ, ცხარე სანელებლები მეგრული სამზარეულოს ტრადიციულ ატრიბუტად იქცა.

მეგრული სამზარეულო რამდენიმე ტიპის საკაზმს იყენებს, ძირითადად, საწებლების სახით. ტრადიციულ კერძებს მიეკუთვნება ღომი (მოხარშული სიმინდის ღერღილი), სულგუნი (ცხიმიანი ყველი) და შემწვარი ხორცი ცხარე საწებელთან (მაგალითად, აჯიკასთან) ერთად. ორი განსაკუთრებული კერძი - ელარჯი და საცივი დღესასწაულებისა და საპატიო სტუმრებისთვის კეთდება. ეს კერძები მთელ საქართველოში მეგრული სამზარეულოს მშვენებად ითვლება.

ღვინოები

საქართველოში 500–ზე მეტი ვაზის ჯიში ხარობს, ხოლო 60 მათგანი სამეგრელოში იზრდება. მათგან ყველაზე ცნობილია ოჯალეშის ჯიშის ყურძენი, რომლისგანაც საუკეთესო ღვინო მზადდება; ეს არის ნახევრად ტკბილი წითელი ღვინო, რომელსაც ველური ვარდის სუსტი სურნელი და ხასხასა წითელი ფერი ახასიათებს.

XIX საუკუნის მეორე ნახევარში ოჯალეში თითქმის მთლიანად გაქრა. იმ დრომდე ყურძენი ვენახში კი არ იზრდებოდა, როგორც ევროპაში, არამედ ხის ტოტებზე, ველური ლიანების სახით; მოგვიანებით, ამ ღვინოზე მოთხოვნის ზრდამ ოჯალეშის გადაშენება გამოიწვია (მეგრულად სიტყვა „ოჯალეში“ „ხეზე გაზრდილს“ ნიშნავს). მე-19 საუკუნის შუა პერიოდში, ფრანგმა აშილ მიურატმა, სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დის, სალომე დადიანის ქმარმა, დაიწყო ოჯალეშის კულტურის ევროპული წესით მოშენება, რაც მის მიერ ღვინის წარმოებისა და გასაღების გეგმის ნაწილს წარმოადგენდა. ამგვარად ოჯალეში მივიწყებას გადაურჩა და ეს ღვინო სამეგრელოს ცაგერისა და მარტვილის რაიონებში მზადდება. ამ ღვინის წარმოება საქართველოს სხვა კუთხეებშიც გავრცელდა.

მუსიკა[რედაქტირება]

ჩონგური.

მეგრული ხალხური მუსიკა მრავალხმიანია, ხოლო მისი სიტყვები მეგრულ ენაზე ჟღერს. სიმღერებს მელანქოლიური ტემპი და სევდა ახასიათებს; მეგრელებს მიაჩნიათ, რომ მათი მუსიკა გამუდმებული ომებით აკლებული და გაღატაკებული სამეგრელოს ტრაგიკულ ისტორიას ასახავს. მეგრული რომანტიკული სიმღერები ხშირად ჩონგურის (ხის ოთხსიმიანი საკრავის) აკომპანიმენტით სრულდება.

ყველაზე ცნობილი მეგრული ხალხური სიმღერაა იავნანა ანუ „მეგრული ნანა“. ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობს, რომ იდუმალი სიტყვები „ნანა ნანინა“, რომლებიც სიმღერის ტექსტს რეფრენად გასდევს, წინაქრისტიანული ხანის ზაფხულის ქალღმერთის სახელს წარმოადგენს. „მეგრული ნანას“ ერთ–ერთი ჰანგი რუსმა კომპოზიტორმა, პეტრე ჩაიკოვსკიმ თავის ცნობილ საშობაო ბალეტში - „მაკნატუნა“ - გამოიყენა. კიდევ ერთი ცნობილი მეგრული სიმღერა -„დადიანის მოძახილი“ დადიანების საგვარეულოს ეძღვნება.

ფოტოგალერეა[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ჯომიდავა, ნიკოლოზ:3000 მეგრული გვარსახელი / [რედ.: ნაპოლეონ ლემონჯავა, ბადრი ცხადაძე] ; აფხაზ. რეგიონ. მეცნ. აკადემია - თბ., 2000.
  • ჯოლოხავა, თამაზ:მეგრული ადათ-წესები, დღესასწაულები, სალოცავები : (ეთნოგრაფია ეკონ. ჭრილში) - თბ. : მეცნიერება, 2004.
  • ლობჟანიძე, რაჟდენ:მეგრული სამზარეულო / [რედ.: ტარიელ ქუთელია] - თბ. : რაეო, 2004.
  • თენგიზ ვერულავა – “სამეგრელოს ეტიმოლოგია”

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. დონ კრისტოფორო დე კასტელი, ცნობები და ალბომი საქართველოს შესახებ. გვ.132, თბილისი, 1977.