დრამა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „დრამა“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ დრამა (მრავალმნიშვნელოვანი).
ნიღბები დრამის სიმბოლოა.

დრამაეპოსსა და ლირიკასთან ერთად ლიტერატურის სამ მთავარ ჟანრთაგან ერთ-ერთი, გარდა ამისა, ცალკეულ პიესასაც შეიძლება დრამა ვუწოდოთ. თეატრში მთავარი არის დრამა, ანუ ტექსტი. მაშასადამე დრამა ლიტერატურული ფორმაა, რომელიც მოიცავს მსახიობთათვის დაწერილი სცენარის შესრულებას, როლის განსახიერებას.

ტერმინი ბერძნულიდან (δράμα [dráma]) ქართულად „ქმედებას“, „მოქმედებას“ აღნიშნავს.

დრამა შეიძლება განხორციელდეს რამდენიმე ფორმით: ცოცხალი შესრულებით თეატრში, ფილმში, ტელევიზიით.

დრამის განსაზღვრებისათვის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არისტოტელეს თანახმად დრამის მთავარი ნიშანი არის მოქმედების წარმოდგენა დიალოგების მეშვეობით. სწორედ ამ ნიშნით ის განსხვავდება ანტიკური ხანის თხრობითი ეპოსისაგან, ხოლო ახალ დროში კი რომანისგან.

თანამედროვე გაგებით დრამა იმისთვის იწერება, რომ მსახიობმა ითამაშოს თეატრში. ამ მიზეზის გამო ხშირად დრამატული ნაწარმოების ტექსტური ვერსია შეიცავს მითითებებს მსახიობთათვის, ხოლო XX საუკუნიდან რეჟისორთათვისაც.

წიგნის, ანუ ე.წ. წასაკითხი დრამა არის საგანგებო ფორმა, რომელიც უპირველეს ყოვლისა მკითხველზე და მკითხველისთვისაა გათვლილ-განკუთვნილი და არა სასცენოდ.

დრამა ხშირად დაყოფილია აქტებად, ხოლო აქტები კი სცენებად და სურათებად.

კლასიკური ფრანგული დრამა (რასინი, კორნელი) იყოფა 5 აქტად, იტალიური დრამა, რომელიც საოპერო ტრადიციებთანაა (მეტასტაზიო) დაკავშირებული 3 აქტს ანიჭებს უპირატესობას.

ისტორიიდან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევროპული დრამა წარმოიშვა ჩვენს წელთაღრიცხვამდე V საუკუნის ათენში. ესქილე, სოფოკლე, ევრიპიდე იყვნენ ტრაგედიის ყველაზე გამორჩეული ავტორები. არისტოტელემ მოგვიანებით თავის პოეტიკაში ტრაგედია გამოჰყო კომედიისაგან. მოგვიანებით ანტიკური დრამა რენესანსის ეპოქაში განვითარდა.

ძველად დრამებს ლექსებად წერდნენ, მაგრამ ახალ დროში დიალოგური ფორმით გამართულ პიესებში მძლავრობს თავისუფალი პროზა.

თავისთავად ცხადი არც ისაა, რომ დრამებში საუბრობენ: 1600 წლიდან ოპერა მოიაზრება კლასიკური ბერძნული დრამის ერთგვარი აღორძინება. (იხ. ფლორენციული კამერატა)

XVIII საუკუნიდან მოყოლებული მიმდინარეობს ცნებების (დრამა, ტრაგედია, კომედია, ბიურგერული დრამა, სახასიათო პიესა) მნიშვნელობათა ერთმანეთში აღრევა. XIX საუკუნიდან კი ტერმინ მელოდრამას, რომელსაც განსაკუთრებით გრძნობამომრევი, სენტიმენტალური და ინტრიგებით აღსავსე მოქმედებები ახასიათებს, ბევრი დრამის სინონიმადაც იყენებს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა დრამის შესახებ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]