აბოლიციონიზმი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აბოლიციონიზმი — შავკანიანების მონობის წინააღმდეგ მიმართული მოძრაობა XVIII-XIX საუკუნეების აშშ-ში. ის ჩაისახა XVIII საუკუნის 70-იან წლებში. მის განვითარებას ძლიერი ბიძგი მისცა შავკანიანი მონების აჯანყებებმა (1800 წლის გაბრიელის აჯანყებამ და 1832 წლის ნატ ნერის აჯანყება). მოძრაობას ფართო ეროვნული ხასიათი მიეცა 1833 წლის შემდეგ, როდესაც ამერიკაში დაარსდა მონობის წინააღმდეგ მებრძოლი საზოგადოება. აბოლიციონიზმი აერთიანებდა მოწინავე ინტელიგენციას, ფერმერთა და მუშათა ფართო წრეებს, თავისუფლებისთვის მებრძოლ შავკანიანთა ორგანიზაციებს და ბურჟუაზიის იმ ნაწილს, რომელიც მიიჩნევდა, რომ მონობა აფერხებდა კაპიტალიზმის განვითარებას. აბოლიციონიზმის მემარჯვენე ფრთის წარმომადგენლები უილიამ ლოიდ გარისონის მთაურობით ბრძოლის მხოლოდ მორალურ საშუალებებს ცნობდნენ, ხოლო მემარცხენე, რევოლუციურ-დემოკრატიული ფრთის წარმომადგენლებს ფრედერიკ დუგლასის მეთაურობით აუცილებლად მიაჩნდათ შეიარაღებული ბრძოლა. აბოლიციონიზმის განვითარებაზე დიდი გავლენა იქონია აჯანყებამ ჯონ ბრაუნის ხელმძღვანელობით (1859). სამოქალაქო ომის პერიოდში აბოლიციონისტები გამოვიდნენ მონათმფლობელობის წინააღმდეგ ბრძოლის რევოლუციური მეთოდების მომხრეებად და „ამერიკელ იაკობინელთა“ სახელი დაიმსახურეს. სამოქალაქო ომმაც ვერ გაათავისუფლა შავკანიანები. აბოლიციონისტებს ბრძოლა ომის შემდეგაც არ შეუწყვეტიათ. ომის შემდეგ მათ შავკანიანთა თანასწორუფლებიანობის მიღწევა დაისახეს მიზნად. აბოლიციონიზმა დიდი გავლენა მოახდინა აბრაამ ლინკოლნის პოლიტიკაზე. აშშ-ის პროგრესიული ძალები დღესაც იყენებენ აბოლიციონიზმის რევოლუციურ-დემოკრატიულ ტრადიციებს რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ლიტერატურა[რედაქტირება]