ახალი ზელანდიის გეოგრაფია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ახალი ზელანდია, ხედი კოსმოსიდან

ახალი ზელანდია მდებარეობს წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში პოლინეზიის სამკუთხედის ცენტრალურ ნაწილში. ქვეყნის ტერიტორიის ძირითადი ნაწილი ორი კუნძულისგან შედგება, რომელთაც ჰქვიათ სამხრეთი კუნძული და ჩრდილოეთი კუნძული, ეს ორი კუნძული ერთმანეთისგან კუკის სრუტით არიან გამოყოფილი. ახალ ზელანდიას ეკუთვნის ასევე 700-მდე მცირე ფართობის მქონე კუნძულები, რომელთა უმეტესი ნაწილი დაუსახლებელია. მათ შორის ფართობის გამოირჩევიან: სტიუარტი, ოკლენდი, ბაუნტი, კემპბელი, ჩატემის არქიპელაგი და კერმადეკი.

ფიზიკური გეოგრაფია[რედაქტირება]

ქვეყნის საერთო ფართობი შეადგენს 268 680 კმ²-ს, სანაპირო ზოლის საერთო სიგრძე კი 15 134 კილომეტრია.

სამხრეთი კუნძული — ახალი ზელანდიის ყველაზე დიდი კუნძულია, მისი ფართობია 150 437 კმ²[1]. კუნძულზე ქვეყნის მოსახლეობის ¼ ნაწილი ცხოვრობს. კუნძულის ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია მთათა სისტემა, რომელსაც სამხრეთის ალპებს უწოდებენ, მთათა სისტემის ყველაზე მაღალი წერტილია მ. კუკა (იგივე აორაკი), მისი სიმაღლეა 3754 მ. ამის გარდა კუნძულზე არის კიდევ 18 მწვერვალი, რომელთა სიმაღლე 3000 მეტრზე მეტია. სამხრეთი ალპები ტასმანიის ზღვის სანაპიროზე ეშვება. კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში, ძირითადად დაბლობებია, მოსახლეობის უმეტესობა კი სოფლის მეურნეობითაა დაკავებული. დასავლეთი ნაწილი კი თითქმის დაუსახლებელია, ამ ნაწილში თითქმის ხელუხლებლადაა შემორჩენილია ფლორა და ფაუნა. დასავლეთ ნაწილში ძირითადად ეროვნული პარკები, ფიორდები და მყინვარებია. .კუნძულის ყველაზე დიდი ტბაა ტე-ანაუ, რომელიც სიდიდით მეორეა ახალ ზელანდიაში

ჩრდილოეთი კუნძული — ქვეყნის სიდიდით მეორე კუნძული, რომლის ფართობია 113 729 კმ²[2]. სამხრეთ კუნძულისგან განსხვავებით, იგი ნაკლებად მთიანია და საცხოვრებლად უფრო ხელსაყრელია, რის გამოც კუნძUლზე ქვეყნის ყველაზე დიდი ქალაქი მდებარეობს, აქ აგრეთვე მდებარეობს საზღვაო პორტები. კუნძულის ყველაზე მაღალი წერტილია აქტიური ვულკანი რუაპეჰუ (სიმაღლე 2797 მ). კუნძული გამოირჩევა მაღალი ვულკანური აქტიურობით, ქვეყნის ექვსი ვულკანური ზონიდან ხუთი ამ კუნძულზე მდებარეობს. კუნძულის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს ქვეყნის ყველაზე დიდი ტბა ტაუპო. ტბიდან გაედინება ქვეყნის ყველაზე გრძელი მდინარე უაიკატო , რომლის სიგრძე 425 კმ-ია.

ბუნება[რედაქტირება]

რელიეფი[რედაქტირება]

ახალი ზელანდიის რელიეფი ძირითადად ზეგნებისა და მთებისგან შედგება. ქვეყნის ტერიტორიის 75% მეტი ზღვის დონიდან 200 მ-ზე მაღლა მდებარეობს. ჩრდილოეთ კუნძულის მთები არც თუ ისე მაღალი, მათი სიმაღლე 1800 მეტრს არ აჭარბებს. სამხრეთ კუნძულის მთები კი საკმაოდ მაღალია, 19 მწვერვალის სიმაღლე 3000 მეტრზე მეტია. ჩრდილოეთ კუნძულის სანაპირო ზოლის გასწვრივ მრავალი ხეობა მდებარეობს, სამხრეთ კუნძულის სანაპირო ზოლზე კი ფიორდებია.

კლიმატი[რედაქტირება]

კუნძული უაიტი — ქვეყნის ერთ-ერთი აქტიური ვულკანი.

ახალი ზელანდიის კლიმატი ფორმირდება ჩრდილოეთ კუნძულიდან წამოსული სუბტროპიკული და სამხრეთ კუნძულიდან წამოსული ზომიერი სარტყლების შერწყმის შედეგად. მთიან რაიონებში გავრცელებულია ცივი ალპური კლიმატი. სამხრეთი ალპები ქვეყანას ორ კლიმატურ ზონად ყოფს, იგი ქვეყანაში დასავლეთის ქარების გავრცელებას ხელს უწყობს. სამხრეთ კუნძულის დასავლეთ სანაპირო ქვეყნის ყველაზე ნალექიანი მხარეა, ხოლო აღმოსავლეთ სანაპირო, რომელიც მისგან სულ რაღაც 100 კმ-ითაა დაშორებული ქვეყნის ყველაზე მშრალი რაიონია. ახალი ზელანდიის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე ნალექების საერთო წლიური რაოდენობა 600 მმ-დან 1600 მმ-მდე მერყეობს. ნალექების ეს რაოდენობა მშრალი სეზონის გარდა, თანაბრადაა გადანაწილებული წლის განმავლობაში.

ქვეყნის ტერიტორიაზე საშუალო წლიური ტემპერატურა სამხრეთით +10 °C, ხოლო ჩრდილოეთით დაახ. +16 °C. ყველაზე ცივი თვეა ივლისი, ხოლო ყველაზე თბილი თვეებია იანვარი და თებერვალი. ჩრდილოეთ ნაწილში ზაფხულისა და ზამთრის სეზონების საშ. ტემპერატურებს შორის სხვაობა მინიმალურია, სამხრეთში კი ამ ორ მაშვენებელს შორის სხვაობა დაახ. 14 °C-ია. ტემპერატურა მთიან რეგიონებშიც საკმაოდ განსხვავებულია, ტემპერატურა დაახ 0.7 °C იცვლება ყოველ 100 მეტრში.

ქვეყნის უდიდეს ქალაქ ოკლენდში საშ. წლიური ტემპერატურაა + 15,1 °C, ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირებულია +30,5 °C, ხოლო ყველაზე დაბალი −2,5 °C. დედაქალაქ ველინგტონში საშ. წლიური ტემპერატურა — +12,8 °C, მაქსიმალური ტემპერატურა დაფიქსირებულია +31,1 °C, მინიმალური −1,9 °C.[3]

სასაათო სარტყელი[რედაქტირება]

ახალი ზელანდია მდებარეობს ორ სასაათო სარტყელში. ერთ სასაათო ზოლში სამხრეთი კუნძული და მეორე სასაათო ზოლში კი ჩრდილოეთი კუნძული, ხოლო მიმდებარე პატარა კუნძულები იყენებენ ახალი ზელანდიის სტანდარტულ დროს (New Zealand Standard Time, NZST), რომელიც 12 საათით წინ არის მსოფლიოს კოორდინირებულ დროზე (UTC). ჩატემის არქიპელაგის კუნძულები იყენებენ ჩატემის სტანდარტულ დროს (Chatham Standard Time, CHAST), ეს დრო მსოფლიოს კოორდინირებულ დროზე 12 საათითა და 45 წუთით წინაა. ზაფხულის პერიოდში საათები ერთი საათით წინ გადადის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Quick Facts - Land and Environment : Geography - Physical Features. Statistics New Zealand (2000). წაკითხვის თარიღი: 13 August 2012.
  2. Quick Facts - Land and Environment : Geography - Physical Features. Statistics New Zealand (2000). წაკითხვის თარიღი: 13 August 2012.
  3. NIWA — Climate Summaries