კაჰალ ბრუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კაჰალ ბრუ
დაბადების თარიღი 18 ივლისი, 1874(1874-07-18)[1] [2]
დაბადების ადგილი დუბლინი
გარდაცვალების თარიღი 7 ივლისი, 1922(1922-07-07)[2] (47 წლის)
გარდაცვალების ადგილი დუბლინი
მოქალაქეობა ირლანდიის რესპუბლიკა (1919-1922)
 დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
განათლება Belvedere College
მეუღლე/ები Caitlín Brugha
შვილ(ებ)ი Ruairí Brugha

კაჰალ ბრუ (ინგლ. Cathal Brugha, ირლ. Cathal Brugha, დაბადებით — ჩარლზ უილიამ სენტ ჯონ ბურჯესი, ინგლ. Charles William St. John Burgess, დ. 18 ივლისი, 1864, დუბლინი, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო — გ. 7 ივლისი, 1922) — ირლანდიელი რევოლუციონერი და პოლიტიკური მოღვაწე, ცნობილია აღდგომის აჯანყებით, ირლანდიის დამოუკიდებლობის ომით და ირლანდიის სამოქალაქო ომით; ირლანდიის პარლამენტის პირველი სპიკერი (1919).

ახალგაზრდობის წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა დუბლინში კათოლიკე ქალისა და პროტესტანტი ანტიკვარული ავეჯის მწარმოებლი მამის ოჯახში, რომელსაც მემკვიდრეობა ჩამოართვეს სხვა რელიგიის წარმომადგენელთან ქორწინების გამო. კაჰალი თოთხმეტი შვილიდან მეათე იყო, ის სწავლობდა იეზუიტ ბელვედერის კოლეჯში, მაგრამ სწავლა ვერ დაამთავრა, რადგან მამის ბიზნესი გაკოტრდა. ორ ძმასთან ერთად მან გახსნა საეკლესიო სანთლების მწარმოებელი კომპანია და საკუთარ თავზე აიღო „მოგზაური“ გამყიდვლის როლი. 1899 წელს იგი შეუერთდა გელურ ლიგას, შეიცვალა სახელი და გახდა კაჰალ ბრუ. იქ შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს, კეიტლინ კინგსტონს (მომავალი Sinn Féin-ის პოლიტიკოსი), რომელზეც დაქორწინდა 1912 წელს. მათ ხუთი გოგო და ერთი ბიჭი ჰყავდათ. იგი აქტიურად მონაწილეობდა „ირლანდიის რესპუბლიკურ საძმოში“(IRB) და 1913 წელს მიიღო ირლანდიელი მოხალისის ლეიტენანტის წოდება. 1914 წელს მისი ხელმძღვანელობით 20-მა ადამიანმა უკანონოდ შემოიტანა დიდი რაოდენობით იარაღი ირლანდიაში. ის იყო სამხრეთ დუბლინის კავშირის მეორე მეთაური ეამონ კენტის შემდეგ აღდგომის აჯანყებისას. ბრძოლების დროს მძიმედ დაიჭრა და მკურნალობის მიუხედავად დაკოჭლდა.

ბრძოლა თავისუფლებისთვის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრუმ მოახდინა მოხალისეთა და მოქალაქეთა არმიის რეორგანიზაცია ირლანდიის რესპუბლიკურ არმიად (IRA) და მსახურობდა პირველი შტაბის უფროსად 1917 წლიდან 1919 წლის მარტამდე.მან შესთავაზა რესპუბლიკური კონსტიტუციის პროექტი, რომელიც „Sinn Féin“-მა ერთხმად მიიღო. 1918 წელს იგი აირჩიეს დეპუტატად ბრიტანეთის პარლამენტში უოტერფორდის საგრაფოდან. 1919 წლის იანვარში არჩეულმა „Sinn Féin“ დეპუტატებმა, რომლებიც შეიკრიბნენ დუბლინის მერიაში, გააჟღერეს ინფორმაცია ირლანდიის პარლამენტის შექმნის შესახებ. დე ვალერას და გრიფიტის არყოფნის გამო, 21 იანვარს პარლამენტის პირველი სხდომის თავმჯდომარე გახდა კაჰალ ბრუ. იმავე დღეს მან წაიკითხა დამოუკიდებლობის დეკლარაცია ირლანდიურ ენაზე, რომელმაც რატიფიცირება მოახდინა "ირლანდიის რესპუბლიკის დაარსებაზე". 1919 წლის აპრილში ბრუ ამ თანამდებობაზე შეცვალა ეამონ დე ვალერამ. ცნობილი იყო, რომ მას დიდი უთანხმოება ჰქონდა მაიკლ კოლინზთან, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ დაბალ საფეხურზე იყო IRA-ს იერარქიაში, ის მაინც IRB-ის ერთ-ერთი ლიდერად ითვლებოდა. ბრუმ IRB ახალი მთავრობისთვის საფრთხედ მიიჩნია და ამიტომ პარლამენტში მოხალისეთა ფიცის შესახებ კანონი მიიღო. ის ასევე მხარს უჭერდა სრულფასოვანი ფრონტის გახსნას, ასევე ბრძოლების ინგლისში გადატანას, რასაც კოლინზის მეთაურობით ხელმძღვანელობის უმეტესი ნაწილი ეწინააღმდეგებოდა.

1919 წლის აპრილში დაინიშნა ირლანდიის რესპუბლიკის პირველ თავდაცვის მინისტრად.

სამოქალაქო ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1922 წლის 7 იანვარს მან ინგლის-ირლანდიის ხელშეკრულების წინააღმდეგ მისცა ხმა. დებატების დროს მან აღნიშნა, რომ გრიფიტმა კოლინზს უწოდა "კაცი, რომელმაც მოიგო ომი", რაც ამცირებდა IRA-ს მნიშვნელობას, სადაც კოლინზს უმნიშვნელო თანამდებობა ეკავა. მან დატოვა მინისტრთა კაბინეტი და ცდილობდა დაეყოლიებინა ხელშეკრულების სხვა მოწინააღმდეგეები, როგორებიც იყვნენ რორი ო'კონორი, ლიამ მელოუსი და ჯო მაკელვი, არ აეღოთ იარაღი თავისუფალი სახელმწიფოს წინააღმდეგ. როდესაც მათ დაიკავეს ოთხი სასამართლოს შენობა, მან და ოსკარ ტრეინორმა მოუწოდეს მათ დაეტოვებინათ პოზიციები.

სასამართლოებზე თავდასხმის შემდეგ, ტრეინორმა უბრძანა IRA-ს მებრძოლებს გამაგრებულიყვნენ ო'კონელის ქუჩაზე, ეროვნული არმიის ნაწილობრივ გადმობირებისა და მთავრობასთან მოლაპარაკებების დაწყების იმედით. 28 ივნისს ბრუ დაინიშნა ოკონელის რაზმის მეთაურად. ივლისის დასაწყისში ბრძოლებმა, ბოევიკების მიერ დაკავებულ შენობებში, ხანძრები გამოიწვია. ტრეინორიმ და მებრძოლების უმეტესობამ თავი დააღწია ხანძარს, ბრუ კი იქ დარჩა მცირე გვარდიით. 5 ივლისს მან ჯარისკაცებს უბრძანა დანებებოდნენ, მაგრამ თვითონ ეს არ გააკეთა. სამთავრობო ჯარებთან გამოსვლისას, რევოლვერით ხელში, მას ტყვია ბარძაყში მოხვდა. 7 ივლისს იგი სისხლისგან დაიცალა და გარდაიცვალა, 48 წლის ასაკში, დაბადების დღემდე 11 დღით ადრე. ამ დროისთვის ის უკვე იყო არჩეული ახალი მოწვევის, ჯერ კიდევ შეუკრებილ პარლამენტში ტახტ დალადან.

დაკრძალულია გლასნევინის სასაფლაოზე.

მისი ვაჟი, რიარი ბრუ, თავდაპირველად იზიარებდა მამის შეხედულებებს. ის დაქორწინდა კორკის რესპუბლიკელი მერის, ტერენს მაკსვინის ქალიშვილზე, რომელიც ციხეში შიმშილობის დროს გარდაიცვალა. რიარი შეუერთდა IRA-ს და ამისთვის ციხეში ჩასვეს. თუმცა, მოგვიანებით მან IRA-ს წევრებს "ილუზიების მსხვერპლები" უწოდა, შეუერთდა ფიანა ფაილს და აირჩეულ იქნა ირლანდიისა და ევროპის პარლამენტებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Máire MacSwiney Brugha, History’s Daughter: A Memoir from the Only Child of Terence MacSwiney, 2006. ISBN 9780862789862

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]