პორტალი:პინკ ფლოიდი/შესავალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პინკ ფლოიდი (ინგლ. Pink Floyd) — ინგლისური როკ-ჯგუფი, რომელმაც მსოფლიო წარმატებას მიაღწია ფსიქოდელიურ და პროგრესულ მუსიკაში. მათი ნამუშევრები გამორჩეულია ფილოსოფიური ლირიკით, ბგერითი ექსპერიმენტებით, ალბომების ინოვაციური ყდებითა და საკონცერტო გამოსვლების თანმხლები ფერადი შოუებით, სადაც თვითონ შემსრულებლები, ძირითადად, მეორეხარისხოვანნი იყვნენ. პინკ ფლოიდი მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული როკ-ჯგუფია. მათ მთელ მსოფლიოში გაყიდული აქვთ 200 მილიონზე მეტი ალბომი, აქედან 74.5 მილიონი მხოლოდ აშშ-ში. 1996 წელს ჯგუფი შეყვანილი იქნა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში და მსოფლიოში კვლავ დიდი წარმატებით სარგებლობს.

თავდაპირველად ჯგუფში შედიოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები: როჯერ უოტერსი, ნიკ მეისონი, რიჩარდ რაიტი და სიდ ბარეტი. დაარსდა 1965 წელს, ხოლო გვიან 1960-იანებში პოპულარული გახდა ლონდონის ანდერგრაუნდში გამოსვლებით. ბარეტის ლიდერობით, მათ გამოუშვეს პირველი ორი სინგლი – „Arnold Layne“, „See Emily Play“ და წარმატებული სადებიუტო ალბომი The Piper at the Gates of Dawn (1967). გიტარისტი და ვოკალისტი დევიდ გილმორი პინკ ფლოიდს სიდ ბარეტის წასვლამდე რამდენიმე თვით ადრე შეუერთდა. ბარეტის წასვლის მიზეზი მისი გაუარესებული გონებრივი მდგომარეობა იყო. სიმღერების მთავარი ავტორის წასვლის შემდეგ, ძირითადი და კონცეფციების ავტორი როჯერ უოტერსი გახდა, ხოლო გიტარისტი და მეორე ვოკალისტი - დევიდ გილმორი. ამ შემადგენლობით პინკ ფლოიდმა მსოფლიო წარმატებას მიაღწია, ძირითადად ალბომებით The Dark Side of the Moon, Wish You Were Here, Animals და როკ-ოპერის მსგავსი The Wall-ით.

ვრცლად...